აქ ვარ, უფალო…

დღესაც დამიღამდა… დამსახურებულად მივითვალე თითოეული წამი და წუთი, თითქოს მეკუთვნოდა, ან წვლილი მიმიძღვოდა სამყაროს არსებობაში ისე დავაბიჯებდი…

და აი, მოვედი შენს წინაშე, მოვედი და მდუმარედ ვდგავარ, დაღლილი ფიქრებით, გეგმებით, საზრუნავებით და არ ვიცი საიდან დავიწყო. დღეს აღარ მინდა ვილოცო წლების განმავლობაში დაზეპირებული ფრაზებით შენს სიკეთესა და წყალობაზე, არ მინდა ლამაზი სიტყვები გითხრა, სიტყვები სამყაროს ბოლომდე გამოყოლის შესახებ, შენდამი უკიდეგანო სიყვარულზე და სხვა მისთანანი.

უბრალოდ აქ ვარ უფალო, შენ წინ ვდგავარ, ვიცი ყოველივეს ხედავ და ვიცი, რომ აზრი არ აქვს ახლა ღვთისმმოსავი სახის მიღებას და ხელების აპყრობას, თავის მართლებას და გადაბრალებას…

ვიხსენებ, როდის დამავიწყდა, რომ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და იმდენი სხვა „ღმერთია” გარშემო, რომელიც დროს, მსახურებას და „თაყვანისცემას” ითხოვს, რომ შენთვის კვირა დღე შემოვინახე, ამბოხებული სინდისის გასაჩუმებლად.

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მოდიხარ ყოველ დღე და აკაკუნებ ჩემი გულის კარზე, მე კი იმდენად მოუცლელი ვარ და ხშირად იმ საქმეებით, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით შენს დიდებას ემსახურება, თუმცა ახლა, შენი თანდასწრებისას ვხვდები, რომ უადგილოა ამ საქმეებით  ტრაბახი.

იატაკზე ვზივარ და ჩემს დაღლილ თვალებს ძილი არ ეკარება, რადგან სიცარიელეა უშენოდ…სიზმრებიც უფერულია, სანუგეშო სიტყვები კი უძარღვო და სისხლისგან დაწრეტილი. როგორ მჭირდები ღმერთო, როგორ მჭირდები… რამდენი ხანი დამჭირდა ქრისტიანობანას თამაში, რომ ამას მივმხვდარიყავი, ბევრი დრო გასულა. უამრავი დრო დავხარჯე საკუთარ იმიჯზე, გარეგნობაზე, წარმოდგენებისა და მითების შექმნაზე სხვათა თვალში და როგორღაც გამომრჩა მეკითხა: შენ რას ფიქრობ ჩემზე? შენ თუ მოგწონვარ?..

დღეს არა, დღეს არ ვილოცებ ლამაზი სიტყვებით და არ დაგიდებ აღთქმას სამყაროს კიდემდე გამოყოლის შესახებ, უბრალოდ მოვედი ისეთი როგორიც ვარ, გვერდით გადავდე ყველა „ლამაზი” წარმოდგენა საკუთარ თავზე და მინდა შენი აზრი მოვისმინო…

დღეს არა, დღეს არ დაგღლი სათხოვრებითა და საყვედურებით, არც იმას გკითხავ: „რატომ უფალო?”, დღეს უბრალოდ მოსასმენად მოვედი, შენს გულზე ყურის დასადებად, შენი გულის ფეთქვის მოსასმენად, შენი სიყვარულის შესაგრძნობად…

დღეს არა, არასად არ მეჩქარება, უფალო, მივხვდი, რომ არსად არ მეჩქარება… შენ ხარ სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება და სად უნდა წავიდე, როცა  სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს…

დღეს არა, არსად გაგექცევი, არ გეტყვი, რომ ყველაფერი რაც ლოცვისას გამომრჩა, ისედაც იცი და მიმიხვდები, დღეს არა, ჩემი დუმილი ახლა სიტყვებზე მეტია და ჩემი ცრემლები მონანიებას იტევს… უბრალოდ მოვედი, რადგან მომწყურდი, რადგან უშენოდ ყველა სისავსე ცარიელია…

აქ ვარ უფალო…

ნატალია ჩიქოვანი