ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!

მოვდივართ არსაიდან და მთელი ცხოვრება ქარის წისქვილებს ვებრძვით …

უზარმაზარი ფაზლის ნაწილებივით ვაგროვებთ გამოცდილებას, წარმოდგენებს , შიშებსა თუ სიხარულს …

ციხესიმაგრესავით ვიშენებთ გარშემო წარმოდგენებსა და შეხედულებებს, იარლიყებსა და სტერეოტიპებს და მახსოვრობის საკუჭნაოში, თაროებზე თანმიმდევრულად , დასახელებების მიხედვით ვამწკრივებთ შეგრძნებებსა და ემოციებს…

ყველაფერს სახელსა და ახსნას ვუძებნით,თითქოს ყოველივე ვიცით და ყველაფერი შეგვიძლია…

ვაკოწიწებთ პრინციპებს და ღირსებებს, რომ ვიამაყოთ და ვტრაბახობთ იმით, რაც წარმავალია…

ფუტკრებივით ვბზუით და ჭიანჭველებივით ვფუსფუსებთ, ვიძენთ და ვაგროვებთ, ვიხვეჭთ და ვისაკუთრებთ, ვიგონებთ წესებსა და დოგმებს, ვაწესებთ ჩარჩოებს და ძალაუფლების ტკბილი ილუზია გვიპყრობს. ავდივართ სოციალურ კიბეზე და ნელ–ნელა წელში ვიმართებით, თითქოს რამე მომატებოდეს ჩვენს ადამიანურ ღირსებას, რაღაცნაირად ვეჩვევით ცქერას ზემოდან ქვემოთ და რაც დიდხანს ვიყურებით, მით მეტად ვრწმუნდებით საკუთარ ძალასა და გავლენაში…

ღიმილისმომგვრელი კი მთელ ამ უმიზნო ხმაურში ისაა, რომ თავადაც ვიჯერებთ ამას…

დადიან ადამიანები გაბღენძილნი, ჰაერით გატენილი საჰაერო ბუშტებივით უმისამართოდ და საკუთარ სიდიდეს ამტკიცებენ , ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახებიან და ბრაზისგან ხმაურით სკდებიან. სამასკარადო ნიღბებივით ვიპრანჭებით ერთმანეთის წინაშე და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ საკუთარი უნიკალურობა, გვაინტერესებს სხვების აზრი (ალბათ იმიტომ რომ ტაშის დამკვრელი აუდიტორია გვჭირდება) და ამავ დროს სხვაზე უკეთესი გვგონია ჩვენი თავი, თითქოს ერთი ნაბიჯით ვუსწრებდეთ დანარჩენ კაცობრიობას. ნარცისიზმით შეპყრობილები ირონიით ვუყურებთ ყველაფერ განსხვავებულს და ასე ერთი შეხედვით კანონზომიერ ცხოვრებაში იბადება სიძულვილი…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილის შხამს, ყოველ დღე , ყოველ წამს ადამიანები ერთმანეთს წამლავენ უსიყვარულობით. მნიშვნელობას ანიჭებენ არაფასეულს და საშიში სწრაფვით – დაიმგვანონ ირგვლივ ყველა და ყველაფერი, სამყაროს მრავალფეროვნებას ანადგურებენ…

ობობის ქსელივით წებოვანია ამქვეყნიური ამაოება და ქარაფშუტა კოღოსავით მასში გახვეულები ვერც კი ვხვდებით, როგორ ვკვდებით, რადგან მათრობელა სისხლის სიტკბოება გვაბრუებს, ახლახან სხვას რომ ამოვწოვეთ…

ნელ–ნელა ადამიანური ურთიერთობები ველურ ბუნებას ემგვანება, შიშველ ინსტინქტებს, გადარჩენისთვის ბრძოლას, სადაც ძლიერი სუსტს ჭამს…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილს, ტკივილსა და გლოვას… სამყაროს სჭირდება ქრისტე, ადამიანებს სჭირდებათ ნათელი ბნელიდან გამოსასვლელად. ადამის მოდგმას სჭირდება შეხსენება, რომ ძლიერი კი არ უნდა ჭამდეს სუსტს, არამედ ეხმარებოდეს…

ადამიანები საჭიროებენ გათავისუფლებას მიწის ბორკილებისგან, რომელზეც ისე მყარად არიან მიჯაჭვულნი, თითქოს არ არსებობდეს ზეცა…

ჩვენ გვჭირდება გამოფხიზლება ილუზიებისგან, ძველი, გახრწნილი კაცის აღქმა სამასკარადო ნიღაბს იქით…

დღეს სამყაროს გადარჩენისთვის ქადაგება კი არა იმის დანახვება სჭირდება, რომ დიდი სისწრაფით მიექანება დაღუპვისკენ, ხოლო ის ვინც იცის , რომ დაღუპვა ელის, აუცილებლად ეცდება გადარჩენას…

თუ ამ ცოდვებით დაბერებულ და ომებისგან გაჭაღარავებულ სამყაროსთან ერთად, ფეხდაფეხ მისდევთ საკუთარ ეგოს, თუ პრობლემების მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობთ, თუ ღმერთი ხალხების სამართავად მოგონილი მითი გგონიათ ან უფრო უარესი, ოქროს კვერთხზე დაყრდნობილ ჭირვეულ მოხუცად წარმოიდგენთ…. ბოდიში,მაგრამ თქვენ სიკვდილი გელით… სამუდამო სიშორე ღმერთის სამეფოდან…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილს, ტკივილსა და გლოვას…სამყაროს სჭირდება ქრისტე! ჩვენ ყველას გვჭირდება განახლება! არის იმედი, სანამ ვარსებობთ, რადგან კურსის შეცვლა ყოველთვის შეგვიძლია…თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც…

ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის (ეკლესიასტე 12 :13 )

ნატალია ჩიქოვანი