გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ

ერთხელ პეტრე გენესარეთის ტბასთან თევზაობდა, მთელი ღამის შრომის შედეგად ვერაფერი დაიჭირა.

ამ დროს უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ღვთის სიტყვის მოსასმენად ხალხის ბრბო აწყდებოდა, ავიდა სიმონ-პეტრეს ნავზე და სთხოვა ნაპირს ცოტა მოშორებოდა, რათა ხალხს მისი დანახვა და მოსმენა შეძლებოდა. პეტრემ უყოყმანოდ შეასრულა მისი თხოვნა, როდესაც უფალმა ქადაგება დაასრულა უთხრა სიმონ-პეტრეს, ღრმად შეცურებულიყო წყალში და ბადეები მოესროლა თევზის დასაჭერად. პეტრემ რომელიც გამოცდილი მეთევზე იყო უთხრა მოძღვარო მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, გულში ალბათ ფიქრობდა კიდეც რომ აზრიც არ ჰქონდა ამის გაკეთებას, მაგრამ ერწმუნა მოძღვრის სიტყვებს და უთხრა: მაგრამ იყოს შენი სიტყვისამებრ.

როდესაც პეტრემ ბადე მოისროლა და იმდენი თევზი დაიჭირა რომ ბადეები ეხეოდათ, საოცარი რამ მოუვიდა, ალბათ ბევრი ჩვენგანი ძალიან გაიხარებდა და დიდ მადლობას მოუხდიდა მრჩეველს, მაგრამ პეტრე სულ სხვა გრძნობამ მოიცვა, იგი საკუთარმა უწმინდურობამ შეაწუხა. (ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: “გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.” რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს.)

ასეა როდესაც ჩვენ ცოდვილი ადამიანები უფლის მრავალმოწყალე სასწაულის მომსწრენი ვხდებით და როდესაც უფალი მოქმედებას იწყებს ჩვენი დანაშაულებების მიუხედავად, ჩვენ ვხვდებით რომ მისი მოწყალება სამყაროზე დიდია და როცა მისი მადლი ჩვენს ბნელ ცხოვრებას გაანათებს თავისი სასწაულებრივი მოქმედებებით ჩვენ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულს ვხედავთ და ეს ყველაფერი გვიბიძგებს მონანიებისკენ. ამ დროს ღმერთის კურთხევა ორმაგია. ხელში გვრჩება მისი სასწაული და მოსანანიებლად შემობრუნებული ჩვენი აზროვნება და გული.

საოცარია უფალი.

გუჯა ჩაჩანიძე