გვიღირს ბრძოლა…

„იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახს რომ თელავენ ბრძოლაში. იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ. ‘’(ზაქარია თავი 10:5)

რამდენი რამ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, რამდენი რამ აყალიბებს მის არასწორ მსოფლმხედველობას, რამდენი რამ ცვლის მის შინაგან სამყაროს უარყოფითისკენ, დღეს , თითქოს მთელი მსოფლიო საკუთარი თავის წინააღმდეგ აღდგა, თითქოს ადამიანი რომელმაც განვითარების უმაღლეს საფეხურებს მიაღწია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სულ უფრო და უფრო უკან იხევს „ადამიანობაში“.

დღეს ყველგან ბრძოლა მიმდინარეობს, ყველგან საჭიროა თავის დამკვიდრება, ყველგან საჭიროა ბრძოლა იმისათვის, რომ პატივს გცემდნენ. ხშირად ადამიანების გულებში ისადგურებს შიში იმისა, რომ არ მიგვიღებენ, დაგვჩაგრავენ, რომ ვერ შევძლებთ… ადამიანები იბრძვიან საკუთარი მეთოდებით, ზოგი თავისი ინტელექტის წარმოჩინებას ცდილობს, ზოგი თავის ძალას ეყრდნობა, ზოგიც მჭერმეტყველებით ან გარეგნობით ცდილობს სასურველ შედეგს მიაღწიოს, მეთოდი მრავალია, მიზანი კი ერთი… მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას.

ეს ადამიანობაა.

მაგრამ არსებობს ერთი მსოფლმხედველობა, რომელიც არ არის ადამიანური ბუნების მატარებელი და ისიც მებრძოლი ხასიათისაა…

მასში ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, რადგან იგი არ იბრძვის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ (ეფესელთა 6:12) და მისი არსი სიყვარულში მდგომარეობს, სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომელიც თითქოსდა „დიდი დოზითაა“ ჩვენს გარშემო, თუმცა იმდენად მცირეა ჭეშმარიტების მარცვალი ამ მრავლობითობაში , რომ მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია ხოლმე…

როგორც მაჰათმა განდიმ თქვა: „ მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან.“
სწორედ ასეა, ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, მაგრამ ჩვენი ბუნება, ქცევები, გადაწყვეტილებები საერთოდ არ ჰგავს ქრისტეს ხასიათს.

ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, როგორ გვაკვირდებიან… სცადე და განაცხადე რომ ქრისტიანი ხარ, ეკლესიაში დადიხარ და დაელოდე როგორ დაგიწყებენ დაკვირვებას გარშემომყოფები, როგორ გაეცინებათ შენ შეცდომებზე, როგორ „გამხელენ“ როცა შეგეშლება… ასეა, ქრისტიანის შეცდომა გამადიდებელი ლუპის ქვეშ მოქცეულ დაკვირვების საგანს წარმოადგენს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუ ვაღარებთ რომ ქრისტესნი ვართ, უნდა ვიქცეოდეთ კიდეც მის მსგავსად, ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს რომ იქ , სადაც ვერ გვხედავენ ადამიანები, გვხედავს ის, ვის სახელსაც ვატარებთ.

ყველაზე ხშირად კი ადამიანებთან ურთიერთობებში ვცდებით. ვცდებით, რადგან ქრისტიანობა წესების კრებული გვგონია, გაკვეთილივით სასწავლი, რომ როცა რაიმეზე აზრს გვკითხავენ პასუხები გამზადებული გვქონდეს. მოგვწონს, როცა ყველაფერზე პასუხი გვაქვს. ამასთან ერთად კი არ გვესმის ელემენტარული საკითხები: პატიება, თანაგრძნობა, გამხნევება, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სხვისი მომსახურება.

დიახ, ეს ბრძოლაა და გაცილებით ძნელია, ვიდრე თავის დამკვიდრება, იგავებში მეფე სოლომონი წერს, რომ საკუთარი თავის მმართველი ქალაქის ამღებს ჯობია (იგავნი 16:32). სახარება ამბობს, რომ ცათა სასუფეველი ძალისხმევით წარიტაცება (მათე 11:12). ასეა, ცათა სასუფეველში შევა ის, ვინც საკუთარ თავს ხელში აიყვანს, ვინც გადადებს საკუთარ სიცოცხლეს ქრისტესთვის.

უამრავი ბრძოლის გადატანა გვიწევს, მაგრამ გვიღირს, გვიღირს ქრისტესთვის, რადგან მან გადმოდგა პირველი ნაბიჯი, პირველმა მან იბრძოლა, მან გასწირა საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის. (1 ტიმოთე 2:6)

გვიღირს ბრძოლა პატიებისთვის…
გვიღირს ბრძოლა შეყვარებისთვის…
გვიღირს ბროლა გაღებისთვის…
გვიღირს ბრძოლა თავმდაბლობისთვის
გვიღირს ბრძოლა თანადგომისთვის…

ხშირად გვეჩვენება, რომ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია ამ ბრძოლისთვის, თითქოს სუსტები ვართ, მაგრამ შეგვიძლია, შეგვიძლია იმ გმირების მსგავსად, რომელებიც ქუჩის ტალახს თელავენ ბრძოლაში და აწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ, რადგან უფალია მათთან (ზაქარია თავი 10: 5).

გამარჯვება ყოველთვის მოვა, თუ უფლის მხარეს იბრძვი, გამარჯვება საკუთარ თავზე და გარემოებებზე.

იბრძოლო საკუთარი თავის ხელში ასაყვანად და ყოველდღე ემსგავსებოდე ქრისტეს, აი, ეს არის ქრისტიანობა…

გუჯა ჩაჩანიძე