ერთიდან შეგვქმნა…

…ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა… წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან… რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, რადგან მისი მოდგმა ვართ….მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ… (საქმ. 17 : 26 – 30)

…ერთიდან შეგვქმნა და მოვდივართ სამყაროს დასაბამიდან ერთ, უსასრულო, უწყვეტ ჯაჭვად დროის უძრაობაში. მოდიან ადამის ძენი და უკან ტოვებენ ეპოქებს, იმპერიებს, ომებს… კრიალოსანის მარცვლებივით ითვლიან საუკუნეებს… ვითარდებიან, ქმნიან… და მაინც ადამია მათში… რადგან ერთიდან შეგვქმნა… მივდივართ შორს ედემის ბაღიდან გაფრენილი ისრებივით, უკან ვიტოვებთ ეგვიპტეს, უდაბნოს, ვიხდით მონობის სამოსს და გოდოლის აშენებას ვცდილობთ… ცას გვინდა მივწვდეთ… და გვავიწყდება, რომ ადამია ჩვენში, რადგან ერთიდან შეგვქმნა…

პატარა სათამაშო კაცუნებს ვგავართ, სხვადასხვა ჩინი რომ აქვთ, მაგრამ ყველა ერთი ყალიბით არის ჩამოსხმული… და მაინც მოვდივართ მტკიცედ, თითქოს არ არსებობდეს მჭედელი, რომელმაც გამოგვჭედა… ათასწლეულებს ვახევთ კედელზე ჩამოკიდულ მარადისობის კალენდარს და ვცდებით საზღვრებს, ვიჭრებით კოსმოსში და ვქმნით…ვქმნით მომავალს, სადაც აღარ არის ადგილი შემოქმედისთვის…

მოდიან ადამის ძენი ამაყად, თითქოს მათ შექმნეს ყველაფერი რასაც ხედავენ… მოდიან და ქმნიან, ფლობენ, აგროვებენ, აშენებენ, ყიდულობენ, ავსებენ… და მაინც სიცარიელეა მათ გულებში , რადგან ერთიდან შეგვქმნა…

ეძებენ ადამიანები სიმშვიდეს, რომელსაც ვერ ყიდულობენ, ბედნიერებას და სიხარულს , რომელიც არ მოაქვს ფლობას… ეძებენ ადამის ძენი ხანგრძლივ სიცოცხლეს და არ იციან, რომ არსებობს “უკვდავების წამალი”, ეძებენ, რადგან მარადისობა ჩადო მათ გულებში მან, ვინც ერთიდან შეგვქმნა… მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ… მისი მოდგმა ვართ…

ეძებენ ადამიანები კეთილდღეობას, სიმდიდრეს და კომფორტს და არ იციან, რომ ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება!

…ათასწლეულებს ვახევთ კედელზე ჩამოკიდულ მარადისობის კალენდარს და ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც ჩვენს სმენას მისწვდება ხმა, რომელიც არავის არ ჰგავს,მსგავსი როგორც ბევრი წყლის ხმაური: ” დაბრუნდით უკან ადამის ძენო!”… და აღარ იქნება დრო შეკითხვისთვის, ძიებისთვის და შეცვლისთვის… ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა, მაგრამ ახლა აუწყებს ადამი – ანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ…

ღმერთია ყველაფერი რაც გვჭირდება !…..

ნატალია ჩიქოვანი