ვერ დავემალე საკუთარ თავს…

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. რეალურ სამყაროში დამაბრუნა. ხმა გამოვრთე. მინდოდა ისევ ძილს მივცემოდი. დამღალა რეალობამ. ყოველდღიურობამ. ჩემმა შეცდომებმა. სისუსტეებმა. მაღვიძარას კი გამოვურთე ხმა და გავაჩუმე, მაგრამ ჩემს შინაგან ხმას როგორ გავაჩუმებდი?

ჰოდა, ვერც ვაჩუმებ დიდი ხანია… მაწამებს დილიდან დაღამებამდე… ჩამჩიჩინებს გამუდმებით: მიდი ღმერთთან, ელაპარაკე, დაეცი მუხლებზე და ილოცე… დასძლიე სიზარმაცე და ფოლადივით გამოწვრთენი შენი ნებისყოფა… რას დგახარ ერთ ადგილზე, დრო მიდის… შენ კი ხელში არაფერი გიჭირავს…

დავიღალე… საკუთარ თავს დამალობანას ვეთამაშები რამდენი წელია. ამაოდ. მაინც ვერ ვემალები. არ არის ადგილი, სადაც დავიმალები და საკუთარ თავს ვეღარ ვიპოვი. რამდენი წელია ასე დაუსრულებლად ვეძებ სამალავს და გავრბივარ. ვერაფერს ვპოულობ და სირბილითაც ვიღლები… ძალა აღარ მაქვს…

ათასი აზრი, ათასი შეცდომა და ცოდვა აირია თავში და ქარბორბალასავით დატრიალდა. გარედან ცრუ სიმშვიდეა, შიგნით კი წალეკა ყველაფერი სინანულმა და ცრემლების ნიაღვარმა.

ავდექი, დავბრუნდი რეალობაში. ვეცადე ისევ გავქცეოდი ამ ხმას. ვეღარ გავძელი. ვეღარ შევძელი. ნელ-ნელა თავი ავწიე და თვალებში შევხედე საკუთარ თავს. თვალი გავუსწორე. და შევძრწუნდი. ნუთუ ეს მე ვარ?

და ამოხეთქა… ამოხეთქა ნიაღვარმა და დავეცი. ამოვიღე ჩემი გული მკერდიდან საკუთარი ხელებით და ღმერთის წინაშე დავდე…

წყალივით დავაქციე სული უფლის წინაშე… შიგნით აბობოქრებული ზღვა და ქარიშხალი ცრემლებად მომდიოდა თვალებიდან.

მთელი ჩემი ქვეცნობიერი გამოვიტანე დღის შუქზე ღმერთთან და დავდე მის ფერხთით. წლების განმავლობაში მიჩქმალული, დაფარული და გულის დაობებულ კუნჭულებში მიმალული, რომლებსაც საგულდაგულოდ ვფარავდი და ღვთის სინათლეს იქამდე მიღწევის საშუალებას არ ვაძლევდი.

ჩემი საიდუმლო ცოდვებისა და შეცდომების, ათასგვარი ემოციისა და განცდების სამალავი გავხსენი და ღმერთის სინათლე შევუშვი…

აღარ ვიცოდი, საით წარმემართა ეს ზღვა, რომელიც მახრჩობდა უკვე… წლების განმავლობაში გროვდებოდა და ივსებოდა შინაგანი, სანამ ყელამდე, თვალებამდე არ მომადგა და სანამ არ ვიგრძენი, რომ უკვე ჩემივე გრძნობები და წლობით ნაგროვები მახრჩობდა… და გზა მივეცი ამ ზღვას… გადმოხეთქა.

მივედი, ვისთანაც უნდა მივსულიყავი…

ნინო ხუროშვილი