ვისაც ეყოფა ჩემი გული… ჩემი ხელები…

რამდენი ცოდვა-მადლი ტრიალებს ამ დედამიწაზე. რამდენი…

აი, სინამდვილეში როგორია ცხოვრება, ცოტა ზემოთ რომ ავფრინდეთ და გადმოვხედოთ სიმაღლიდან: ვდგავარ დედამიწაზე, ერთი პატარა წერტილივით და გარშემო ორომტრილია… იქით ვიღაც ავად არის და შველას ითხოვს… აქეთ ვიღაც კვდება, ზოგი მოხუცი, უფრო ხშირად ახალგაზრდა, რადგან სიცოცხლეს უსწრაფებენ და ნაადრევად აქრობენ მათი სიცოცხლის ახლადანთებულ სანთლებს… იქით კიდევ ვიღაცა მოწყალებას ეძიებს და უბრალოდ, პური ენატრება…

ვდგავარ ამ ორომტრიალის შუაგულში და ჩემ გარშემო ქარბორბალასავით ტრიალებს ყველაფერი. ხან ცრემლიან სახეს მოვკრავ თვალს, ხან დარდისგან გაქვავებულს, ხან თხოვნად ქცეულს… ვდგავარ ხელებჩამოშვებული და თითქოს არაფერი შემიძლია… რადგან ძალიან ბევრია ის, ვინც ითხოვს… ითხოვს ან ფულს, ან თანადგომას, ან ნებისმიერ მოწყალებას, ან უბრალოდ ერთ წვეთ სითბოსა თუ სიყვარულს…

და მე ვგრძნობ, რომ არაფერი შემიძლია… უძლური ვარ ამდენი სევდა-მუდარად ქცეული თვალისა და ხელის წინაშე… არაფერი მაქვს, რომ გამოწვდილ ხელში ჩავდო, ხელი გამიქვავდა თითქოს, რომ ცრემლი მოვწმინდო ვიღაცის თვალს… სიმწრის ცრემლი.

ვეცემი მუხლებზე და თავისით მოდის წვიმა… მრცხვენია, რომ არ მაქვს ერთი უზარმაზარი გული და დიდი ხელები, რომ ყველას მოვხვიო, რომ ამ გულში ზღვა დავიტიო და თითო წვეთი მაინც მივცე სათითაოდ ყველას… მრცხვენია, რომ არ შემიძლია, გავწვდე ყველას და ყველა ჩავიხუტო… და მერე გავრბივარ, რადგან აღარ ვიცი, რა გავაკეთო… რადგან ეს ტვირთი მეტისმეტად მძიმეა ჩემთვის…

და ვლოცულობ… ღმერთო, მომეცი ძალა სიკეთისა… არაფერია ამაზე მეტი… ამაზე მაღალი მიზანი, ვიდრე შენი სახელით სიკეთის მარცვლების თესვა… „ვინაიდან ქრისტე იესოში ვართ შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა…“ (ეფესელთა 2:10).

და ვლოცულობ… რომ ვისაც ეყოფა ჩემი მკლავები, რომ მოვხვიო და ჩავიხუტო, ვისაც ეყოფა ჩემი გული, რომ ნაწილებად დავარიგო, ვისაც ვეყოფი, წვეთ-წვეთობით დავურიგდე მათ სიკეთედ, სანამ ვანთივარ…

მე ღმერთი არ ვარ, ყველას ვეყო და ამიტომ ვლოცულობ მათთვისაც, ვისაც მე ვერ ვეყოფი… იმათთვის საკმარისზე მეტი იქნება ღვთის სიყვარული და ზრუნვა, რადგან უფლის მადლი საკმარისია და ვლოცულობ, რომ ის წვიმასავით მოვიდეს ყველას თავზე… აავსოს ყველას ხელები, გულები, თვალები – ნაცვლად ცრემლებისა…

„ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.“ მიქა 6:8

რადგან სულ ეს არის ადამიანი…

ნინო ხუროშვილი