იბადები ადამიანო…

იბადები ადამიანო და არ იცი, სად რა შეგხვდება ათასნაირად დაკლაკნილ, მიხვეულ-მოხვეულ და ქვა-ღორღიან გზაზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია… არ იცი, რამდენ ადამიანს გადააწყდები: ბოროტსა თუ კეთილს… არ იცი, რამდენი ღამე გაგითენდება და რამდენი დღე დაგიღამდება და როდის დადგება ის წამი, როცა შენთვის დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს, მზე ერთ ადგილას გაშეშდება და მკერდიც დაგეცლება ჰაერის უკანასკნელი ნაკადისგან…

სანამ ეს წამი დადგებოდეს, ცხოვრობ… ცხოვრობ… მორევში მოხვედრილი თევზივით, თავს რომ აღწევს წყლის ნაკადს და მიჰყვება და მერე ეჩვევა კიდეც და აღარც ახსოვს, როდის მოხვდა ამ თავბრუდამხვევ ორომტრიალში.

ადამიანებიც მივეჩვიეთ დღეების ორომტრიალს… წამების, წუთების, საათების მორევს… ყველას რომ გვითრევს და აღარ გვაძლევს უფლებას, რომ მშვიდი წყლებისკენ გავცუროთ და დავისვენოთ. ცხოვრება აღარ გვაცდის, რომ ხანდახან გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. ცხოვრებამ ფიქრის, ანალიზის, საკუთარ თავში ჩაღრმავების უნარი წაგვართვა. აღარაფერი გვიკვირს. ამა და ამ ქალაქსა თუ ქვეყანაში ესა და ეს მოხდა და ამდენი და ამდენი ადამიანი დაიღუპა… იქ ის მოკლეს… ამდენი და ამდენი გამოაძევეს საცხოვრებელი ადგილებიდან… ამდენი და და ამდენი შიმშილით, წყალდიდობით, მიწისძვრით თუ სხვა უბედურებით დაიხოცა… და ამას უკვე რეაქციის გარეშე ვისმენთ… იმდენად მივეჩვიეთ, რომ ცრემლიც კი აღარ გვადგება თვალზე… და მიდის ეს ამაოება ამაოებათა თავის კალაპოტში, რასაც ცხოვრება ჰქვია და სადაც ადამიანები მხოლოდ უსარგებლო და ფუჭი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

გაჩერდი! ადამიანო, გაჩერდი! შეჩერდი! ჩაახშე გარშემო ყველა ხმა და საკუთარ თავში ჩაიხედე… დღეს კიდევ ერთი სიკვდილის შესახებ გაიგე… ოდნაც შეგიტოკდა გული და მერე ისევ განაგრძე შენი ჩვეული საქმიანობა. ხვდები? ხვდები იმას, რომ, თითქოსდა, გვერდიდან აკვირდები ცხოვრებას, როგორც თეატრში ან კინოში სკამზე მჯდომი ერთ-ერთ რიგითი მაყურებელი და უყურებ ცხოვრების წარმოდგენებს. ბანალური შედარებაა, აქამდეც ბევრს უთქვამს ეს. უყურებ და ხედავ: ვიღაც ქორწინდება, ვიღაც თხოვდება, ვიღაც ავადმყოფობს, ვიღაც კვდება… ვიღაცას სტკივა, იტანჯება… ვიღაცა გამოსავალს ეძებს და ვიღაცა ბრმად ხტება განსაცდელში.

ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან სცენიდან, სიცოცხლეს ტოვებენ და შენ ამას მხოლოდ უყურებ, რიგითი მაყურებელივით, თითქოსდა ბილეთი გქონდეს ნაყიდი, რომ ამ ცხოვრებაში შემოსულიყავი და სხვა ადამიანთა სიცოცხლის რეალურ წარმოდგენას დასწრებოდი. იმაზე კი არ დაფიქრებულხარ, ქვეშეცნეულად მაინც, რომ შენც ვიღაც გაკვირდება და გიყურებს ასე? ახლა მაინც გაჩერდი და დაფიქრდი.

იცი, როდის შეწყდება შენი სიცოცხლე გადაჭრილი ძაფივით? იცი, როდის დასწყდებათ გული ახლობლებს მაინც შენ გამო? იცი, როდის აღარ გააგრძელებს სვლას მზე? იცი, როდის განქარდება ეს ამაოებათა ამაოება? არ იცი… და არც გინდა ფიქრი… გაურბიხარ… თავს არიდებ, თუმცა ქვეცნობიერად ეს ფიქრი სულ თან გდევს და არ გშორდება. ჰოდა, გაჩერდი… თვალი გაუსწორე სინამდვილეს… თვალი გაუსწორე იმას, რაც ამ რეალობაზე მეტად რეალურია. მზად ხარ იმ წუთისთვის? მზად ხარ ამ წარმოდგენის დასასრულისთვის? ფარდის დაშვებისთვის?

იბადები ადამიანო და არ იცი, სად რა შეგხვდება ათასნაირად დაკლაკნილ, მიხვეულ-მოხვეულ და ქვა-ღორღიან გზაზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია… არ იცი, სად და როდის შეწყდება დღეების ორომტრიალი. არავინ გამოგყვება ბოლომდე… ყველას სხვადასხვა მხარეს გაიტაცებს მორევი. მარტო რჩები? არა, თუ ღმერთს მოუხმობ მაგ მორევიდან… წყნარი წყლებისკენ ის წაგიძღვება… და მოგასვენებს, თუნდაც მორევმა გარშემო ყველაფერი შთანთქას… და მერე უკვე მზად იქნები იმისათვის, რომ შენც წახვიდე. მზად იქნები იმისათვის, რომ შეწყდეს ქარის ქროლა, დაბნელდეს მზე, გაწყდეს ძაფი… მზად იქნები, წახვიდე მარადიულ სახლში…

იბადები ადამიანო და არ იცი, როდის დასრულდება შენი სიცოცხლე, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია იცოდე: ვინ იქნება შენ გვერდით ცხოვრების ბოლოს და ვისთან იქნები მარადისობაში… ეს კი შენ უნდა აირჩიო…

ნინო ხუროშვილი