მე მიგავლენ შენ…

„აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს ღვთის მარჯვნივ მდგომარეს…“ – ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც გამძვინვარებული ბრბოს სმენას მისწვდა… მოწმეებმა თავიანთი ტანსაცმელი ერთი ჭაბუკის ფეხებთან დააწყვეს, რომელსაც ერქვა სავლე და იწონებდა სტეფანეს მოკვლას… ის დევნიდა ყველას, ვისაც ქრისტეს სახელთან რაიმე აკავშირებდა, იჭერდა და საპყრობილეში ყრიდა მათ. არ ინდობდა არავის, მათ შორის არც ქალებს…

მოგვიანებით, როცა ქრისტეს რჯულზე მოქცეულ პავლეს (სავლეს) ემუქრებოდნენ ჩაქოლვით, ის ამოწმებდა მათ წინაშე: „…და მითხრა მე ანანიამ, შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე…“ და მე ვთქვი: „უფალო, როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს… „ და მითხრა ღმერთმა: ‘წადი, მე მიგავლენ შენ წარმართებთან!’“

ყველაფერი, რაც დაწერილა, ჩვენს სასწავლებლად არის დაწერილი (რომ. 15 : 4 ). ხშირად, როცა ღმერთი გვეუბნება: „მე მიგავლენ შენ!“ ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს, თუ რატომ ვერ წავალთ… ზოგჯერ ხელს წარსული გამოცდილება გვიშლის, ზოგჯერ სტერეოტიპები და ჩარჩოები, ზოგჯერ უბრალოდ გვეშინია…

მაშინ, როდესაც ღმერთი გვეუბნება: „მე მიგავლენ შენ!“ ადგილი არ რჩება არანაირი მიზეზისთვის, რადგან დამწყები კეთილი საქმისა, მოგვცემს კიდეც ძალას, რომ დავასრულოთ. მაშინ, როდესაც ღმერთი გეუბნება, რომ მიგავლენს, უბრალოდ უნდა წახვიდე და უკან მოიტოვო შენს თავზე საკუთარი და საზოგადოების შეხედულება, ჩამოიფერთხო ეჭვები და იმედგაცრუებანი, გაჰყვე მის მითითებას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გაქციოს ახალ ქმნილებად ქრისტეში.

მაშინ, როდესაც ღმერთი გეუბნება, რომ მიგავლენს… უბრალოდ უნდა წახვიდე…

ნატალია ჩიქოვანი