ნუ დაგადუმებს დაცემა…

ალბათ, თითოეულ  ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვითქვამს სიტყვები: ” ნეტავ, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს….” მეც მიფიქრია ამ თემაზე. ზოგჯერ ადამიანებს გვინდა,  კონკრეტული მომენტები წავშალოთ საკუთარი ცხოვრებიდან და ამიტომ გვინდა დროის უკან დაბრუნება შეგვეძლოს.

ვფიქრობდი, რა ვისწავლე პრობლემებისგან და მივხვდი, რომ სირთულეებს მხოლოდ უარყოფითი თვისებები არ აქვს . იყო დრო, როდესაც ვამბობდი: „ მე ამას არასოდეს გავაკეთებ” და თითს ვიშვერდი იმ ადამიანისკენ, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელი იყო. გარკვეული ხნის შემდეგ თავადაც  მომიწია იმავე სიტუაციების გავლა და ვერაფერი მოვუხერხე საკუთარ თავს.

განსაცდელებმა მასწავლა ენის ალაგმვა, მასწავლა თუ რატომ არ უნდა განვიკითხო სხვა ადამიანის ქმედებები (თუნდაც გულში და ხმამაღლა გამოხატვის გარეშე) . მადლობელიც კი ვარ იმ სირთულეებისთვის, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლა.

განსაცდელი მოდის და თითოეული ჩვენთაგანი გადის რთულ დღეებს,  მაგრამ ეს უნდა გვაძლიერებდეს, გვასწავლიდეს და გვწვრთნიდეს. ეს  გაცვლა-გამოცვლის პრინციპია. ცდები, ეცემი, გტკივა, მაგრამ  ძლიერდები და ფეხზე წამოდგომას სწავლობ. ცხოვრებისეულმა პრობლემებმა ან საკუთარმა  შეცდომებმა არ უნდა დაგვადუმოს. დაცემისას მოდის მსჯავრი , რომელიც გვაიძულებს გავჩუმდეთ და ჩვენ, ცოდვილებმა  ღმერთის დიდებაზე აღარ ვილაპარაკოთ.

არ დაიჯერო! ეს ტყუილია. მას სურს გაგვაჩუმოს, პირიქით  შეცდომებმა ძალა უნდა მოგვცეს და ბაგე გაგვიხსნას, რათა დაცემულები ვანუგეშოთ, წამოვაყენოთ და ზურგი გავუმაგროთ.

დაეცი? დაბლა დაწიე ქრისტიანული ღირებულებების  სტანდარტი? ნუ დარჩები დაცემული, გაიაზრე, წამოდექი, განიწმინდე და გააგრძელე იმ ფასეულობებზე საუბარი, რომელიც უცვლელია. არ დაკარგო მიზანი. იდექი ბოლომდე. პრობლემები გადაივლის და შენ უფრო გაძლიერდები. გახსოვდეს, რომ მისია გაქვს შესასრულებელი. შენი მისია ადამიანების წამოწევაა და დაცემულ    ადამიანთა ნუგეში, რომელთაც ეტყვი : „ არაუშავს! გზა განაგრძე!..”

p.s. დაიცავი ღმერთის მცნებები და მისი მცნებებიც დაგიცავენ შენ!

თამუნა შაქარაშვილი