სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?!

…მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: ” გიხაროდეს იუდეველთა მეფევ! ” და სახეში სცემდნენ… პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი და უთხრა პილატემ იუდეველებს : ” აჰა, თქვენი მეფე!”, მათ კი იყვირეს : ” ჯვარს აცვი იგი!”

უფუარობის დღეები იდგა, იქ, ისრაელში , სადაც იესო ძოწეულით მოსილი, ნაგვემი იდგა ხალხის წინაშე და ბრბო გამძვინვარებული გაჰყვიროდა : ჯვარს აცვით იგი!” იქ, მრავალი საუკუნის უკან, გოლგოთის მთაზე მოხდა რაღაც, რამაც უბრალოდ კი არ შეცვალა მოვლენათა განვითარება, არამედ თვითონ გახდა ამ მოვლენათა თანმდევი… მოვლენა, რომელიც დროის მიღმა და ისტორიის ფურცლებზე კი არ ჩარჩა , არამედ ცოცხალ აწმყოდ იქცა თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მან თავისი სიკვდილით დასძლია ჯოჯოხეთის კარიბჭეები და მკვდრეთით აღდგომით იზეიმა გამარჯვება სიბნელეზე . მან, ვინც თითოეული ჩვენთაგანისთვის განკუთვნილ ჯვარს მიათრევდა საკუთარი მხრებით , ვისაც არ მიუძღოდა არანაირი ბრალი , მაგრამ ჰქონდა დიადი მიზანი – მოეცა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე , დასძლია სიკვდილი , თითოეული ჩვენთაგანისთვის განკუთვნილი… საკუთარ სხეულზე მიიღო ჩვენი წილი დარტყმების სიმძიმე და უხმოდ აიტანა ჩვენთვის გამზადებული დამცირება…ეკლის გვირგვინი და დაცინვის მოსასხამი ერგო , ჩვენ გამო, მას ვის მიერ და ვისთვისაც შეიქმნა ქვეყნიერება და ვისი ძალითაც დგას მთელი სამყარო.

არ არსებობს სხვა ფიზიკური თუ არამატერიალური ახსნა, რას შეიძლებოდა დაეჭირა დიადი ღმერთი რომაელთა საწამებელ იარაღზე , გარდა ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულისა…

გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ! სიკვდილი შთაინთქა ძლევით!

ნატალია ჩიქოვანი