სხვა იმედი და რწმენა არ არსებობს გარდა ღმერთისა

იყო ტრაგედია და იყო ტკივილი. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა, რომ ყველაფერი თავზე დამემხო და ახლა თავიდან უნდა მეშენებინა ჩემი ცხოვრება, ჩემი რწმენა, ჩემი იმედი. მაშინ არ მესმოდა, სად უნდა მეპოვა ძალა გზის გასაგრძელებლად. მხოლოდ გოდება მესმოდა და სადღაც კუთხეში მიკუნჭული ღმერთს ვსაყვედურობდი და ვადანაშაულებდი. არ ვიცოდი, როგორ მომეკრიბა ძალა და ღმერთს შევღრიალებდი, როგორ შევძლო-მეთქი შენი მსახურება, როგორ შევძლო-მეთქი მწამდე და მოგყვებოდე…

ეს იყო სასოწარკვეთილება, როცა საერთოდ არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხვდებოდი… მერე მივხვდი, რომ სხვა იმედსა და რწმენას ვერსად ვიპოვიდი, რომ ღმერთის იქით მაინც არ მქონდა წასასვლელი და როგორ პეტრემ უთხრა მაცხოვარს: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.“ (იოანე 6:68) მივხვდი, რომ ღმერთის ხელშია სიცოცხლეც და სიკვდილიც, წყევლაც და კურთხევაც, ხსნაც და დაღუპვაც.. გავიგე, რომ ის არის უფალი, ბატონი ყოველივესი და რომ მის გარეშე არაფერი ხდება. სად წავიდოდი, სად გავექცეოდი ღმერთს… „საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და – იქაც ხარ! ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი…“ (ფსალმუნი 138:7-10)

ვერსად და ვერავისთან მოვიპოვებდი ბედნიერებას და დავრჩი მასთან, მასში… ისევ მას მივმართე ჩემი ნატკენის მოსარჩენად. სხვას არავის ჰქონდა წამალი მაინც… მივხვდი, რომ მაინც არ მინდოდა სხვა გზა ღმერთის იქით…

„ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით. (იობი 5:18)

ნინო ხუროშვილი