წერილი მარადისობიდან

იქ, სადაც ზეცა ლაჟვარდისფერია და სინათლეს არა აქვს დასასრული… სადაც, არ არსებობს სიმშვიდე, სიკეთე და იმედი,როგორც ასეთი… რადგან არ სჭირდება განსაზღვრება იმას, რაც განუსაზღვრელია, რასაც არ აქვს გამყოფი საზღვარი სხვა არსებითობასთან… იქ, სადაც მზისფერი მინდვრები ზღვასავით ღელავენ და ყველაფერი უკიდეგანო სიყვარულშია შთანთქმული.

იქ, სადაც შორია მიწა და ღრუბლები ხელის გაწვდენაზე დაცურავენ, საუცხოო ქალაქია … იქ, სადაც არ არის მზე და სინათლე უფრო თვალისმომჭრელია… იქ, სადაც ქრება ყველა ტკივილი და შუშდება ყველა იარა; იქ, სადაც უფერულდება ყველა იმედგაცრუება და ძალას კარგავს დრო… იქ, სადაც ერთადაა დასაწყისიც და დასასრულიც, სადაც სიცოცხლის წყალი მოსჩქეფს და ცისარტყელა აფერადებს ღრუბლის ნაკუწებს… იქ, სადაც ანგელოზთა გალობას არა აქვს ბოლო და სადაც არ არსებობს დაღლა, ძრწოლა და შიში… იქ, სადაც სიკვდილი შთანთქმულია ძლევით და სიცოცხლეს არ აქვს დასასრული….იქ , იმ საუცხოო ქვეყანაში ის მოუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს , ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია…

ეს მიწა, ტალახი, ბრძოლა, ტკივილი და შიში დროებითია… რადგან ერთ დღეს დროც შეწყვეტს სუნთქვას და მისი პულსი გაჩერდება, რადგან ცხოვრება უბრალოდ სიზმარია, ერთი ამოსუნთქვა… პირველ ტირილსა და უკანასკნელ, დამჭკნარ სახეზე ჩამოგორებულ ცრემლს შორის გაელვებული მონაკვეთი… ვარსკვლავია, ცას რომ სერავს და წამის მეასედში წყვდიადში ინთქმება, თითქოს არც უარსებია…სიჩქარეა, რადგან გამუდმებით რაღაცის მოსწრებას ვლამობთ, თუმცა სიკვდილი არ არის დასასრული და არც დასასრულია უკანასკნელი, რადგან მარადიულ სიცოცხლეს დროის წამზომი არა აქვს ჩართული… მას თავად უჭირავს ხელში ქვიშის საათში გამომწყვდეული დრო და გამოცდის დასრულებას მოთმინებით ელოდება… დადგება დღე, როცა აზრს და მნიშვნელობას დაკარგავს გრძნობები და ემოციები, შეიძვრება მთელი სამყარო და დარჩება ის, რაც შუძრავია – ჭეშმარიტება, საუკუნო სიცოცხლე და მიუწვდომელი ნათელი… წამზომი გაჩერდება და აღარ იქნება დრო არაფრის შეცვლისთვის… უამრავი ჩვენგანი აღმოაჩენს გაფლანგულ რესურსებს, არასწორ პრიორიტეტებს და ბნელ ადგილებს … ამაოდ დახარჯულ სიტყვებს და წყენისთვის დათმობილ დიდ ადგილს სიყვარულის ნაცვლად, საწყენ საუბრებს და დაჭრილ გულებს, განკურნების სანაცვლოდ…და არ იქნება დრო რაიმეს შესაცვლელად…

დღეს არის შანსი, სანამ ჯერ კიდევ სუნთქვს დედამიწა , სანამ დროის გულისფეთქვა შემწყდარა, არის დრო შეცვლისთვის, რადგან იქ, სადაც ზეცა ლაჟვარდისფერია და სინათლეს არა აქვს დასასრული… სადაც, არ არსებობს სიმშვიდე , სიკეთე და იმედი,როგორც ასეთი… რადგან არ სჭირდება განსაზღვრება იმას, რაც განუსაზღვრელია… იქ, სადაც მზისფერი მინდვრები ზღვასავით ღელავენ და ყველაფერი უკიდეგანო სიყვარულშია შთანთქმული, იქ , იმ საუცხოო ქვეყანაში ის მოუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს , ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია…

ნატალია ჩიქოვანი