Get In touch

Search
  • მთავარი
  • ბლოგის შესახებ
  • პოსტის დამატების წესები
  • ბლოგერები
  • კონტაქტი

BirdHouse

თეონა მენაბდიშვილი 11

ღმერთი, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა…

2 months ago თეონა მენაბდიშვილი

მიუწვდომელ ნათელშია დამკვიდრებული… განუსაზღვრელი არის მისი ძალა, შეუძლებელია მისი შემოსაზღვრა, არასოდეს ყოფილა წამი, როცა ის არ არსებობდა და ვერასოდეს დადგება დრო, როდესაც ის არ იარსებებს. მისი არსებობა არაფერზეა დამოკიდებული. არ მოიპოვება ადგილი, რომელსაც ის არ აღავსებს, ქმნილებათა შემოქმედია, აბსოლუტურია მისი ნების გავლენა ხილულსა და უხილავზე, მის მიერაა და მას ემორჩილება ყველაფერი.

მისი სრულყოფილების ცვალებადობა შეუძლებელია. მისი სიწმიდე მუდმივია. მის სიცოცხლეს არ აქვს დასაწყისი. ყოველივე მისით დაიწყო. შეუძლებელია არსებობდეს ვინმე მასზე დიდი, ძლიერი, წმიდა, სრულყოფილი, ნათელი, მასზე ბრძენი, მასზე კეთილი…

ის მზეს აძლევს სინათლეს, მისი ძალით დგას სამყარო, მისი სიცოცხლის ძალით სუნთქავს ყველაფერი, მისი ნებით აღმოცენდება უმცირესი ყლორტი და მისივე ნებით დგანან მიუწვდომელი მთები. მისი ნებით იძვრის ნიავი და მისით იძლევა ზეცა წვიმას. ის თავად არის სიცოცხლეცა და სიცოცხლის შემოქმედიც, თავად არის სინათლეცა და სინათლის მიმნიჭებელიც. ის მეფე იყო საუკუნეთა უწინარეს და კიდევ უწინ, მას ქედს უხრის სამყარო, გამუდმებულად სცემენ თაყვანს, არც ერთი წუთით არ მცირდება მისი დიდება…

ის ღმერთია. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასოდეს დასჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერაფერს შევმატებდით ადამიანები, ვერაფერს მივცემდით ისეთს, რაც უკვე არ აქვს, ვერაფერს შეცვლიდა ჩვენი არსებობა. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

იცოდა, რომ დაგვკარგავდა, იცოდა,რომ მივატოვებდით, გულს დავუჭრიდით და საკუთარ ჭრილობებსაც მას დავაბრალებდით. იცოდა, რომ იმავე ხელებს დავულურსმავდით, რომლითაც გვქმნიდა, მის მიერ შექმილ დედამიწაზე, მის ხატად შექმნილი ადამიანები, მის მიერ მონიჭებული სიცოცხლით მდგარნი, მთელ ძალას მოვიკრებდით მაცოცხლებლის მოსაკლავად. მან მიატოვა დიდება, გასამართლდა უსამართლოთა მიერ და მოიკლა ქმნილებათა ხელით.

ის სიყვარულის ერთადერთი სრულყოფილი განმარტებაა. ის თავად არის სიყვარული. ის  ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

 

 

„მოგიხმობს სული ჩემი…“- წერილები ღმერთს

10 months ago თეონა მენაბდიშვილი

ღმერთო, ზოგჯერ ისე ძნელია შენი სახელის წარმოთქმა, როგორც ბავშვისთვის პირველი სიტყვისა, მაგრამ წარმოთქმისთანავე ვხვდები, რომ იგივე სიხარული გეუფლება, რაც მშობელს ამ პირველი სიტყვის გაგონებისას. რაც უფრო დიდხანს ვარ ჩუმად, მით უფრო მძიმდება ბგერები…

აი, ისევ გამოაღწევს სიამაყით დადუმებული ბაგიდან შენი სახელი და ვერ ვხვდები, ამ დროს  სირცხვილი უფრო დიდია  თუ შვება. ვგრძნობ როგორ მთავრდება ჩემი სულის პროტესტი ჩემივე თავთან. ეს პროტესტი კი ყოველთვის იმდენად დიდია, თითქოს ცოტაც და სული გამომექცევა სხეულიდან, ვეღარ გაუძლებს შენსა და მას შორის აღმართულ კედლებს, ჩემ მიერ აღმართულ კედლებს…

სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემი გაჩუმებიდან, ჩემს სულს ახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა ახსოვდეს ავადმყოფს წამალი  და მწყურვალს – წყალი.

შეურაცხადივით მთელი ძალით გაჰყვირის და ანგრევს გულის კედლებს, ტირილით მირტყამს და მთხოვს შენს მოხმობას.

მე კი საგიჟეთში დაბერებული ექიმივით შემიძლია ჩემში დავიტიო შეშლილი სული და დუმილი გავაგრძელო.

ღმერთო, ვიცი, რომ ყველაზე ჩუმია ეს დუმილი ჩემთვის და ყველაზე ხმამაღალი – შენთვის.

ღმერთო, ვიცი რომ მშობელივით ელი ჩემს “პირველ” სიტყვას, უკვე მერამდენედ…

ღმერთო, სასტიკი ბრძოლა მიწევს ამისთვის.

ღმერთო, მაინც მოგიხმობს ჩემი სული.

ღმერთო, აი, ჩემი პირველი სიტყვა.

ღმერთო!

ღმერთო…

აღმთქმელი სარწმუნოა!

10 months ago თეონა მენაბდიშვილი

ყოველთვის მეგონა, რომ არაფრად ვღირდი და სამყაროს შეფასებაც იგივე იყო.

ყოველთვის მეგონა, რომ ოცნებები არ სრულდებოდა და გამოცდილებაც მეთანხმებოდა ამაში.

ყოველთვის მეგონა, რომ მარტო ვიყავი და გარშემომყოფებიც მეხმარებოდნენ ამის დაჯერებაში.

ყოველთვის მეგონა, რომ სიყვარული და ერთგულება არ არსებობდა და  „სიყვარულიც“ დამეხმარა, ამაში უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი.

ცრუ არის სამყარო.

უგუნურია გამოცდილება.

უძლურნი არიან გარშემომყოფები.

სიყვარული არ არის „სიყვარული“

თუმცა…

ყოველთვის მეგონა, რომ არასაკმარისი იყო ჩემი სამყარო, რომ ვარსკვლავები ღამის ცაზე თავად არ  დასხდნენ, რომ შემოქმედი არსებობდა და მისი ყოფნა, როგორღაც კავშირს პოულობდა უბადრუკ მესთან.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი სიცოცხლე ნესტიან საწოლში წოლაზე მეტი უნდა ყოფილიყო.

რომ ჩემი ჭერიდან ჩამოვარდნილი წყლის წვეთივით პატარა და სუსტი ვიყავი, რაღაც დიად ძალასთან შედარებთ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღეს ვიპოვიდი და თავად ის დამეხმარა ამის დაჯრებაში.

ყოველთვის მეგონა, რომ ერთ დღეს მიპოვიდა –  თავად ის დამეხმარა ამის დაჯერებაში.

ეს თითქოს ყველაფრისთვის მნიშვნელობის დაკარგვა და შეძენაა ერთდროულად. ერთდროულად ნგრევაა წარსულის და შენება მომავლისა, როცა გპოულობს ის, ვის წინაშეც იდრიკება სამყარო, ვისთვისაც უმნიშვნელოა  შენი გამოცდილება. ვინც მეტია შენზეც და გარშემომყოფებზეც, ვინც თავადაა სიყვარული.

მან გადაიხადა ჩემში ფასი და შეუფასებლად მაქცია.

მაჩუქა ოცნებები, რომლებიც აუცილებლად ახდება.

აღმითქვა, რომ არასოდეს დამტოვებს მარტო.

შემიყვარა და საუკუნოდ  ერთგულია ამ სიყვარულის.

ჩემთან არის…

გამომიხსნა…

დამიცავს…

წამიძღვება…

ვეყვარები…

არ მიმატოვებს…

P.S  თვითონ დამეხმარა ამის დაჯერებაში

მას სჯერა შენი…

11 months ago თეონა მენაბდიშვილი

რა მნიშვნელობა აქვს რას გეუბნება წარსული? რა აზრი აქვს რამდენჯერ დაეცი, რამდენჯერ არ გამოგივიდა? როგორ შეიძლია ფეხზე მხოლოდ იმის შიშის გამო არ წამოდგე, რომ ისევ დაცემი? როგორ შეგილია პატიება იმის შიშით არ ითხოვო, რომ ისევ შეგეშლება?

ჰო, ვიცი რომ მძიმეა ტვირთი, რომ ბევრჯერ შეცდი, ვიცი რომ აღარ გჯერა საკუთარი თავის, რომ ფეხზე წამოდგომისას უკვე ხედავ დაცემას, რომ გრცხვენია უფლისა და რა გსურს? შეგიბრალო? არ მებრალები…

განაგრძე ასე ცხოვრება. წარსულის გამო ეშმაკს დაუმორჩილე აწმყოც და მომავალიც, სათითაოდ დაუთმე ოჯახის წევრები და მეგობრები, დანებდი… უბოძე საკუთარი თავი, დაიდგი მონობის უღელი და მორჩილად გაჰყევი ჯოჯოხეთამდე. გაცვალე ძნელად შესანარჩუნებელი სიწმინდე მარტივ სიბინძურეზე. მოშორდი ლამპარს და სიბნელეს შეეგუე, დათმე ზეცა…

მაგრამ მანამდე, გოლგოთასთან გაჩერდი.

თვალებში ჩახედე ჯვარცმულ მაცხოვარს, ჩახედე ღვთის ძის სისხლიან თვალებს და უთხარი რომ არ შეგიძლია, უთხარი რომ უკვე ბევრჯერ დაეცი და აზრი არ აქვს მცდელბას, რომ არ ხარ საკმარისად ძლიერი, უთხარი რომ მომავლის არ გჯერა, რომ სისუსტეს ვერ მოერევი.

შეხედე ქრისტეს თვალებში და უთხარი რომ ამაოა მისი მსხვერპლი…

იცი მისი პასუხი… მას სჯერა შენი…

ადექი! იბრძოლე!

როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო? – წერილები ღმერთს

1 year ago თეონა მენაბდიშვილი

დღეს ყველა შენს ტანჯვებზე საუბრობს, სიბრალულით იხსენებენ შენს წამებასა და ჯვარცმას, მე კი არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ, როცა მივიწყებულ ღმერთს ტრადიციის გამო იხსენებენ, ან რას გრძნობ შენ, როცა მთელი „ქრისტიანული“ სამყარო შენ მოსანახულებლად ისე მოდის, როგორც თავშესაფარს მიბარებულ მოხუცთან…

არავის ესმის, ვერავინ ხვდება სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს დღე შენთვის და მეშინია იმის გააზრება, რომ მათ შორის მეც ვარ, დღემდე ვერაფერი გამიგია…

კვლავ ბევრი კითხვა მაქვს…
რას გრძნობდი, როცა ფეხს ბანდი უღირსთ?
რა ხმა გამოსცა პურის გატეხვამ?
რა გემო ჰქონდა შენ მიერ შესმულ ღვინოს?
შენ რას ხედავდი პეტრეს თვალებში, როცა დაიფიცა, რომ არ გაგცემდა?
რა ფერი ჰქონდა იმ ღამით შენს ცას?
რას გამოთქვამდა შენი ბაგენი?
რის ამოოხვრას ლამობდა სული, რის თქმას ცდილობდა ოფლით და სისხლით?
როგორ ეძინათ მათ, ვინც ვერ შეძლეს ეფხიზლათ შენთვის?
როგორ შეეხო შენს წმიდა სახეს იუდას ბაგე?
რას გრძნობდი, როცა გასამართლებდნენ უსამართლონი?
როგორ შეძელი მორჩილება მათი სასჯელის?
რატომ დატოვე უპასუხოდ პილატეს კითხვა?
შენც გსურდა ხალხთან ერთად გეყვირა „ბარაბა“ ?
როგორ დაიტიე ტკივილი და სიყვარული ერთად?
შენთვის რას ნიშნავდა ეკლის გვირგვინით მეფედ კურთხევა?
როგორ შეძელი გრძელი გზის გავლა?
როგორ შეეხო ლურსმანი ხელებს?
რა გემო ჰქონდა ნაღველნარევ ძმარს?
როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო?
რად მიგატოვა მამამ გოლგოთას?
რა ფასი დაჯდა ფრაზა „აღსრულდა“?

ბევრი კითხვა მაქვს, უფალო, ისევ…
ეს ყველაფერი მართლაც და რისთვის?
ვისთვის, უფალო…
ჩემთვის?
ჩვენთვის?

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს…

ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

1 year ago თეონა მენაბდიშვილი

„გამომიწოდა სიმღლიდან ხელი და ამომიყვანა; მრავალი წყლებისგან გამომიხსნა“ (ფსალმუნი 17:17)

ვიძირებოდი…

წყალმა დაფარა ჩემი სხეული.

ვეღარაფერს ხედავდნენ თვალები.

რა ძლიერად ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას და როგორ მივისწრაფოდი ფსკერისკენ…

ვიძირებოდი და თანდათან ბუნდოვანი ხდებოდა ყველა მოგონება.

ძლიერად მსურდა ერთი წამით მაინც, სრულად გამეხსენებინა, როგორი იყო შენთან ყოფნა. რას ვგრძნობდი მაშინ, როცა მორჩილად მოგყვებოდი, როცა მთელ სხეულში ვგრძნობდი შენთან ყოფნის სიხარულს, როცა თამამად მოვრბოდი შენ წინაშე და არაფერი მიმძიმებდა სულს.

ვცდილობდი გამეხსენებინა შენთან გატარებული დრო და წამით მაინც, კვლავ მეგრძნო შენი სიყვარული, შენთან ყოფნის სითბო, შენი მზრუნველობა, ისევ განმეცადა მამასთან ყოფნის სიმშვიდე.

ვიძირებოდი…

უძლური აღმოვჩნდი იმ ძალასთან, რომელიც ასე ბეჯითად ცდილობდა ჩემ ჩამოშორებას შენგან. ძალასთან, რომელიც ერთდროულად ჩემშიც იყო და ჩემ გარეთაც…

ამაო იყო ყველა მცდელობა, მოგონებები ჯერ გაფერმკრთალდნენ, შემდეგ კი გაქრნენ.

სწორედ მაშინ, როცა ასე მოიწევდა დასასრული, როცა ასე ახლოს იყო ფსკერი, კვლავ გამომიწოდე ხელი, ისევ ისე, როგორც მრავალჯერ.

და ეს ხელი ყველაზე მკაფიო მოგონება იყო …

ხელი მხსნელისა, რომელიც არ ცდილობს ძალით მოიმოქმედოს რაიმე, რომელიც სულ ახლოს მოდის ჩემთან, რომელიც მზადაა, თანხმობის შემთხვევაში, ჩამეჭიდოს და გამომიხსნას.

მე ვიცანი ხელი უფლისა, ვიცანი ჩემთვის ნალურსმევი, სიყვარულით გამოწვდილი ხელი მამისა.

ხელი, რომელმაც ძლიერად გააპო წყალი, რომელმაც გაწყვიტა ყველა ბორკილი და წარმოუდგენელი ძალით მიმიზიდა.

მე ვიცანი შენი ხელი.

რომლის წყალობითაც ახლა ტალღებზე ვდგავარ…

გვერდი: 1 (რაოდენობა 2)12»
ავტორები
ანა ხუბაშვილი ანი ჭილაშვილი ბაჩუკი დოდაშვილი გიორგი აგურაშვილი გიორგი ფიროსმანაშვილი გუჯა ჩაჩანიძე დაჩი პაპაშვილი თამუნა შაქარაშვილი თეონა მენაბდიშვილი თორნიკე ხუბაშვილი ლიკა მელანაშვილი მაკო ჭიაბრიშვილი მარიამ ჩიტაური ნატალია ჩიქოვანი ნინო ხუროშვილი
პოპულარული პოსტები
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views
და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…
1 year ago
454 views
სიკვდილი არ არის დასასრული…
1 year ago
430 views

თემები
ღმერთიცხოვრებატკივილიწარსულიუფალიჯვარიწერილიქრისტესიცოცხლეიმედიადამიანიპატიებატანჯვაგამარჯვებაგადარჩენაგზაჯვარცმაქრისტიანიაღდგომაადამიბრძოლასიკვდილიქრისტიანობაადამიანობარწმენასიყალბეაღთქმასიმშვიდეარჩევანითავისუფლებაწერილებიმიძღვნაძალასიყვარულითანაგრძნობაგანკითხვამომავალიდედამიწასამყაროშიშიპიროვნებაავადმყოფობაიმედგაცრუებაეჭვირელიგია
ონლაინ ბიბლია (ძიებით)

გამოგვყევით Instagram – ზე
შემთხვევითი პოსტი
სხვა იმედი და რწმენა არ არსებობს გარდა ღმერთისა
2 years ago

იყო ტრაგედია და იყო ტკივილი. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა, რომ ყველაფერი თავზე დამემხო და ახლა თავიდან უნდა მეშენებინა ჩემი ცხოვრება, ჩემი რწმენა, ჩემი იმედი. მაშინ არ მესმოდა, სად უნდა მეპოვა ძალა გზის გასაგრძელებლად. მხოლოდ გოდება მესმოდა და სადღაც კუთხეში მიკუნჭული ღმერთს ვსაყვედურობდი და ვადანაშაულებდი. არ ვიცოდი, როგორ მომეკრიბა ძალა და ღმერთს შევღრიალებდი, […]

ბოლოს დამატებული პოსტი
რანაირები ხართ ადამიანები?!..
1 month ago

მახსოვს შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი. უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანშიშესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე […]

პოპულარული პოსტი
ის მეტია ვიდრე სიცოცხლე…
2 years ago
675 views

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! […]

2018 © ქრისტიანის ბლოგი
TOP.GE