ადექი და აიღე შენი ჯვარი!

0 43

ადექი და აიღე შენი ჯვარი… იტვირთე სიმძიმე და მიხვდები, რომ არ დარჩება ადგილი დრტვინვისა და წუხილისთვის… ადექი და აიღე შენი ჯვარი, ხელი გაუშვი სასოწარკვეთას და იმედგაცრუებას, ხელი გაუშვი ყველაფერს, რასაც ბოლო იმედივით ჩაფრენილხარ გახელებით, ხელი გაუშვი სიმწარეს, ტკივილსა და მარტოობას. იტვირთე შენი ჯვარი და ნუ წაეპოტინები მიუწვდომელს.

ადექი და აიღე შენი ჯვარი! ჩამოიფერთხე ქვეყნიერების მტვერი და გარეცხე სამოსელი… გამართე დაშვებული მხრები და ხმას ნუ დაუხშობ დადარაჯებულ სინდისს… იარე წინ და ნუ დატოვებ შენს ჯვარს პირველივე გზაჯვარედინზე. იარე წინ, მიუხედავად ტკივილისა, წვიმისა და ქარისა, სიცხისა და სიცივისა… იარე წინ! და თუ იგრძნობ, რომ ვეღარ მიდიხარ, თუ ჯვრის სიმძიმემ გადაგძალა და მაინც დაეცი, მაშინ იხოხე… ოღონდ გზა განაგრძე… იტირე, მაგრამ ჯვარს ხელი არ გაუშვა, არ დანებდე ტყუილს სიმსუბუქეზე, რადგან არ არსებობს ცოდვაზე დიდი ტვირთი ამქვეყნად…

და თუ სადმე, ცხოვრების უდაბნოში, ქვიშის ქარიშხალი თვალებს მტვრით ამოგივსებს, თუ გზიდან გადაუხვევ და უცხო ცეცხლთან, უცხო ხალხთან ერთად შემორჩები, ნუ ჩამოხვალ საკუთარ თავს ფსონად ცხოვრების კაზინოში… ზეცას ახედე! ის გიჩვენებს უკან დასაბრუნებელ გზას და შობის ვარსკვლავი გაგინათებს ბილიკს სახლისკენ… და თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტ, გზად უსათუოდ იპოვი მტვერში დაგდებულ ჯვარს… ადექი და აიღე შენი ჯვარი! ეს ერთადერთი გზაა, ზეცაში რომ მიდის…

Loading...