აღვზარდოთ თაობა ქრისტესთვის

0 504

ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს გინებას (პატარას უხდებაო) და შემდეგ გვიკვირს, როცა ჩვენ მიმართ იყენებენ ჩვენგანვე ნასწავლს. ჩვენ ვგზავნით უბნის მაღაზიაში ჩვენს შვილებს ლუდსა და სიგარეტზე და შემდეგ გვიკვირს, როდესაც სკოლის მასწავლებლები გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენი შვილები ეწევიან და სვამენ.

ჩვენ ვმართავთ ღრეობებს, ვსვამთ უგონოდ, ვჩხუბობთ, ვაყურებინებთ ამ ყოველივეს ჩვენს შვილებს და შემდეგ გვიკვირს, თუ საიდან გახდნენ ისინი ზუსტად ისეთები, როგორებადაც ჩვენ გვხედავდნენ მთელი ბავშვობის განმავლობაში. ჩვენ არ ვთესავთ ჩვენს შვილებში პატრიოტიზმს და შემდეგ გვიკვირს, თუ რატომ არ აქვთ ქართული სულისკვეთება.

ჩვენ ვისვრით ნაგავს მანქანებიდან ჩვენი ბავშვების თვალწინ და შემდეგ გვიკვირს მათი ანალოგიური ქმედება. ჩვენ ვჩხუბობთ, ვკამათობთ და ვილანძღებით ოჯახებში, ჩვენი ბავშვების დასანახად და შემდეგ გვიკვრის, როდესაც აგრესიას ვხედავთ მათში…

ჩვენ ვთესავთ ჩვენს ბავშვებში სიძულვილს და შემდეგ გვიკვირს, სიყვარულს რატომ არ ვიმკითო? ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს ქრისტეს სიტყვის გარეშე და შემდეგ გვიკვირს, სატანას როდის მიჰყიდეს სულიო?!

იგავნი 22:6: “გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.”

დაე, ჩვენი შვილები გავწვრთნათ პატიოსან მოქალაქეებად, ვაჟკაცებად და ყმაწვილქალებად, სიყვარულის მთესველებად, ბოროტის წილ კეთილით გადამხდელებად, სიბნელესთან სინათლით მებრძოლებად, გაჭირვებულის დამხმარეებად, ცუდ გზაზე მდგომის გამომსწორებლებად. დაე, ქრისტეს მოსიყვარულეებად, მოშიშებად, ერთგულებად აღვზარდოთ და გავწვრთნათ ჩვენი შვილები – ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა.

ავტორი: გიორგი ოდიაშვილი

 

Loading...