გადაწყვიტე, გაიმარჯვო!

0 270

სანამ წერას დავიწყებდე, თქვენ კი წაიკითხავდეთ, მინდა ვილოცოთ, რათა ღმერთმა გაგვიცხადოს თავისი სიბრძნის სულით, და დაწერილი იყოს ყველასთვის გასაგებად და, რაც მთავარია, ღვთივსულიერად.

„ზეციერო მამავ, მოვდივართ შენ წინაშე მადლიერებით და წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე. გთხოვთ, დაწერილი გაგვიცხადე შენი სიბრძნისა და გამოცხადების სულით და განადიდე შენი სახელი უკუნისამდე, ამინ!“

მე, ალბათ, შენც, ჩვენ… ადამიანებს გვგონია, რომ როდესაც გვაქვს ღმერთის სიტყვის ცოდნა და სიყვარული, ეს თავდაჯერებულობას გვმატებს, შესაძლოა, სიამაყესაც… სიამაყეს იმისა, რომ გვგონია, ამ ყველაფერს არასოდეს დავკარგავთ, განა ვერასოდეს, არამედ არასოდეს, მაგრამ შეიძლება გავიდეს ცოტა დრო, სულ ცოტა და მიხვდე, რომ ყველაფერი არათუ შემოგეძარცვა, არამედ შენ დაუშვი, რომ შემოგძარცვოდა.

შენ დაუშვი, რომ ხელცარიელი, გულცარიელი და სიტყვისგანაც ცარიელი ყოფილიყავი.
ხანდახან, როდესაც კარგად ვართ, როდესაც ჩვენი გული სავსეა ღმერთის სიტყვით, სწორედ მაშინ ზოგიერთები არ ვფხიზლობთ და ვერ ვიცავთ იმას, რაც გვაქვს, რაც მოგვეცა და რაც მივიღეთ.

იოანეს სახარება 10:10:
„ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს, ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.“

მოდით, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რამე ხომ არ მოგვპარეს ან გვპარავენ? რამდენად იცავ იმას, რაც მოგეცა და რისთვისაც იშრომე?

შეიძლება იბრძოდი და იბრძვი კიდეც, შეიძლება გტკიოდა და ახლაც გტკივა, შეიძლება გინდოდა ბევრი რამის შეცვლა და ახლაც გინდა…

იბრძოლე! იბრძოლე!..

არ გაუშვა ბრძოლის იარაღს ხელი, რადგან ცხოვრება ბრძოლაა, სულიერი ბრძოლა.
ამ ბრძოლაში კი მხოლოდ შენ არ იბრძვი, ისიც იბრძის, ვისაც მიუძღვენი შენი სიცოცხლე და ის მაშინაც შენთან არის, როცა ვეღარ გრძნობ, როცა გული გტკივა და როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა.

შენ მარტო არ ხარ. თუ შერცხვენილი ხარ ან უიმედო, და დაკარგე შენი თავის რწმენა, მიმართე ღმერთს. თუ ერთხელ არ გამოგივიდა, არა უშავს, კიდევ სცადე. ცხოვრებაში სირთულეები გვაძლიერებს. შენ უნდა გადაწყვიტო, გინდა იყო გამარჯვებული, ძლიერი და მტკიცე, თუ დამარცხებული, დაუძლურებული და მერყევი.

მიქა წინასწარმეტყველი 7:8:
„ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!“

შეიძლება ბნელში ზიხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ის არის სინათლე, ვისაც მიუძღვენი სიცოცხლე, და თუ ჯერ არ გადაგიდგამს ეს ნაბიჯი, მაშინ იცოდე, რომ ღმერთი არის სინათლე, გზა ჭეშმარიტი, რომელიც არასოდეს დაგტოვებს და არასოდეს გაგიშვებს ხელს.
როდესაც ძლიერი, გაბედული და მამაცი ხარ, ამას ყველა ხედავს, მაგრამ რის ხარჯზე, რამდენი ბრძოლისა და ტკივილის ხარჯზე, ეს მხოლოდ შენ და ღმერთმა იცით…

გადაწყვიტე, გაიმარჯვო დღეს!..

Loading...