გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

0 27

“რადგან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.” (კოლასელთა 3:3)

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

მერე გაგრძელდა ეკლიანი გზა ზეცისკენ… მიდიხარ და ხედავ, ეკალ–ბარდებით დახეული ხორცის ძონძებიდან როგორ მოძვრება ზედაპირულად დამარხული “მეობა”, თვალი ფართო გზისკენ უჭირავს და გამხმარი თითებით ჩაგფრენია მაჯაში, თითქოს ეშინია, არსად გაექცე. გამუდმებული “ვაჭრობა” საკუთარ მეობასთან გავიწყებს, რომ მკვდარი ხარ, მკვდარი, რომელსაც არ ესმის, ვერ გრძნობს და ვერ ხედავს… და აი, შენც ნელ–ნელა ხედავ შენ წინ მიმავალი ხალხის სიშიშვლეს (ისე, როგორც შენ უკან მომავალი – შენსას), გესმის ტკივილისა და წყენის გულისგამაწვრილებელი ზუზუნი, ამპარტავნობის ქარი კი პირდაპირ სახეში გცემს… უკვე აღარ ხარ მკვდარი, თუმცა არც ცოცხალს გავხარ… მიდიხარ ასე ცოცხალ–მკვდარი და გინდა, როგორღაც შეუთავსო სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს… მიდიხარ და ყურთასმენას საწყენი საუბრები იპყრობს, ბრაზობ, მრისხანებ, ტირი და შფოთავ, ეძებ სიმშვიდეს, რომელიც სადღაც გზის დასაწყისში ეკლიან ბუჩქზე “მეობის” ნაცვლად დატოვე… სამაგიეროდ “ცოცხალი” ხარ, ცოცხალი ცოდვისთვის და ეს “სიცოცხლე” ყოველ ნაბიჯზე გკლავს… ძალას გაცლის და მომავლის იმედს გიკარგავს… მიდიხარ და ხედავ შენ ირგვლივ გამეფებულ ტკივილს, ობლობასა და მიუსაფრობას… ხედავ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს თელავენ კვარცხლბეკზე მოსახვედრად; მათ, ვისაც დაავიწყდათ, რისთვის იბრძოდნენ; მათ, ვინც სიყვარული ძველმოდურ ცნებად მიიჩნია; მათაც, ვინც ეკალ–ბარდებით დახეული ხორცის ძონძებს ქვეყნიერების ფერადი საკერებელი დაადო…

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა… ხშირად შეხსენება გვჭირდება, რომ მკვდრები ვართ… მკვდრები საწყენი საუბრებისთვის, ცილისწამებისთვის, ხორცის გულისთქმებისთვის. მკვდრები ვართ სიძულვილისთვის, შურისძიებისთვის, სიამაყისთვის და მეობისთვის. მკვდარი ვერაფერს გრძნობს, ვერც სხვის ნაკლს ხედავს და არც სხვისი განკითხვა შეუძლია… ჩვენ მკვდრები ვართ საკუთარი სურვილით, სინდისის აღთქმით ღმერთთან, მკვდრები, რომლებიც საფლავიდან დგებიან ნახევრად გახრწნილი ძვლებით და ბნელში დაძრწიან, მაშინ, როცა ნამდვილი სიცოცხლე სულ ახლოს ჩქეფს… საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მკვდრეთით აღდგომას გვპირდება სრულყოფილებაში. ქრისტიანობას ბევრი პარადოქსი აქვს, მაგრამ ერთ–ერთი უმთავრესი სიცოცხლეა, სიკვდილის შემდეგ! უნდა მოუკვდე ცოდვას, რომ იცოცხლო ქრისტეში!

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

Loading...