გვტკივა, ღმერთო…

0 208

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. დაბადებისთანავე ვტირით, ტკივილითა და ბრძოლით იწყება ჩვენი სიცოცხლე. დედამიწა საშიში ადგილია ჩვენთვის, ყველგან ტკივილი, ცრემლი და სიკვდილია ჩასაფრებული. ზამთრის დაუსრულებელ სიცივეს ვატარებთ მხრებით და წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ღრუბლები გვაქვს თვალებში. მარტონი ვართ. გვტკენენ, ვტკენთ, ჩვენგან განუყოფელი გახდა ტკივილი და ყველაზე ბედნიერ მომენტშიც კი ჩვენი გულის სიღრმეშია ჩამალული, არსად აპირებს წასვლას, გვეჩურჩულება, აქ ვარო. ბევრჯერ იწვიმა ჩვენი თვალებიდან, გვეშინია, ეჭვი კი კვლავ დაუნდობლად გვისერავს გულებს, ნუთუ დაგვივიწყე, ნუთუ არ გადარდებს, ნუთუ არაფერს გააკეთებ.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. ვიცით, აქ ხარ ჩვენ სანუგეშებლად, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნუგეშის ძებნის ნაცვლად, გლანძღავთ. ზოგჯერ უსიტყვოდ, ზოგჯერ შეფარვით, მაგრამ შენ გლანძღავთ. უმოქმედობაში გადანაშაულებთ, თითს ვიშვერთ შენკენ, კითხვებს ვსვამთ და შენს ახსნა-განმარტებებს ვითხოვთ. შენ კი, უფალო, არ გაგვირბიხარ, უბრალოდ, მხოლოდ ერთი ადგილი გაქვს პასუხებისთვის. გოლგოთა… აქ, ორ ავაზაკს შორის, ძახილის ნიშნადაა დასმული ჯვარი მაცხოვრისა. პასუხი საბოლოოა – ღვთის ძე, ჩვენთვის მსხვერპლად შეწირული. ყველგან შეგვიძლია გიყვიროთ: „რატომ?!“, მაგრამ აქ არა. გვამუნჯებს გოლგოთის შემზარავი სურათი, ვუყურებთ შენს დასახიჩრებულ სხეულს და არაფერი გვაქვს სათქმელი ჩვენს ტკივილზე. ვერ გეკითხებით, რატომ გვიღალატეს – შენს წმინდა სახეს ამჩნევია იუდას კოცნა. ვერ გეკითხებით, რატომ დაგვამცირეს – ზეცამდე აღწევს ჯარისკაცთა ლანძღვა-გინება. ვერ გეკითხებით, რატომ უარგვყვეს – მესამედ ყივის მამალი უკვე. ვერც იმას ვამბობთ, როგორი რთულია ვინმეს დაკარგვა – ზეცა გრგვინავს და სამყარო იძვრის მამის ტკივილით.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. მაგრამ შენ არ ხარ ის, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რა გრძნობაა ეს. ღმერთო, შენ არ ხარ ის, ვისკენაც შეგვიძლია თითის გაშვერა, როცა შენგან ნალურსმევი ხელია გამოწვდილი. შენ მთელი სისავსით შეიგრძენი ჩვენი ტკივილი, იმაზე აგე პასუხი, რაც არ დაგიშავებია, გამოგვისყიდე და უპასუხე ჩვენს ყველა კითხვას. ყველაფერგადატანილს შეგიძლია, ყველაფერში თანაგვიგრძნო. ჩვენში დამკვიდრდი, ყველა ისარი შენი გულის გავლით ხვდება ჩვენსას. და სანამ აქ ვართ, სანამ ბოროტებას საბოლოოდ შეუკრავ ხელ-ფეხს, სანამ სინათლე შენი იზეიმებს ამ სიბნელეზე, გვჯერა შენი აღთქმის, გვაიმედებს სიტყვები შენი, რომ ყველა ცრემლს მოგვწმენდ თვალებიდან, რომ დაასრულებ ყოველგვარ ტკივილს, რომ გაასამართლებ ბოროტებას.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. მაგრამ შენი მოიმედენი ვართ, ძალას განგვიახლებ, ავწევთ ფრთებს, როგორც არწივები, გავიქცევით და არ დავიქანცებით, ვივლით და არ დავიღლებით. ძლიერნი ვართ შენს ჯვართან, ჩვენი კითხვების პასუხთან, ჩვენს ნუგეშთან და იმედთან. აქ, გოლგოთაზე, ორ ავაზაკს შორის ძახილის ნიშნად დასმულ მაცხოვრის ჯვართან!..

თეონა მენაბდიშვილი

 

Loading...