დადიან ჩვენი სულები ჩამოგლეჯილნი…

0 516

შენი სიწმინდის სულს ნუ წამართმევ, ღმერთო, დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით…
რადგან დაგვიძველდა რწმენა, ჩრჩილნაჭამი სამოსელივით შემოგვეხა და შემოგვეძარცვა ქრისტიანობა. გაცვეთილ სიტყვებად გვექცა გაუცვეთელი ჭეშმარიტებანი და ბანალური გახდა ფრაზები: „შენ ღმერთს უყვარხარ“, „ის მოკვდა შენთვის“, „მას საუკეთესო სურს შენი ცხოვრებისთვის“… მორიდებით ვამბობთ სხვებთან, რომ ქრისტიანები ვართ და როცა შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავჩუმდეთ, სულაც არაფერს ვამბობთ.

სხვებს ვაკრიტიკებთ ტაძარში მოდისა და რიტუალებისთვის სიარულის გამო, შინაარსისგან დაცლილი „ღვთისმოსაობისა“ და „ღვთისმოშიშების“ გამო და ამ დროს თავად გვექცა მოსაბეზრებელ მოვალეობად კვირას ეკლესიაში წასვლა. ცარიელნი მივდივართ და ცარიელნი მოვდივართ. არაფერი მიგვაქვს და არაფერი მოგვაქვს. ეკლესიაშიც კი ვერ ვგრძნობთ ღმერთის სიახლოვეს, იქაც კი შორსა ვართ ღმერთისგან.

მერე კვირის დანარჩენ დღეებს საკუთარ საქმესა და საზრუნავებში ჩაფლულნი ვატარებთ, არ გვცალია სხვებისთვის, სად გვაქვს ყურადღება სხვებისთვის გასაყოფი, სად გვაქვს სიყვარული, მარჯვნივ და მარცხნივ რომ ვარიგოთ…

დავდივართ მსახურებაზე, რადგან უარს ვერ ვამბობთ რაღაც ვალდებულების გამო, სხვებმა რომ არაფერი თქვან, იმის გამო; იმის გამო, რომ მივეჩვიეთ, ავტომატურად და განმეორებად ჩვეულებად გვექცა და ამის გამო… და თუნდაც იმის გამო, რომ „ღვთისმოსაობის“ და „ღვთისმოშიშების“ ნაფლეთებიღა შემოგვრჩა…

დაძონძილს დავათრევთ საკუთარ სულებს, დამშეულსა და გაძვალტყავებულს, მოწყურებულსა და დამშრალს… სამაგიეროდ, ისეთ ყალბ სამყაროს ვქმნით ჩვენ გარშემო, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში (არარსებულ და ვირტუალურ მაკროსამყაროში ასევე არარსებულ და ვირტუალურ მიკროსამყაროს ვქმნით), რომ თავადვე ვიჯერებთ მერე, რაოდენ მდიდარი სულიერი სამყაროს მფლობელნი ვართ თურმე და რა საინტერესო ცხოვრება გვაქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან შეიძლება ბიბლიის ესა თუ ის მუხლი გამოვაქვეყნოთ, თავი მოვიწონოთ ჩვენი „ცხოვრებისეული სიბრძნით“. ეს უკეთეს შემთხვევაში… უარესი კი ისაა, როცა ჩვენს შემხედვარე ადამიანს ოდნავი ასოციაციაც არ უჩნდება იმისა, რომ შესაძლოა ქრისტიანები ვიყოთ და „ღმერთს ვემსახურებოდეთ“.

რა უნდა ვასწავლოთ სხვებს, თუ თავად არ ვიცით არაფერი? როგორ უნდა ავანთოთ სხვები, თუ თავად ჩამქრალნი ან ოდნავ მბჟუტავნი დავდივართ? როგორ უნდა ვასწავლოთ სიკეთის კეთება სხვებს, თუნდაც საკუთარ შვილებს, თუ მთელი ჩვენი სიკეთე ქუჩაში მჯდომი მათხოვრისთვის რამდენიმე გროშის ჩაგდებით შემოისაზღვრება? როგორ უნდა წარვუძღვეთ სხვებს, როცა თავად გზა გვაქვს არეული და ხელების ცეცებით დავდივართ?

სუფთა გულები შექმენი ჩვენში, ღმერთო და წრფელი სული განაახლე ჩვენს სხეულებში!

როგორ უნდა ხვდებოდნენ ურწმუნონი, რომ ქრისტიანები ვართ, თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, თუ ეჭვი და უნდობლობა სარეველასავით ედება ეკლესიებს, თუ არ შეგვიძლია ერთმანეთისათვის გულწრფელი ლოცვა? და რასაც ვლოცულობთ, ისიც კი ყალბია და დიდი ხნის ნასწავლი და გაზეპირებული?

დადიან ჩვენი სულები ჩამოგლეჯილნი, რწმენის, იმედისა და სიყვარულის ძონძებით და ითხოვენ შველას…
მეტისმეტად „დავბრძენდით“, მეტისმეტად „ბევრი ვისწავლეთ“ და მეტისმეტად „გავიზარდეთ“ იმისათვის, რომ ბავშვურად გვიხაროდეს, ბავშვურად გვწამდეს და ბავშვებივით გვიყვარდეს, ბავშვებივით ვპატიობდეთ.

შეგვიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ! შენი მრავალი შემწყნარებლობისამებრ წაშალე ჩვენი დანაშაული!
ღმერთო, ჩვენი ხსნისა, განგვიმტკიცე მოშვებული მკლავები და მოდუნებული მუხლები. დაამსუყე და გააძღე ჩვენი სულები შენი სიცოცხლის პურით. სიწმინდის სული განაახლე ჩვენში…

Loading...