და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

0 53

აქ, მარადისობაში, გამუდმებით შენ გეძებ. თვალჩაციებით გიმზერ მზით გამთბარი ღრუბლების მიღმა და შენზე ვფიქრობ… ბევრს… ძალიან ბევრს. იმდენად ბევრს, რომ შენს თავზე ყველა თმის ღერი დავთვალე. გიმზერ სიყვარულით და მამობრივი მზრუნველობით და იმდენად ძვირფასი ხარ, რომ ყველა, ვინც შენ გეხება, ეხება ჩემი თვალის გუგას…

მე შენთან ვარ, როცა დილით ნაჩქარევად გარბიხარ სახლიდან ისე, რომ მოსალმებასაც ვერ ასწრებ… მაშინაც შენთან ვარ, როცა არ მიხმობ და მაშინაც, როცა იატაკზე მჯდარი გულამოსკვნილი ქვითინებ: “რატომ მიმატოვე, ღმერთო?”… მე კი ვდგავარ შენს კართან და განუწყვეტლივ ვაკაკუნებ, რომ გითხრა პასუხი კითხვებზე, რომ განუგეშო და გულში ჩაგიკრა, მაგრამ კარს არ მიღებ… და მაინც, მე გელი, რადგან ვიცი, ერთ დღესაც მოხვალ ქვეყნიერების ხეტიალიდან და ცრემლებს შეგიშრობ, ჩამოგბერტყავ იმედგაცრუების მტვერს და იარებს შეგიხვევ…

როდესაც ფიქრობ, რომ მარტო ხარ, გახსოვდეს, რომ მე ვიცი, რა არის სიმარტოვე; როდესაც გტკივა, იცოდე, რომ მე ვიცი, რა არის ტანჯვა; როდესაც უარგყოფენ, გახსოვდეს, რომ მე გავიარე “ვია დოლოროსას” ქუჩაზე ეკლის გვირგვინით… შენ არ ხარ მარტო შენს ოთახში, იატაკზე მჯდარი ცრემლების ზღვაში, არ ხარ მარტო შენს ტკივილებში და დაცემაში, რადგან მე ვარ შენთან მაშინაც, როცა გგონია, რომ მიგატოვე…

გახსოვდეს, რომ არასდროს დავუშვებ იმაზე მეტს, ვიდრე გადატანას შეძლებ… მე მჯერა შენი! მჯერა, რომ განუზომელია ჩემი ძალის ძლიერება შენში, რომელსაც გწამს ჩემი. იცოდე, რომ ყველა ტკივილი გაძლიერებს, ყველა დაცემა გწვრთნის და ყველა განსაცდელი რწმენით გავსებს… ნუ გეშინია და ნუ ფრთხი, უბრალოდ მომენდე…

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს, იცოდე, რომ იქ, მარადისობაში მე შენ დაგეძებ და შენზე ვფიქრობ… და თუ სულ ერთი წამით, ქვეყნიერების ხმაურის მიღმა, შენს სმენას პატარა ჩქამი მისწვდება, იცოდე, რომ ეს მე ვარ… კვლავაც ვდგავარ და ვაკაკუნებ, რადგან ვიცი, რომ ერთ დღესაც მოხვალ…

Loading...