დრო დამექცა…

0 30

– რა მოხდა?

– დრო დამექცა…

– დრო? როგორ? როგორ შეიძლება დრო დაგექცეს?

– აი, ასე… დრო არის და თან თითქოს არ არის…

– როგორ არ არის. საათს შეხედე. დღეებსა და ღამეებს…

– ჰო… ვუყურებ საათს და ვხედავ, როგორ ვიმწყვდევ პეშვით წამებს, რომ როგორმე ცოტა დიდხანს შევინარჩუნო, მაგრამ მექცევა… ვერ ვაკავებ…

– დროის დაჭერას ცდილობ?

– ჰო… მივდევ, უკვე ვეღარც ვსუნთქავ დაღლილობისგან, მაგრამ ვერ ვეწევი… როცა ვიფიქრებ, რომ წამოვეწიე და ხელი წავავლე, მექცევა წყალივით… მეფანტება მტვერივით თვალსა და ხელს შუა… ვგრძნობ, რომ ჩემ გარშემო ქრის ქარივით დრო, ვგრძნობ, მაგრამ არ ძალმიძს მისი დაჭერა..

– გაუშვი, წავიდეს… რატომ მისდევ…

– მივდევ… მივდევ, რადგან ცოტაა სიცოცხლე და მე კი მინდა მეყოს… მინდა მოვასწრო ბევრი რამე… არ მინდა, მერე ვინანო, რომ დრო ტყუილად დავაქციე და წყურვილი ვერ მოვიკალი, ცოტათი მაინც…

– არ დაიღალე?

– ჰო, დავიღალე. ძალიან დავიღალე… მაგრამ ვერ ვჩერდები. ვერც უკან მივდივარ. დრო ყველა ხიდს წვავს უკან. გზა მხოლოდ წინ რჩება და თუ არ გავიქეცი, თუ არ მივდიე, თუ არ ვირბინე, უკან ყველა გზას და ხიდს დაწვავს და გაანადგურებს დრო და მერე?

– მერე?

– მერე მეც წარსულში ჩავრჩები, დრო დამფარავს…

– უცნაურად მსჯელობ…

– ალბათ… მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ… რაც სულს მიფორიაქებს…

– უბრალოდ დაივიწყე…

– არ შემიძლია. მეტისმეტად ბევრი დრო დამექცა. ძალიან ბევრი წამი, წუთი, დღეები, ღამეები დაიქცნენ წვეთებად და იქცნენ შხეფებად…

– წინ ხომ კიდევაა მთელი ზღვა…

– ზღვა? ზღვა კოვზით დაილიაო, ხომ იცი… ხოდა, დროც წამებად დაილევა… და არ მინდა ვინანო, რომ თითოეული ძვირფასი წვეთი ამაოდ დავაქციე…

– რას აკეთებ?

– ვლოცულობ…

– რას სთხოვ ღმერთს?

– ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული… რადგან მუხთალნი არიან დღენი…

Loading...