ენა – ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ინდიკატორი

0 238

ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. (იაკობი 3:10).

ადამიანის ბაგიდან გამოსულ სიტყვას შეუძლია, დაანგრიოს მეორე ადამიანი.

ადამიანის ბაგიდან გამოსულ სიტყვას შეუძლია არა მხოლოდ ერთი ადამიანის დანგრევა და მისთვის იმედის მოსპობა, არამედ ხალხთა მასებისთვისაც.

იაკობის წერილში ენა აღწერილია შემდეგნაირად: ასევეა ენაც; პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ბუგავს დიდ ტყეს. (იაკობი 3:5).

ხშირად ვფიქრობთ, რომ უწყინარი ლაყბობა, სხვათა განკითხვა, ქილიკი, ან თუნდაც ხუმრობა მეგობრებს შორის, ისეთს არაფერს აშავებს, მაგრამ სახარება სხვანაირად უყურებს ამას. მათეს სახარებაში იესო ამბობს:

ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. (მათე 12:36).

სახარება არასდროს არაფერს არ აჭარბებს. ის არ ცდილობს, შეგვაშინოს რამით, ან რაიმე გააბუქოს. და როცა იესო ამბობს – ყოველი“, ე.ი ყოველი სიტყვისთვის (სხვადასხვა თარგმანებში გამოყენებულია უქმი სიტყვისთვის, ცუდი სიტყვისთვის), რომელიც არ ემსახურებოდა ადამიანთა აშენებას და უქმად ან ცუდად გამოვიდა ჩვენი ბაგიდან, არის ფუჭად გამოყენებული, რომლისთვისაც პასუხს ვაგებთ განკითხვის დღეს.

ენა ძლიერი იარაღია, რომელიც ეშმაკს შეუძლია, რომ გამოიყენოს.

იაკობის წერილში წერია: ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული. ის ბილწავს მთელ სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან. (იაკობი 3:6).

ენა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ინდიკატორიცაა.

მათეს სახარებაში იესო ამბობს: როგორ შეგიძლიათ, ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. (მათე 12:34).

დავუკვირდეთ, ძვირფასებო, რა გამოდის ჩვენი ბაგიდან; აშენებს თუ ანგრევს ჩვენი ლაპარაკი ადამიანებს?!

თუ ჩვენი ბაგიდან გამოდის ბოროტი სიტყვები, სხვაზე თავის დამეტება, სხვისი დაცინვა, მაშინ ჩვენს შინაგანს მოწესრიგება სჭირდება, რაც შესაძლებელია უფლის დახმარებით.

ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. (იაკობი 3:2).

ენა ასევე ძლიერი იარაღია ღმერთის ხელში. მასში სიცოცხლის ძალაცაა.

მაშინ, როდესაც ჩვენი შინაგანი მოწესრიგებულია, ჩვენი ბაგიდან გამოდის იმედის და გამხნევების სიტყვა და არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენი ბაგიდან გამოსული სიტყვით ადამიანი იმედს, სიხარულს და სიცოცხლეს იძენს!..

ჩვენი ბაგის და სიტყვის ჭეშმარიტი დანიშნულება უფლის განდიდება და ერთმანეთის მხარდაჭერაა.

თუ დააკვირდებით, ჩვენი ბაგიდან გამომავალ გამამხნევებელ სიტყვებს არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ ჩვენივე გამხნევებაც კი შეუძლია.

იგავებში წერია: გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს. (იგავები 12:25).

ამ მუხლის მიხედვით, ადამიანთა სიხარული ჩვენს სიტყვაშია, რომელიც უნდა იყოს კეთილი, წრფელი და იმედიანი.

ასევე, ებრაელთა მიმართ წერილში წერია: ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის.

ამ მუხლით წერილის ავტორი მიუთითებს, რომ ჩვენი ბაგიდან ერთმანეთის შექება და გამხნევება უნდა გამოდიოდეს.

ღმერთმა სიცოცხლე ჩადო ჩვენს სიტყვაში, იმედი, კურნება, აშენება, მოტივაცია და ხსნაც კი, რომელიც შეგვიძლია ადამიანებს მოვუტანოთ, მისი სიტყვის სახარების მეშვეობით.

გავამხნეოთ ერთმანეთი, ძვირფასებო, გვაქვს სიხარულის, სიყვარულის და ერთმანეთის მხარდაჭერის მიზეზი, რადგან ჩვენი უფალი ცოცხალია და ის მალე დაბრუნდება, მას კი ჩვენი შინაგანი – მოწესრიგებული და ჩვენი ბაგე სუფთა უნდა დახვდეს.

და: ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას. (ებრაელთა 10:25).

ამინ!

Loading...