ერთის სიკვდილი საკმარისია!

0 288

კიბეებზე ავრბივარ, მივიჩქარი, რომ დავასრულო ჩემი ჩანაფიქრი. არც ვიცი, ეს ნამდვილად ჩემია თუ არა… თუმცა ფიქრის საშუალება არ მაქვს, რადგან შეურაცხყოფილი ვარ…

მივრბივარ, მივრბივარ სიკვდილისკენ…

თითქოს პოზიტივია მაღლა ასვლა, მაგრამ ახლა მე მაღლა სიკვდილისთვის ავდივარ…

გავცდი ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლს…

აი, ჩემს სახლსაც ავუქციე გვერდი და თან ისე, თითქოს იქ არავინ მელოდებოდა…

უკან შავი ყორანი მომჩხავის:

„მალე, მალე, ამის მოთმენა არ შეიძლება…“

„ეს არის ერთადერთი გამოსავალი!“

აი, ავაღწიე, ავედი სახურავზე, სადაც ერთ დროს ამოვდიოდი, რომ დამენახა ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, რომელიც უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებდა…

აი, ვდგავარ დანიშნულების ადგილას…

ორი ნაბიჯი მაშორებს საბოლოო მიზანს, უკვე ერთი…

ნუთუ ეს ის ადგილია, სადაც ახლა უნდა ვიდგე? ნუთუ საკმარისი ვიქნები სამართლიანობისთვის?

„რა თქმა უნდა! შენი სიკვდილით დიდ სიტყვას იტყვი! ყველა შენზე დაიწყებს ლაპარაკს და ინანებენ ყველა ბრალდებას შენდამი.“ – კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებდა შავი ყორანი და მიბიძგებდა იმ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმისაკენ.

იმწამს სამყარო დუმდა, ადამიანები სილუეტებად მოჩანდნენ ჩემგან, პაწაწინა არსებებად და უცებ წარმოვიდგინე, თუ როგორ მოვჩანდი მე ღვთის თვალში. წარმოვიდგინე, რამდენად უსუსური იყო ჩემი ყველანაირი გათვლა თუ ვარაუდი და თავად ჩემი პიროვნება… წამიერად არჩევანის შეცვლაც მომინდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო…

გადაწყვეტილი მქონდა… სიკვდილის სანაცვლოდ უნდა დამებრუნებინა ჩემი სახელი და ის რეპუტაცია, რომელიც დამენგრა! ჩემი სიკვდილით მე უნდა გამეკეთებინა ეს!

ნაბიჯი წინ…

ხმა მაღლიდან: „არა!“

და წამში წარვდექი უფლის წინაშე.

კიდევ ერთი შანსი ვინატრე. ვინატრე, კიდევ ერთხელ მქონოდა არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ რაღაც სიტყვები ჩამესმოდა…

„ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ განკითხვა…“

კითხვები ჩნდებოდა, ნუთუ იყო სხვა გამოსავალი? და ზუსტად მსგავსი სიტყვები ჩამესმა… მაგრამ ეს უკვე იმ პიროვნებისგან გავიგე, რომელიც ჩემ წინ იდგა…

პიროვნება, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, რადგან მზესავით ბრწყინავდა. ვერ ვუსწორებდი თვალს, რადგან მისი თვალები ცეცხლოვანი იყო, თუმცა ვატყობდი, რომ სიყვარულით გიზგიზებდა, და მან მითხრა:

„შვილო, ყველა ის უსამართლობა, ტკივილი, დამცირება და ბრალდება ჩემს თავზე ავიღე, უკვე მე მოვკვდი ამისათვის და მეტად აღარ არის საჭირო, ვინმე შეეწიროს ამ ყველაფერს!

თუკი მე ვიქნები შენს მხარეს, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება შენ წინააღმდეგ?!

თუკი მე ვმოსავ ველის ყვავილებს დიდებით და პაწაწინა ჩიტუნებს ვასაზრდოებ, ნუთუ შენნაირ გაბედულ ადამიანებს არ ვაქცევ ჩემს ძლიერ შვილებად?!

ფასი გადახდილია, სიკვდილთან გარიგება დანგრეულია, ოღონდ უნდა ეცადო, რომ შეძლო და გაიაზრო ეს. უნდა მთხოვო, რომ დაგეხმარო, რადგან ჩემი სამართალი ძალდატანებით არ აღსრულდება.“

სიტყვა, რომელიც ჩემ მიმართ ითქვა, გასაოცარი იყო. იმედით ავივსე და ვინატრე, ძლიერად ვინატრე, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში მომესმინა, თუნდაც რომელიმე ადამიანისგან, თუნდაც ჩემი მეგობრისგან, რათა ბრძოლის უნარი მქონოდა… ცხოვრებას ნამდვილად აზრი ექნებოდა, ეს სიტყვები რომ მომესმინა…

არ ვიცი, რა მომელის ახლა, რა იქნება ამ ძვირფასი სიტყვების შემდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, ვინც ცოცხალია, ის იპოვის ნამდვილ გზას თავის სიცოცხლეშივე.

რას გააკეთებდი, თუ ამ საუბარს შეესწრებოდი? რას მოიფიქრებდი, თუ შენ თავად გექნებოდა შანსი ახალი გადაწყვეტილებისთვის?!

თუ ამ სიტყვებს ვინმე მოისმენს, მივმართავ:

ყურადღებით მისმინე!

არ არის საჭირო სიკვდილი, გამოსავალი არ არის ეს გზა!

არის ერთი გზა, ერთადერთი! და ეს გზა იესოა!

ის მოკვდა და ცოცხალია, რომ ახლა შენ იცოცხლო მისთვის. ის იმედით დაგცქერის შენს ტკივილში, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდი, და სჯერა, რომ სიძლიერეს გამოიჩენ და მას მოუხმობ!

იბრძოლე, სიცოცხლით უფრო დიდ სათქმელს იტყვი, ვიდრე სიკვდილით!

შენი სიცოცხლით უფრო დაამახსოვრებ ხალხს თავს, ვიდრე სიკვდილით!

სიცოცხლით გაიმარჯვებ და არა სიკვდილით!

„მტერი მოდის იმისათვის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს.“

შეიძლება მტერმა მოგპარა იმედი, შეიძლება მოკლა შენი გადაწყვეტილებები და კეთილი ფიქრები, მაგრამ ვერ მოგსპობს, თუ შენ არ დართავ ნებას!

გამოსავალი ყოველთვის არსებობს! შეიძლება დაგამცირონ! შეიძლება დაგცინონ და აგეკიდოს შავი ყორანი, რომელიც მოსვენებას არ მოგცემს, მაგრამ გთხოვ! მოძებნე ის ადამიანი, ვინც გეტყვის მსგავს სიტყვებს, რომელიც იმედით აგავსებს და ბრძოლის ჟინს დაგიბრუნებს!

გთხოვ, მოძებნე ღმერთი, ის საკმარისია შენი პრობლემების გადასაწყვეტად!

 

რადგან იესო მოკვდა შენთვის, ახლა შენ უნდა იცოცხლო მისთვის.

Loading...