თაობა, რომელსაც ვჭირდებით

0 183

ბოლო დროს ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით „დაიკარგა“. ისინი ვერ პოულობენ საკუთარ ვინაობას, თავიანთი არსებობის მიზანს. ეძებენ აქ, ეძებენ იქ. ეძებენ, სადაც შეუძლიათ… მაგრამ უშედეგოდ. ხვდებიან, რომ მათ სულში სიცარიელეა. ამაზე ლაპარაკობენ კიდეც, მაგრამ ზოგადად, მესამე პირში… რადგან თუ აღიარებენ, რომ ეს მათ აწუხებთ, პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: „კარგი, რაა. ცხოვრებით დატკბი. რაებზე ფიქრობ…“ არადა მანაც კი, ვინც ამას ეტყვის, იცის, რომ თავადაც დაკარგულია. უბრალოდ ეშინია, რომ აღიაროს. ეშინია, რომ ძიება დაიწყოს. ის აშინებს, რასაც აღმოაჩენს: უიმედობას და სრულ უაზრობას. იმას, რომ დამნაშავეა თავისი სინდისის წინაშე… და არავის უნდა, მარტო დარჩეს სინდისთან. არ უნდათ ცხოვრება მსჯავრდადებით, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ ასე არაფერს აქვს აზრი, ამიტომ ამბობენ: „მოდი, გავერთოთ და დავტკბეთ ამ ცხოვრებით. მაინც ერთხელ ვცხოვრობთ…“

…სულიერი სიცარიელე…

…მარტოსულობა…

…ახალგაზრდა თაობა…

…ჩვენი თაობა… არ უნდა მივატოვოთ!

ჩვენ, ვინც ოდესღაც თავადაც ვიყავით დაკარგულნი და საკუთარი ვინაობის და ცხოვრების მიზნის ძიებაში ბევრჯერ დავცემულვართ ქვეყნიერების ტალახში; ვისაც გვესმის, რას ნიშნავს ცხოვრება მიზნის გარეშე და რომლებმაც იესო ქრისტეს მეშვეობით თავი დავაღწიეთ უაზრო ცხოვრების მარწუხებს; ვისაც გვაქვს საზრისი არსებობისთვის და იმედი მომავლისთვის; ვისაც გვაქვს გამოსავალი, ვინც ვიცით აქედან თავის დაღწევა, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია! ჩვენ სინათლის თაობა ვართ! ამიტომ, დაე, ანათოს სინათლემ, რომელიც ჩვენშია! დაე, გვხედავდნენ და ჩვენკენ მოიწევდნენ, რათა გაიგონ ამ სინათლის წყაროს შესახებ… რომ გავანათოთ მათ გულში ჩაბუდებული ტკივილების სიბნელე…

დაე, ახლა ვიყოთ ისინი, ვინც ამ თაობას მოუსმენს, მის ტკივილს გულთან მიიტანს და გაიზიარებს, ვინც მზად იქნება დასახმარებლად. ჩვენ მათ ვჭირდებით! ვჭირდებით, რადგან მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც არ ეტყვის, რომ შეწყვიტონ იმაზე ფიქრი, თუ რა არის მათი აქ ყოფნის მიზეზი ან მიზანი. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი სიცოცხლე არ არის ერთი ცხოვრება, რომელიც სიკვდილით მთავრდება. ჩვენი სიცოცხლე მარადიულია, რომელიც გარდაცვალებით გრძელდება! ეს ხომ გადამწყვეტი მომენტია ადამიანის არსებობისა!

შენ, რომელმაც შეიცანი ქრისტე, ხარ ქვეყნიერების სინათლე და მთის წვერზე მდებარე ქალაქი, რომელიც ვერ დაიმალება. სანთელს როცა ანთებენ, ჭურჭელქვეშ ხომ არ დგამენ, არამედ სასანთლეზე და უნათებს სახლში ყველას. ნუ დაიმალები!.. ნუ დავუმალავთ მათ ამ სინათლეს, არამედ ანათებდეს ჩვენი სინათლე ამ თაობაში, რომ ისინი ხედავდნენ ჩვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ ჩვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

არიან ამ თაობაში რჩეულები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამ სინათლეს, რომ მისკენ ლტოლვა დაიწყონ და გათავისუფლდნენ სიბნელისგან. საკუთარ თავში დაკარგული თაობა… იპოვე, რათა მათ სხვა დაკარგულები გადაარჩინონ წყვდიადის ზღვაში დახრჩობას…

იყავი ისეთი, როგორიც შენი ზეციერი მამაა, და ემსახურე ადამიანებს! ისინი გელოდებიან!

Loading...