თვალი აგვიხილე, ღმერთო…

0 161

„თუ ვინმეს უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.“ /ლუკას 9:23/

რამდენჯერ მითქვამს: „სამყაროს ბოლომდე მოგყვები, ღმერთო!“ რამდენჯერ დაგპირებივარ, უფალო, ქვეყნის კიდემდე გამოყოლას… ბევრჯერ, უამრავჯერ… და ბოლო დროს სულ იმაზე მეფიქრება, ზოგჯერ ორ ნაბიჯზეც რომ ვერ მოგყვები… ზოგჯერ არ შემიძლია, უბრალოდ ჩემი მეზობლის კარამდე გამოგყვე, ღმერთო…

ადამიანებს ხომ გვჩვევია ყველაფრის გაუბრალოება, ჩვევად გადაქცევა, ჰოდა აი, ასე გავცვითე ჩემი დანაპირები და სინდისის აღთქმა. იქნებ უბრალოდ მოგვწონს საკუთარი წესებით თამაში, ცნებების გაიგივება იმასთან, რაც გვეადვილება. იქნებ უფრო ადვილია, ქრისტიანობა დავარქვა ეკლესიაში სისტემატურ სიარულს და თავი დავიმშვიდო, რომ „მოგყვები“… შენ კი სადა ხარ, ღმერთო…

ვინ იცის, სად ხარ, როცა მგონია, რომ მოგყვები, შენ კი დგახარ მრავალი გულგატეხილი ადამიანის კართან და მეძახი, მეძახი, რომ მოვიდე და შენი ნუგეში მოვიტანო ბაგეებით და შენმიერი შველა – ჩემი ხელებით.

ვინ იცის, სად ხარ?… იქნებ სულგამწარებულებთან ხარ იმ ქალაქში, იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ… იქნებ ლოთებთან და ნარკოდამოკიდებულებთან ერთად ზიხარ იმ კიბეზე, საღამოობით ნაჩქარევად რომ ავირბენ ხოლმე, თვალი რომ არ შევავლო მათ „ცოდვილ“ სახეებს… ვინ იცის, სად ხარ და რა გტკივა… თუმცა არა, ვიცი, რომ შენ იქ ხარ, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სიცოცხლე, ნათელი, იმედი, სიყვარული, დახმარება…. მე, მე სად ვარ, ღმერთო? როდის ჩამოგცილდი? როდის შევწყვიტე შენს ნაკვალევზე სიარული?… ეკლებმა ხომ არ შემაშინა? ან ფართო გზა ხომ არ გახდა ჩემთვის უფრო მიმზიდველი, ვიდრე ეკლიანი საცალფეხო ბილიკი მარადიულობისკენ? იქნებ სხვათა აზრს მეტად ვუფრთხი, ვიდრე შენსას? სადა ხარ, ღმერთო? ან მე სადა ვარ?…

მინდა, გამოგყვე სამყაროს ბოლომდე, მაგრამ მანამდე მინდა, ჩემს ახლობლებთან გამოგყვე ხოლმე ბოდიშის მოსახდელად, მადლობის სათქმელად, სიყვარულის გამოსახატავად… რა სასაცილოდ ჟღერს და რა ძნელია ზოგჯერ…

თვალი ამიხილე, ღმერთო, რომ დავინახო, სად ვარ, იქნებ ქვის სასროლ მანძილზე მოგშორდი უკვე, ან იქნებ უცხო ცეცხლთანაც ვზივარ, ვინ იცის… ადამიანებს ყველაზე მეტად ჩვენივე შექმნილ ილუზიაში ცხოვრება მოგვწონს… თვალი აგვიხილე, ღმერთო, რათა შევწყვიტოთ ქრისტიანობანას თამაში, რათა გვერქვას და ვიყოთ ქრისტიანები, რათა მოგყვებოდეთ ყველგან და ყოველთვის, რათა გვიყვარდე და გვიყვარდეს ადამიანები… თვალი აგვიხილე, ღმერთო…

Loading...