თვითშებრალება

0 185

საკუთარი თავის შეცოდება და მსხვერპლის როლში ყოფნა ყველაზე გაზეპირებული და „საამური“ ხერხია, რომელსაც ადამიანები რთულ სიტუაციაში ყოფნისას მიმართავენ. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაიმე მწყობრში არაა, ჩვენი სიზარმაცის თუ სხვა ფაქტორების გამო, მარტივია, თავი დავიტვირთოთ იმაზე ფიქრით, თუ „რამდენი“ ვცადეთ და როგორ დავიღალეთ ამდენი პრობლემისაგან. მარტივია, მოიხვიო მსხვერპლის ლაბადა, რეალური იმედგაცრუება წარმოსახვით გააასმაგო და მთელი ამ უსარგებლო ემოციებით მოიწყო კომფორტის ზონა, საიდან გამოსვლაც საკმაოდ რთულია… და მერე როგორი თბილი კერაა ხშირად ამ ოთახში? საკუთარ თავს კვებავ და კვებავ აზრებით „ამდენჯერ ვცადე და…“ „რომ ვცადე, ეგეც ხომ დასაფასებელია?“ „სხვა, ჩემს ადგილას, ამდენსაც ვერ აიტანდა…“ და მრავალი ფრაზა, რომელიც გამუდმებით, ყოველდღიურად ეფერება ჩვენს ეგოს და ტყუილი აზრებით გვაბრუებს.
სხვა საქმეა, ჩაუკვირდე საკუთარ თავს და თუ საჭირო გახდება, ხმამაღლაც კი უთხრა, რომ ზარმაცი და სუსტი ხარ… ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი რთული სიტუაციისას საკუთარი თავის ლანძღვას მოჰყვე, ეს ნიშნავს, გააანალიზო ის, რაც არ გაძლევს წინსვლის საშუალებას, და დროულად მოიშორო, სანამ ღრმა ფესვებს გაიდგამდეს.
ნება მომეცი, მარტივი ჭეშმარიტება გითხრა… ზემოხსენებული აზრებით საკუთარი ეგოს კვება და ილუზიის შექმნა იმისა, რომ საკმაოდ ბევრჯერ სცადე, არის ტვირთი, რომელიც გამუდმებით გექაჩება და გამძიმებს. ზონა, რომელიც კომფორტული და თბილი გგონია, სინამდვილეში, ძალიან საშიში და დამღუპველია.
შევეცდები, უკეთ აგიხსნა. მე მესმის ყველა ადამიანური ემოცია. მესმის, რომ არსებობს ლიმიტი, სადაც შენი ძალა უკანასკნელ ამოსუნთქვას ღაფავს, მაგრამ იცოდე, ყოველთვის არსებობს შემდეგი ჩასუნთქვა, ყოველთვის არსებობს განახლებული იმედი და ძალა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის წყარო ისევ ურყევად ზის ზეციურ ტახტზე! გიყურებს და გელოდება, როდის მორჩები საცოდავი ადამიანური ძალებით მცდელობას… ღმერთს ის კი არ უკვირს, რომ დაიღალე? ღმერთს ის უკვირს, დაღლილობის დროს რომ არ მიდიხარ იმასთან, ვისაც უშრეტი ენერგიის მოცემა შეუძლია შენთვის. ღმერთს ის კი არ უკვირს, კომფორტულ ზონაში საკუთარი თავის განდიდება და დატირება რომ მოგწონს? ღმერთს უკვირს, რატომ არ გინდა, შეიქმნა ახალი გარემო, ფიქრები, რომლებიც უკან კი არ დაგწევს, პირიქით, შენი გასაღები იქნება გამარჯვებისკენ! შეიძლება, დასაწყისში გეუცხოვოს, გაგიჭირდეს, მაგრამ როდესაც იგემებ და გამოცდი ახალი, სულ სხვანაირი ზონის ძალას, დამიჯერე, შეგიყვარდება იქ ყოფნა!
ხუთჯერ სცადე და არ გამოგივიდა? ათჯერ სცადე. ათჯერ სცადე და არ გამოვიდა? ოცჯერ ცდაზე გადადი. და ის, ვინც ყველაფერს ხედავს, აუცილებლად დაგინახავს, იხილავს შენს გულწრფელ მცდელობათ და ერთხელაც, გამარჯვების სიხარულს გაგემებინებს! ოღონდ, როცა გაიმარჯვებ, გაიხსენე, რომ მცდელობათა ძალასაც ღმერთი გაძლევდა… თორემ ის რომ არა, ახლაც მსხვერპლის ლაბადით იქნებოდი მოსილი…
გახსოვდეს! საკუთარი თავის შეცოდება კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერია!..

„სიმხდალის ყველაზე დიდი გამოხატულება საკუთარი თავის შეცოდებაა.“ (მარკუს ავრელიუსი).

Loading...