იესო – ერთადერთი თავშესაფარი

0 210

იესოს ხელები გადავშალე და მის ხელისგულებში ჩაგუბებული ჩემი ცრემლები პატარა ოკეანეს ჰგავდა, რომელიც ღელავდა. ჩემი თვალებიდან დაცემული ყველა ცრემლი მამის ხელებში მოთავსებულიყო.

– იესო, შენ ჩემს ყველა ცრემლს ხედავდი?

და მამამ პასუხის ნიშნად ჩამახედა ამ პატარა ოკეანეში, და საოცარი იყო ერთი რამ, რომ ყოველ ცრემლს ქრისტეს სახე აერეკლა. ყოველ ცრემლში მამის ხმა ისმოდა, რომელიც მიმღეროდა ტკივილის დროს მშვიდ იავნანას. მერე შემომხედა და მითხრა:

– იცი, რატომ არის ჩემი სახე ყველა ცრემლში არეკლილი? იმიტომ, რომ მე არასდროს მომიშორებია შენთვის თვალი. იმიტომ, რომ მე არასდროს ვყოფილვარ შორი და მიუწვდომელი, შენი სახის წინ ვიდექი და როცა თვალებიდან ცრემლები გდიოდა, ჩემს ხელისგულებს ვუშვერდი, რომ ძირს არ დაცემულიყო.

– იესო, შენც გდის თვალიდან ცრემლი?

– მამას იქამდე არ შეაშრება თვალიდან ცრემლი, სანამ ყველა შვილს არ იხილავს სიკვდილისაგან გამოხსნილს. შეხედე, ხედავ გოგონას? ცოტა ხნის წინ მან ზეცისკენ მომავალ გზაზე გადმოუხვია. ხედავ, როგორ მიჰყვებიან ანგელოზები, რომ ქვას ფეხი არ წამოჰკრას და არ დაეცეს? მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წვიმისა და ჭექა-ქუხილის მიუხედავად არ მიატოვებს ამ გზას და ცოტა ხანში შენ გაიგონებ ხმას, თუ როგორ გუგუნებს ზეცა სიხარულისგან, როგორ ზეიმობენ ანგელოზნი, რადგან კიდევ ერთი სიცოცხლეა გამოსყიდული; მაგრამ ასევე მოისმენ ხმას ტირილისას… ამ დროს ზეცა დასტირის ადამიანს, რომელიც გზას ასცდა, რომელიც დანებდა, დაიბნა და დაიღალა… მე გავეშურები მისკენ, რომ ხელში ავიყვანო, მე გადავარჩენ მას. თუ მისი გული დაღლილია, ჩემს გულს მივცემ, უბრალოდ უფლება მომცეს, რომ დავეხმარო. ხშირად ეკლიან გზაზე დავწოლილვარ, რომ ჩემთვის დაებიჯებინათ, რათა ეკლებს მათი ტერფები არ დაეკაწრა. რამდენჯერ ძლიერი სეტყვა ჩემს სხეულს დასცემია, იმიტომ, რომ ქუხილისას შვილები ჩემკენ მოდიოდნენ, მე ვიყავი მათი ერთადერთი თავშესაფარი. მერე გამოიდარებდა და მტოვებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემი სიყვარული სამყაროსადმი განუზომელია.

იესო მალევე გაეშურა დედამიწისკენ, რათა ზურგზე მილიონობით დაღლილი ადამიანი შეესვა და ეტარებინა. გაეშურა იმისათვის, რომ მათ ცრემლებში არეკლილიყო, დაემშვიდებინა ადამიანთა სულში გამეფებული ქარიშხალი, თავშესაფარი გამხდარიყო წვიმისას და ეთქვა სამყაროსთვის, რომ მისი გული დედამიწისთვის ძგერდა.

და ჩემს ბაგეს უცაბედად აღმოხდა სიტყვები: ჩემი ტკბილი უფალი, ჩემი საყვარელი ღმერთი, დაუსრულებელი სიყვარული და ერთადერთი სახლი, სადაც სიცივე ვერ აღწევს, სახლი, რომელიც არასოდეს ჩამოინგრევა, ერთადერთი ნამდვილი სხივი, რომელიც გამუდმებით მათბობს…

Loading...