ითოვოს ნეტავ…

0 15

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

რომ ბნელ სამყაროს მოეფინოს მცირე ნათელი,

რომ დანგრეული ქუჩის ბოლოს,

ცეცხლმოკიდებულ სახლების შუქზე,

ფიფქების ცვენამ გაართოს ბავშვი.

ბავშვი, რომელმაც მამა დამარხა

და განაწამებ დედის თვალებში ბოლოჯერ ნახა მკვდარი ძმის სახე…

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

ნამუსახდილი, ნაცემი გოგოს რომ გადაფაროს სირცხვილი თოვლმა,

რომ გადაფაროს ის სისხლის გუბე, რომელშიც ახლა ეს გოგო წევს და…

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

რომ დაათოვოს ქვრივი ქალის ჩადრს…

და დაუფაროს თვალთაგან შვილი,

შვილი, რომელიც ცოცხალი იყო,

ახლა კი ათას გვამად ქცეულა.

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად,

ითოვოს ნეტავ…

ითოვოს მისთვის,

ვინც ახლა სისხლს ღვრის,

ითოვოს მისთვის, ვინც დაღვრილ სისხლს სვამს…

თვალდახუჭული სინათლეს ვხედავ,

თვალებს ვახელ და სიბნელე გვგუდავს…

ეჰ, რა იქნება, ითოვოს ჩვენთვის…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ციდან…

Loading...