ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

0 174

„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე…“ – მახსოვს, როგორი პათოსით ვყვებოდით ამ ლექსს ზეიმებზე ბავშვობაში, თავაწეულნი, მხრებში გამართულნი, სიამაყის ბურთით ყელში, მყივანი ხმით… რატომღაც ბოლო დღეების მოვლენების დროს თავისთავად მოვიდა ეს ფრაზა და გაფუჭებული ფირსაკრავივით ერთსა და იმავე ადგილას იჭედებოდა გონებაში და დავტოვე ისე, როგორც ზემოთ დავწერე, გაგრძელების გარეშე, ლექსის კონტექსტიდან ამოვარდნილი და მაინც საოცრად ორგანული დღევანდელობისთვის, როგორც კონტრასტი წარსულსა და აწმყოს შორის…

„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე…“ დიახ, 30 წელიწადია, მხოლოდ წუხილი მესმის იმის შესახებ, რომ დავიბადეთ იქ, სადაც დავიბადეთ და 15 წლის ასაკში თავადაც ბევრჯერ მგონებია, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას მომავლინა ღმერთმა. არასდროს მინატრია, რომ ერთხელ მაინც დაბრუნებულიყო ბავშვობა და სილამაზე, რადგან ჩემი მოგონებები ნაცრისფერია, ნანგრევებით სავსე, პურის გრძელი რიგებით, „ფეჩისა“ და ნავთის სუნით გაჟღენთილი, სარკიანი ლამპის მჟუტავი ალით განათებული. სკოლა… დამწვარი პარკეტით გამთბარი ოთახი, საავადმყოფოს უფრო რომ წააგავდა, და იქნებ არც მასწავლებლები მიგვიჩნევდნენ მოსწავლეებად და მათთვის პაციენტები უფრო ვიყავით, რომელთაც საკუთარი თავისგან, იდენტობისგან, თავისუფალი აზროვნებისგან განკურნება სჭირდებოდათ… ამიტომაც იყო, რომ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ე.წ. „თემების რვეულები“ და ბებიას გამომცხვარი მჭადებივით ყველას ერთნაირი შინაარსის თემები გვეწერა საშინაო დავალებაში, მაგ., „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“.

ნელ-ნელა მკლავდა და მახრჩობდა გარემო, სადაც ვერ ვხედავდი მომავალს, სადაც არ ჩანდა არანაირი პერსპექტივა, სადაც არ იყო ადგილი მომავალი თაობისთვის… ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია ლუკას ასაკში, რომ მთელი სამყარო დამესაჯა ჩემი არყოფნით… ვინ მოთვლის, თავადაც კი აღარ მახსოვს…

წლები გავიდა, უკვე დედა ვარ. დიდი ხანია, უკანა მერხზე მჯდომი კომპლექსიანი გოგონას აჩრდილი უკან ჩამოვიტოვე და მაინც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში, სადაც კედელიც კი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანი… უიმედობის აჩრდილი დაძრწის, უპატრონობის, მიუსაფრობის, უპასუხისმგებლობის აჩრდილებთან ერთად. ეს აჩრდილები კი ყველგან ცხოვრობენ, ყველა ინსტიტუციაში: ოჯახში, სკოლაში, პოლიციაში, სასამართლოში… თითქოს „დეჟა ვუ“ მაქვს…

ვიცი, რა არის უუნარობის განცდა, სისუსტის, დაუცველობის, უმომავლობის… მძულდა სამყარო, სადაც ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ ზოგჯერ ადამიანი იქამდე მთავრდები, ვიდრე უკანასკნელად ამოისუნთქებ; ზოგჯერ შენს ოცნებებთან ერთად კვდები; ზოგჯერ უთქმელ დარდთან და ვერდაცულ თუ ვერდამტკიცებულ სიმართლესთან ერთად… და მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა განსხვავება იყო იმ ერთ ნაბიჯში, რომელიც ილუზიურ და რეალურ არყოფნას შორის არსებობდა… ახლა რომ შემეძლოს სივრცისა და დროის გადმოლახვა, თვალებში ჩაგხედავდი, ლუკა, და გეტყოდი ამ ერთი ნაბიჯის შესახებ, რომელიც იმდენ სივრცესა და ადამიანს იტევს, რომ არასდროს გადადგამდი იმ ნაბიჯს სახურავიდან უკიდეგანო, უსხეულო სივრცეში, მაგრამ შენთვის გვიანია… თუმცა არიან სხვებიც და მინდა, ვიყვირო; მინდა, ხმა მივაწვდინო მათ, რომელთაც ერთი ნაბიჯი აშორებთ უფსკრულთან. შენ კლავ ადამიანს, რომელმაც ეს დაჭაობებული სისტემა უნდა შეცვალოს; შენ კლავ ადამიანს, რომელსაც იმედით შეჰყურებს მის ზურგს უკან მომავალი თაობა; შენ მშობლებს უკლავ შვილს, მეგობრებს დასაყრდენს აცლი; შენ კლავ ადამიანს, რომელსაც სათქმელი აქვს, რომელსაც მისია აქვს ამ სამყაროში! შენ თავად იქცევი იმ უპასუხისმგებლო ინსტიტუციის და კონკრეტული ადამიანების მსგავსად, რომლებმაც იმ ადგილამდე მიგიყვანეს, სადაც ახლა დგახარ! ნუ გადადგამ ნაბიჯს! შენი მოვალეობაა, იცოცხლო! ცხოვრება მშვენიერია! და თუ ახლა არ გეჩვენება ასე, მოვა დრო და მთელი შენი არსებით შეიგრძნობ ამას, გპირდები… ოღონდ იცოცხლე… ოღონდ ილაპარაკე, ნუ დადუმდები… ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

და მაშინ, იმ უხსოვარ დროში, როცა სამყარო ნაცრისფერი იყო, მე დავიწყე ლაპარაკი, წერა, სხვათა დაცვა და დავიწყე ძიება იმისა, თუ ვინ ვარ, ან რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე… მე ვიპოვე გაგრძელება, მე ვიპოვე იმედი, ვიპოვე აზრი და მიზანი ქრისტეში, მაშინ, როცა მეგონა, რომ გზის დასასრულში ვიდექი. შენც იპოვი მას, თუ მთელი გულით მოუხმობ დასახმარებლად… მოუხმე მას!

„მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.“ (მათეს 11:28).

არ მინდა, ვიცხოვრო საქართველოში, სადაც იბადებიან და შემდეგ მუდამ წუხან ამაზე… მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს: შენ ხარ ეს ქვეყანა! შენ ხარ პატარა საქართველო! აიღე შენი წილი პასუხისმგებლობა! ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

Loading...