ილაპარაკე!..

0 280

ყველა ადამიანი ვალდებულია, თავისი პიროვნება გააცხადოს ადამიანთა წინაშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ილაპარაკოს.“

მაშინ, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს, თავის შინაგანს ავლენს, თავისში მოზღვავებულ აზრებს სიტყვიერად გადმოსცემს, თითქოს საკუთარ არსებობას ამტკიცებს ამით.

ვცდილობთ, საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ, ხშირად – გავიტანოთ კიდეც... კმაყოფილების განცდა გვეუფლება, როცა დიდ აუდიტორიას მოვახსენებთ რაიმეს.

გვიხარია, როდესაც გვისმენენ.

ადამიანი ულაპარაკოდ, ეს იგივეა, რაც უხმო ჩანჩქერი, უსინათლო მზე და უგრძნობი სიყვარული.

მაგრამ რა ხდება, როცა ვწყვეტთ „ლაპარაკს?“

აი, ამ დროს ვიკარგებით!

ვინც „ლაპარაკი“ შეწყვიტა, ღრმა დეპრესიაში გაიდგა ფესვი.

აი, ამ დროს ვიმალებით!

ვინც „ლაპარაკი“ შეწყვიტა, თითქოს არსებობაც შეწყვიტა.

ერთმა დიდმა მწერალმა თქვა, რომ შენში არსებულ გამოუთქმელ ისტორიაზე დიდი აგონია არ არსებობს...

წმინდა წერილში 1,900-ჯერაა გამოყენებული სიტყვები: „უფალი ამბობს.“ რას ნიშნავს ეს? ღმერთი ყოველთვის ამბობს რაღაცას. არასდროს ჩერდება!

ადამიანი ღვთის ხატებაა, მისი მსგავსი პიროვნულად.

ჩვენც გვაქვს ის თვისებრივი მახასიათებლები, რაც მას აქვს.

ესე იგი, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ, არ უნდა დავდუმდეთ!

ჩვენში არსებული „ისტორია“ უნდა გავახმაუროთ.

მაგრამ უბრალოდ ვილაპარაკოთ? არა! უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, რაც ვაჟკაცობის უდიდესი გამოხატულებაა.

როგორც სიბნელე ქედს იდრეკს ნათებისას

უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც სწორია და არა ის, რაც მისაღებია.

უნდა ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება, თუნდაც მარტოებმა,

რადგან ერთი ადამიანი ღმერთთან ერთად უმრავლესობას წარმოადგენს.

სჯობს, ერთხელ აენთო და დაიფერფლო, ვიდრე მთელი ცხოვრება კვამლი გახრჩობდეს!..

უნდა ვილაპარაკოთ, რადგან საბოლოოდ, ადამიანებს თავიანთი მტრების კი არა, ჩვენი დუმილი გაახსენდებათ!

ხმა უნდა ავიმაღლოთ, ვინაიდან ნათქვამია:

„ცხოვრება დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავჩუმდებით!“

და ბოლოს, უნდა ვილაპარაკოთ, რადგან უფალი ამბობს: „თუ ესენი დადუმდებიან, ქვები აღაღადდებიან!“

Loading...