იყავით წმინდა, ვითარცა თქვენი ზეციერი მამაა წმინდა…

0 291

რამდენი ადამიანიცაა დედამიწის ზურგზე, იმდენია ცხოვრების გზაც.

ერთ-ერთი გზა შენია და მიუყვები მას შენი დაბადების წუთიდან ხან სიცილით და ხანაც ტირილით; ხან ბედნიერებაჩამდგარი და ხანაც ცრემლებში ჩამხრჩვალი თვალებით… არის დრო, როცა მსუბუქად მიაბიჯებ, თითქოს დედამიწის მიზიდულობის ძალა არც მოქმედებდეს და არის დრო, როცა ნაბიჯის გადადგმაც აღარ შეგიძლია, როცა თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა აუტანელ ტკივილს გაყენებს.

მიდიხარ და უკვე დიდი ხანია იცი, რომ სულ მარტო ხარ, მარტო ამდენ მილიარდ ადამიანს შორის, რადგან ისინი თავ-თავიანთ გზებს მიუყვებიან აღმა-დაღმა და შენს გზაზე არავინ გადმოდის, რომ ერთი წვეთი სითბო და ნუგეში მაინც გაიმეტოს. მიდიხარ და მეტს ვერას აკეთებ, თითქოს თავისით მიდიან ფეხები და სხეული მათზე წამოკიდებული ტიკინასავითაა. ეს შენში, შიგნით გრძნობ ამას, ისე კი, ცხოვრობ ჩვეულებრივ და ცდილობ, ფეხი აუწყო ყოველდღიურობას, თუმცა შენში, შიგნით, დიდი ხანია ყველაფერი გაჩერებულია, თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობს ძარღვებში და დედამიწაც აღარ ბრუნავს.

და ფიქრობ… და ფიქრობ… და ფიქრობ იმაზე, რატომ გიმძიმს ასე საკუთარი სხეულის ზიდვა. თვალღია ხედავ სიზმარივით შენს გავლილ გზას. რა მტკივნეულად შემოუჭერს გულს ისევ ის მარწუხები, ბოლო წვეთამდე რომ ცდილობს გამოწუროს სისხლის წვეთები, რაც კი მასში დარჩენილა… წლებთან ერთად უფრო მძიმდება სულიც და სხეულიც…

თითოეული ცოდვა, თითო დამღა… დამნაშავე ხარ და შენივე ცოდვა გემჩნევა დამღად… სცოდავ და მერე დღეები, თვეები, წლები მაჯლაჯუნასავით თან გდევს ტანჯვად და სინანულად… სინდისის ქენჯნაც ერთსა და იმავეს ჩაგჩიჩინებს მონოტონურად, როგორც წირვისას − „უფალო, შეგვიწყალენ“ და შენც უნებურად იმეორებ: „უფალო, შემიწყალე“…

სხვა არაფრის თქმა აღარ ძალგიძს. ნანობ, მაგრამ ვერ ინანიებ და მერე ისევ სცოდავ. კიდევ ერთ დიდ ლოდს უმატებ ზურგზე წამოკიდებულ აბგას, რომელშიც საგზალივით ჩაგიწყვია საკუთარი ურჯულოებანი და მიათრევ ცხოვრების გზაზე. კიდევ ერთი დამღა ჩნდება… კიდევ უფრო მეტად მახინჯდება შენი სული დორიან გრეის პორტრეტივით, კიდევ ერთხელ ურტყამ დანას საკუთარ გულს.

ნანობ, მაგრამ ვერ ინანიებ, იმდენად შორს წასულხარ უფლისგან. ნანობ, მაგრამ ვერ ინანიებ, გგონია, იმდენად გაუვალია შენი ცოდვებით აგებული ქვაყრილი. გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია. შვებას ეძებ ფართოდ გაღებული პირითა და თვალებით, რადგან უდაბნოდ იქცა შენი გზა და მხოლოდ მირაჟივით გეჩვენება სულის სიმშვიდე, რადგან შენივე ცოდვების ქარიშხალი ტრიალებს და უმოწყალოდ გმარხავს. ქვიშით გევსება პირი, თვალები, ყურები, ცხვირი და ხელებითაც ვეღარ იფარავ.

იყავი წმინდა… იყავი სრულყოფილი…

შორეულ ექოს გესმის ეს ხმა… მიუღწევლად გეჩვენება ეს ჰორიზონტი…

რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენია ცხოვრების გზაც. ყველა თავ-თავის გზას მიუყვება. დამძიმებულა დედამიწა მილიარდობით ადამიანის მილიარდობით ცოდვით… ობობას ქსელივით მოდებულა ამდენი გზა, რომელთა შორის ერთ-ერთი შენია. მიწას პირიც აღარ მოუჩანს ამდენ გზასა და ამდენ ცოდვაში…

სანამ შენს პორტრეტს დანას ჩასცემდე, სანამ გზა დამთავრდებოდეს, ინანე და მოინანიე…
იყავი წმინდა… იყავი სრულყოფილი… არ ძალგიძს? მიეცი ქრისტეს უფლება, იყოს შენში სრულყოფილი, იყოს შენში წმინდა…

იყავი წმინდა, ვითარცა მამა შენი ზეციერია წმინდა… სრულყოფილი…

Loading...