იყოს ნება შენი…

Woman with Bible
0 61

ხანდახან, ადამიანები რაღაცას ან რაღაცებს ვითხოვთ ღმერთისგან და გვიძნელდება დაველოდოთ ჟამს, როდესაც ეს განხორციელდება. ხანდახან ადამიანები ვითხოვთ ჩვენსას, რაც ადამიანური სურვილები და მოთხოვნილებებია, ამასობაში კი გვავიწყდება ღვთიური, გვავიწყდება ღმერთის ნება.

ვთხოვთ და გვინდა დაუყოვნებლივ. გადის დრო, თუმცა არ გვეძლევა, შემდეგ კი იბადება კითხვა: რატომ?! იმიტომ, რომ ბოროტს ვითხოვთ, ვითხოვთ იმას, რაც რეალურად დაგვაზიანებს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც გვინდა!

ამის შემდეგ, იმედგაცრუებულნი შევჩივლებთ ხოლმე ღმერთს, რატომ არ აგვისრულა ჩვენი თხოვნა, ჩვენ ხომ ვითხოვეთ.

ხშირად ფრაზას „შენი ნებით, უფალო“ ვაუბრალოებთ და სინამდვილეში ჩვენი ნება გვინდა და არა უფლის. „შენი ნებით, უფალო“ კი ავტომატური ხდება, რადგან მორწმუნეები ვართ და ვიცით, რომ უფლის ნება უნდა ვითხოვოთ. მაშინ, როცა ვხედავთ, რომ არ გვეძლევა ის, რაც ვითხოვეთ რატომღა ვჩივით?! სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ნება გვინდა და არა უფლის, ჩვენ ჩვენი განსაზღვრული დროით გვინდა და არა უფლის.

რა გვინდა, რომ ვთქვათ? ღმერთი აგვიანებს? მან არ იცის, როდის მოგვცეს? როდის გვაკურთხოს ან როდის გვიპასუხოს ლოცვაზე? რა თქმა უნდა, მან იცის…

თუ გვგონია, რომ ღმერთი აგვიანებს, სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცნობთ ღმერთს! ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს.

როგორც ეკლესიასტეს მე-3 თავში წერია, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყოველ მოვლენას – თავისი ჟამი ცისქვეშეთში.

ჩვენ უნდა მოვიდრიკოთ გულები და უფლის მადლიერნი ვიყოთ.

როგორც დაბადების წიგნში ვხედავთ, რომ თავდაპირველად ადამმა აირჩია არა ღვთის ნება, არამედ თავისი ნება, ამიტომაც მიიღო დამღუპველი შედეგი.

არ მისცე ბოროტს უფლება, მოგპაროს რწმენა! ითხოვე რწმენით და ეძებე უფლის, ღვთის ნება.

რწმენა თუ დაგვეკარგება, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მივეცით უფლება ეჭვს და უნდობლობას, მოეპარა  ღმერთისადმი რწმენა და იმედი.

პავლე მოციქულმა თქვა: შემოძარცვული გაქვთ ძველი, შეიმოსეთ ახლით.

უფლის სტანდარტი არ მცირდება.

წასვლა თუ გინდა, წადი! ის არ გაკავებს, ის არჩევანის საშუალებას გაძლევს. მას თუ ენდობი, მაშ, მიენდე, დაელოდე, ერწმუნე. ღმერთმა თქვა და აღასრულებს.

უფალი ამბობს: „ჩემი გამგონე მშვიდად იცხოვრებს“ და თუნდაც იგვიანებდეს მისი პასუხები, დაელოდე მის ხმას.

დაე, იყოს ნება მისი…

Loading...