კაცთა სისუსტე – ძილი!

0 226

რა ხდება მაშინ, როცა გვძინავს?

შენ მაშინ გღვიძავს!

ამ დროს ვინ იძვრის ცოცხლად?

ვინ უძღვის სამყაროს მაჯისცემას?

ვინ მფარველობს დიდსა თუ პატარას?

ვარსკვლავებს ებაასები,

პლანეტებს ესაუბრები,

ფრინველთ ასაზრდოებ, 

ცხოველთ აძლიერებ, 

გულს სიცოცხლის სუნთქვით ავსებ.

ჩვენ კი, უფალო…

ღმერთო, რა უსუსურები ვართ, 

ჩვენ გვძინავს! 

რა უპასუხისმგებლობაა ძილი! 

ვინ შეეწევა უბადრუკს, ვინ განიკითხავს ჩაგრულს, ვინ ანუგეშებს მარტოსულს, ვინ თანაუგრძნობს გულგატეხილს, ვინ დაიხსნის მომაკვდავს?

აი, კაცთა სისუსტე – ძილი! 

შენ კი გღვიძავს!

შენ არ შეგფერის ძილი, უფალო!

კი მაგრამ, უფალო! ერთგან სძინავთ და მეორეგან ღვიძავთ… 

ზუსტად ასეა!

მე კიდევ, როცა მძინავს, საერთოდაც არაფერზე არ ვფიქრობ, არავის ბედი არ მანაღვლებს… არც ჩემი მშობლების, არც მეგობრების… 

თუნდაც სიკვდილთან ქიშპობდნენ, ტკივილს ებმოდნენ,

ბნელთან ცილობდნენ და სენს ებრძოდნენ.

თუნდაც ერთი მეტრი მაშორებდეს მათგან…

როცა მძინავს, ვის სტკივა, ვის სცივა, ვინ კვდება… ჩემთვის სულერთია…

ღმერთო, რა გულგრილი ვარ!..

ერთ წუთს არ შეველევი…

და შენ, უფალო, 

ვინ შეგედრება?

რატომ არ ისვენებ, უფალო?

შენ რატომ არ იძინებ, უფალო?

ჭეშმარიტად შენ განაღვლებს ჩვენი ყოფა. 

ჭეშმარიტად შენ ხარ მარადის ცოცხალი და ყველგან მყოფი. 

ჭეშმარიტად შენ ხარ იმედი კაცთა.

ახლა ვხვდები, რომ კეთილი მხოლოდ შენ ხარ, უფალო!

და მე…

⁃ უფალო, დღეიდან გპირდები!

⁃ რას მპირდები?

– გავიღვიძებ, უფალო!

– და რას გააკეთებ?

– ვილოცებ, უფალო! მეც მოვუსმენ ჩაგრულთ, მეც ვიტირებ, მეც თანავუგრძნობ ობოლთ, მეც ამოვუდგები მხარში სუსტებს. ერთ წუთს მაინც გავიღვიძებ, უფალო, ერთ წუთს!

Loading...