მას სჯერა შენი…

0 103

რა მნიშვნელობა აქვს, რას გეუბნება წარსული? რა აზრი აქვს, რამდენჯერ დაეცი, რამდენჯერ არ გამოგივიდა? როგორ შეგიძლია, ფეხზე მხოლოდ იმის შიშის გამო არ წამოდგე, რომ ისევ დაეცემი? როგორ შეგიძლია, პატიება იმის შიშით არ ითხოვო, რომ ისევ შეგეშლება?

ჰო, ვიცი, რომ მძიმეა ტვირთი, რომ ბევრჯერ შეცდი. ვიცი, რომ აღარ გჯერა საკუთარი თავის, რომ ფეხზე წამოდგომისას უკვე ხედავ დაცემას, რომ გრცხვენია უფლისა და რა გსურს? შეგიბრალო? არ მებრალები…

განაგრძე ასე ცხოვრება. წარსულის გამო ეშმაკს დაუმორჩილე აწმყოც და მომავალიც, სათითაოდ დაუთმე ოჯახის წევრები და მეგობრები, დანებდი… უბოძე საკუთარი თავი, დაიდგი მონობის უღელი და მორჩილად გაჰყევი ჯოჯოხეთამდე. გაცვალე ძნელად შესანარჩუნებელი სიწმინდე მარტივ სიბინძურეზე. მოშორდი ლამპარს და სიბნელეს შეეგუე, დათმე ზეცა…

მაგრამ მანამდე, გოლგოთასთან გაჩერდი.

თვალებში ჩახედე ჯვარცმულ მაცხოვარს, ჩახედე ღვთის ძის სისხლიან თვალებს და უთხარი, რომ არ შეგიძლია. უთხარი, რომ უკვე ბევრჯერ დაეცი და აზრი არ აქვს მცდელობას, რომ არ ხარ საკმარისად ძლიერი. უთხარი, რომ მომავლის არ გჯერა, რომ სისუსტეს ვერ მოერევი.

შეხედე ქრისტეს თვალებში და უთხარი, რომ ამაოა მისი მსხვერპლი…

იცი მისი პასუხი… მას სჯერა შენი…

ადექი! იბრძოლე!

Loading...