მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

0 484

„გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.’ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე მას. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.” (მათე 5:38–42)

სამწუხაროა, რომ ქრისტიანთა უმრავლესობას ამ ბიბლიური ადგილის ეშინია და გაურბის მის განმარტებას. ასევე სამწუხაროა, რომ ეს ტექსტი ასოცირდება ჩაგრულ, დამცირებულ და ღირსებაშელახულ ქრისტიანთან. რისი თქმა სურს უფალს სინამდვილეში? როდესაც ვსაუბრობთ ამ თემაზე, უნდა გვესმოდეს, რომ აქ სათქმელი არა ასოებსა და სიტყვებში, არამედ მთლიან კონტექსტშია, რაც იმაზე ღრმა სათქმელს წარმოადგენს, ვიდრე უმრავლესობას ჰგონია. ჩვენ არ უნდა ვგლეჯდეთ წერილის ადგილებს, არამედ უნდა განვიხილავდეთ მას მთლიანი კონტექსტის მიხედვით.

ამ მოკლე ტექსტით უფალ იესო ქრისტეს სურდა ეთქვა, რომ მისმა მიმდევრებმა უნდა გადააჭარბონ ყოველგვარ მოლოდინს!

პირველი: წინ ნუ აღუდგები ბოროტს; არამედ, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე მას!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველგვარი მტრობის ავტორი ბოროტია (ეშმაკია) და არ გვაქვს უფლება, ადამიანებს ვუყურებდეთ, როგორც მტრებს, რამეთუ ჩვენც მტრები ვიყავით უფლისა და მან შეგვიწყალა, გვაპატია და მოგვცა ახალი სიცოცხლე.

ან განა საუბარი იმაზეა, რომ მორწმუნემ თავდასხმისგან თავი არ უნდა დაიცვას? რა თქმა უნდა, არა! საუბარი უფრო დიდ და საკვირველ რამეზეა, რომ უარი თქვა შურისძიებაზე – „კბილი კბილის წილ“, არ დაემსგავსო მოქიშპეს და მონახო ღირსეული, ვაჟკაცური და მშვიდობიანი გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ამაში ხელს ღმერთი მოგიმართავს! სხვა გაგებით, „მეორე ლოყის მიშვერა“ ნიშნავს მოლოდინის გადაჭარბებას, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული და ღირსეული საქციელი. ნუ მოიქცევი ისე, როგორც შენმა მოქიშპემ ჩაიფიქრა, არამედ გადააჭარბე მის მოლოდინს და აჩვენე ნამდვილი, ვაჟკაცური განსხვავება; გააკვირვე ქმედებით, რომელიც დაფუძნებულია ქრისტეს მშვიდობაზე.

მეორე: „ვინც სამოსლის წართმევა მოინდომოს, მეორეც გაატანე.“

შენიშვნა: ეს არ გულისხმობს, რომ თავი არ უნდა დავიცვათ სასამართლოში, როდესაც ბრალს გვდებენ, ან რაიმეს გვართმევენ, რადგან პავლე მოციქული ხშირად იცავდა თავს კანონებით და ის სარგებლობდა კანონის სიკეთით. არამედ ქრისტიანმა უნდა აჩვენოს, რომ ის მატერიალურ წვრილმანებზე მაღლა დგას საიმისოდ, რომ ომში ჩაებას! ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარჩევა სიტუაციებისა, თუ სად და როდის ღირს, ჩავებათ რაღაცის მტკიცების ომში.

მესამე: „ვინც ერთ მილზე გაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.“ „ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.“

ქრისტიანი არ უნდა იყოს იმდენად ძუნწი და ხელმომჭირნე, რომ იძულება დასჭირდეს სიკეთის საკეთებლად, არამედ ის თავად უნდა იყოს ინიციატორი ყოველგვარი სიკეთის!

და ბოლოს: მორწმუნემ უნდა გადააჭარბოს ყოველგვარ მოლოდინს! და თავისი საქციელით აჩვენოს ქვეყნიერებას, თუ რა არის ნამდვილი ვაჟკაცობა, რომელიც სიყვარულსა და მშვიდობაშია და არა შეჯიბრებაში ან რაიმეს მტკიცებაში!

იხილეთ სხვა ბლოგერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:
  • ნიკა ჯიაძეუფლის ამ სიტყვებზე და მეტის მოლოდინზე ფიქრისას ვხვდები, რომ ქრისტე ცდილობს, გავიაზროთ აღმატებული გზა, აღმატებული მდგომარეობა და აღმატებული სტატუსი! რაკი მოგვიწოდებს, ესე იგი, შესაძლებელია! ყველა ეს მოწოდება უპირისპირდება უკვე დადგენილ ქცევებს საზოგადოებაში, მაგრამ ქრისტესმიერი მოწოდებით და მისი აღსრულებით ჩვენს ცხოვრებაში – ვემსგავსებით და ვიწოდებით ძეებად ღვთისა, რომელსაც კეთილისა და ბოროტის თავზე ამოჰყავს თავისი მზე. მეტიც, ასეთ დამოკიდებულებას მივყავართ სრულყოფილებისაკენ, როგორიც თავად უფალია.
  • თეონა მენაბდიშვილიუცნაურია, მაგრამ ქრისტეს შეგონება, რომ წინ არ აღვუდგეთ ბოროტს, სწორედ რომ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაა. წინ არ აღუდგე, ნიშნავს, რომ არ იბრძოლო მისნაირი მეთოდებით. ესაა ბრძოლა, რომელიც სრულიად პარადოქსულად გამოიყურება; ბრძოლა შურისძიების, სიძულვილის, უპატიებლობის გარეშე, ბრძოლა ღვთიური წესებით, რომელსაც აუცილებლად მოაქვს გამარჯვება, არა ადამიანის ძლევა, არამედ შეძენა.
  • გიორგი ოდიაშვილიიქნება ეს მეორე ლოყის მიშვერა, სამოსლის მიცემა, ორ მილზე გაყოლა თუ მტრის სიყვარული, ყველა მათგანი მოითხოვს თავმდაბლობის უმაღლეს გამოვლინებას, რომლის არსებობაც ადამიანში მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი.
    ერთ ღვთის კაცს უთქვამს, როდესაც ლიმონს ვწურავთ, ლიმონის წვენი გამოდისო, ხოლო როდესაც ქრისტიანი „იწურება“, მაშინ გამოჩნდება, არის თუ არა მასში ქრისტე.
    ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიტუაცია კარგი შესაძლებლობაა, რათა გამოვავლინოთ ქრისტეს ხასიათი და ვანათებდეთ ბნელ ქვეყნიერებაზე.
იხილეთ ამ თემასთან დაკავშირებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი:
  • „და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.“ (ლუკა 6-31)
  • „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.“ (მათე 5-9)
  • „თუ თქვენი მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.“ (რომაელთა 12-18)
Loading...