მე ვირჩევ იესოს! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა იქნება მეორე მხარეს

Cross and sunset
0 474

კვირა დღეს, როდესაც მსახურებაზე წასასვლელად ვემზადებოდი, მშობელმა მითხრა, რომ სახლში აღარ დავბრუნებულიყავი, თუ ახლა სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი. რა თქმა უნდა, მე ავიღე ჩემი სახარება და სახლიდან დაუფიქრებლად გამოვედი.

მივაბიჯებდი ქუჩაში და იმდენად ძლიერი სიხარული იყო ჩემს გულში (მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ღვთაებრივი სიხარული იყო), რომ ძლივს ვიკავებდი თავს ხმამაღალი სიცილისგან, რადგან ხალხის მერიდებოდა, ჭკუიდან გადასული არავის ვგონებოდი.

მივდიოდი და მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში:

მათე 10:36-39:

„კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, იგი არ არის ჩემი ღირსი.“

როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ მუხლების განმარტებას და ახსნას, წერილი გარკვევით ლაპარაკობს, რომ ქრისტეს მიმდევართა პირველი მოწინააღმდეგენი მისი ოჯახის წევრები არიან და ეს იმიტომ არა, რომ მშობლებს სძულთ შვილები, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტად უყვართ ისინი და ალბათ შიშობენ, რომ ქრისტეს გაყოლის შემთხვევაში მათი შვილები დაზარალებულნი დარჩებიან. (თუ მშობელი ხარ და შენი შვილი ოდესმე გადაწყვეტს, გაჰყვეს იესოს მოწოდებას, უმჯობესია, მხარი დაუჭირო, რადგან მაინც ვერ შეძლებ მის დაკავებას).

მივაბიჯებდი ქუჩაში თამამად და მქონდა მტკიცე დარწმუნება გულში, რომ მე იესოს ღირსი გავხდი. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მას მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება და ეს კიდევ უფრო მეტ სიხარულსა და სიმშვიდეს მმატებდა. არ ვიცოდი, სად მომიწევდა იმ ღამის გათენება, მაგრამ მშვიდად ვიყავი.

ჩემო ძვირფასებო, ნუ იფიქრებთ, თითქოს არ მიყვარდეს ჩემი ოჯახის წევრები, პირიქით, ძალიან მიყვარს ისინი და მადლიერი ვარ მათი, თუმცაღა ეს ყველაფერი ვერც კი შეედრება იმ სიყვარულსა და მადლიერებას, რომელიც მე მაქვს ჩემი უფლის, იესო ქრისტესადმი…

დიახ, ერთ დღეს შევხვდი (არა ხორციელად) იესოს ჯვართან და გამაოცა მისმა მსხვერპლმა. შევხვდი მას ცარიელ სამარხთან და აღმაფრთოვანა მისმა აღდგომამ. ერთ დღეს შევხვდი იესოს და მისმა სიყვარულმა გამათავისუფლა მე.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა იქნება მეორე მხარეს, მე ავირჩევ იესოს.

ჩემო მეგობრებო, ნურასოდეს დამაყენებთ არჩევანის წინაშე – თქვენსა და იესოს შორის, მე ავირჩევ იესოს.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მტკივნეული იქნება ეს, მე ავირჩევ იესოს.

დიახ, მე მიყვარს იესო ქრისტე, რადგან პირველად მან შემიყვარა და ჯვარს ეცვა ჩემი ცოდვებისთვის, დაიმარხა, აღდგა სამი დღის შემდეგ და გაწყვიტა სიკვდილის ბორკილები ჩემ გამო, რომ მე აღარ ვყოფილიყავი სიკვდილის შიშით მართული და მქონოდა წვდომა მარადიულ სიცოცხლესთან.

და ამიტომაც, მე არ მაშინებს, თუ ჩემი 80-100-წლიანი სიცოცხლის პერიოდში ვინმე სექტანტს დამიძახებს; თუ ვინმე ვერ გამიგებს და არ მოისურვებს ჩემთან სიახლოვეს; თუ ბრბო სოფლად ანდა ქალაქად ჭორაობას მოუნდება ჩემი აღმსარებლობის შესახებ; თუ დევნასა და შევიწროებაში მომიწევს ცხოვრება; ვერ მაშინებს ის, თუ ვინმეს (თუნდაც საყვარელი ადამიანის) დათმობა მომიწევს და არც ის მაშინებს, თუ სიკვდილი იქნება ჩემი ხვედრი სახარების გამო; რადგან ვიცი, რომ ზეცა რეალურია და ჩემი უფალი მიმიღებს თავის მარადიულ სამეფოში!

 

Loading...