მე შევცოდე…

0 357

მე შევცოდე… ჭაობში ჩავდგი ფეხი და რატომღაც მეგონა, რომ ის არ ჩამითრევდა… ერთ დღეს კი უბრალოდ გავიღვიძე და აღმოვაჩინე: ყელამდე ლაფში ვარ, განძრევა არ შემიძლია, ფეხქვეშ მყარს ვერ ვგრძნობ და ჩემს დახრჩობამდე სულ ცოტა დარჩა…

ვგრძნობდი, ამ ცოდვამ შემბორკა; ბნელ, პირქუშ დილეგში ჩამაგდო; დილეგში, რომლის კედლებიც სიბნელით, მარტოობით, უიმედობით იყო გაჟღენთილი… თავიდან არ ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას… თითქოს გავიბრძოლე კიდეც… თუმცა უშედეგოდ… ასეთი რამ აქამდე არ დამმართვია. ჩემს სულში ბოროტის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა და დამაჯერებელად ისმოდა. უფლისა კი ჯერ საიდანღაც, შორიდან მესმოდა, შემდეგ კი უბრალოდ შეწყდა… მისი რეალურობა გაუფერულდა… ბებერი გველი კი მხოლოდ ახლა იწყებდა ჩემზე ზემოქმედების მოხდენას. მის თანდასწრებას ვგრძნობდი და მისი ხმა ასეთი ხმამაღალი არასდროს ყოფილა ჩემთვის, მისი სიტყვები კი – ასეთი დამაჯერებელი… ის არ ჩერდებოდა… მეუბნებოდა, რომ მამამ დამივიწყა, ჩემგან ხელი აიღო, მისი წყალობა ჩემზე ამოიწურა… სული გამეყინა… ვგრძნობდი, მალე ამ ხმას დავნებდებოდი… ჩემს ლოცვებზეც არ იყო პასუხი, თითქოს ყველაფერი ჩემ გარშემო სატანის სიტყვებს ამტკიცებდა… მიუხედავად ამისა, არ ვწყვეტდი უფლის ძიებას, არ ვწყვეტდი დახმარების თხოვნას; ვკითხულობდი ბიბლიას, მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი მესმოდა; ვლოცულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი მსჯავრს მდებდა: „ნუთუ არ გრცხვენია? ბედავ და მაინც მიდიხარ უფალთან? რატომ არ გინდა დაიჯერო, რომ აღარ გისმენს? თავს რატომ იტყუებ, მან დაგივიწყა, მან სახე იბრუნა შენგან!“ …

მეშინოდა, ძალიან მეშინოდა იმის, რომ მართლა დავიკარგე უფლისგან… მაგრამ ამ „უშედეგო“ კითხვამ, ეკლესიაში სიარულმა, იმის მიუხედავად, რომ ყოველი წასვლის წინ ბრძოლა მიწევდა, წავსულიყავი თუ არა და „შეუსმენელმა“ ლოცვებმა სატანის სიტყვების საპირისპირო შედეგი გამოიღო… ერთ დღეს მოვიდა აზრი: „ნუთუ მართლა გგონია, რომ უფალმა, რომელმაც აქამდე მოგიყვანა, ამის იქით ვეღარ წაგიყვანს, მხოლოდ იმიტომ, რომ შესცოდე, შესცოდე ცოდვით, რომელიც იესომ ჯვარს აცვა და მოგცა პატიება?! ნუთუ მართლა გგონია, რომ ის კედელი, რომელიც შენ ამ ცოდვის ჩადენით შენსა და უფალს შორის ააგე, შენს ზეციერ მამაზე დიდია?! ნუთუ გგონია, რომ უფალმა დასაწყისში იმიტომ მოგიხმო, რომ აქ მიეტოვებინე?! არა! გონს მოდი, იბრძოლე, შეეწინააღმდეგე, არ დანებდე!“  და ავლაპარაკდი, აქამდე ხომ სატანა ლაპარაკობდა, ახლა ჩემი ჯერი იყო! მე მას ველაპარაკებოდი:

„დიახ, შევცოდე, დიახ, შემოგიშვი ჩემს ცხოვრებაში; ნამდვილად არ ვიმსახურებ პატიებას; ნამდვილად სამარცხვინოა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მე ჩემი უფლის წინაშე შევცოდე, მამაჩემის წინაშე დავეცი; ის წამომაყენებს, რადგან ხედავს ჩემს გულს; ის მომთხოვს პასუხს შეცდომაზე, რადგან მამაა ჩემი; ის მომბანს ლაფს, რომელშიც ამოვისვარე, შენ კი დღეიდან გიკრძალავ ჩემთან მოახლოებას და გიბრძანებ იესოს სახელით, წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან!“

გგონიათ, გაჩუმდა? ჰაჰ… არამც და არამც… ამას არც მოველოდი, თუმცა დიდი ხნის შემდეგ პირველად ისევ წინ აღვუდექი, ეს ისევ შევძელი და ეს ბრძოლის დასაწყისი იყო!

ეკლესიაში მისულმა ვაღიარე, რომ შევცოდე არა მარტო უფლის, არამედ ადამიანთა წინაშეც… მათ ჩემთვის ილოცეს დიდი სიყვარულით, ეს მეორე დადასტურება იმისა, რომ უფალი ჩემთან იყო!

სცენაზე დავდექი, რეპეტიცია უნდა გაგვევლო მგალობელთა გუნდის წევრებს, სანამ მსახურება დაიწყებოდა… ჯერ კიდევ დასუსტებული ვიყავი, ბოლო ძალებით ვიმაგრებდი თავს, ჩემი იმედის სანთელი თითქმის ჩაიწვა… საგალობლები, რომელიც გუნდმა შეარჩია, ლაპარაკობდნენ იესოს სახელის ძალაზე, ბორკილების მსხვრევაზე, თავისუფლებაზე… თვალები დავხუჭე და უფალს ვკითხე: „როგორ ვიგალობო ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში ვერ ვიყენებ?“

ველოდებოდი თუ არა პასუხს მისგან? არა… თითქმის გადავწყვიტე, რომ გუნდში არ დავდგებოდი და უცებ გავიგონე, გესმით? მონატრებული ხმა, ტკივილამდე მონატრებული ხმა გავიგონე…

„გაიხსენე პავლე და სილა საპყრობილეში ყოფნისას…“

საკმარისი იყო, ეს სიტყვები აბსოლუტურად საკმარისი იყო, მივხვდი! რა მოხდა, როცა ბორკილდადებულმა პავლემ და სილამ ლოცვა და გალობა დაიწყეს? მიწა შეიძრა, ბორკილები დასცვივდათ, მივხვდი, რომ გალობისთვის, უფლის სახელის განდიდებისთვის ამაზე უკეთეს დროს ვერც კი შევარჩევდი და ასეც მოვიქეცი… იცით, რა მოხდა? ბნელი დილეგი განათდა, გაყინული სული გამითბა, შიში გაქრა!.. არ დამიკარგავს, არ მივუტოვებივარ, არ დავვიწყებივარ, მიპასუხა… მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, მისი გულის ცემა ვიგრძენი. ვიცი, რომ ჩემს საკანში შემოაბიჯა ჩემი გათავისუფლების მიზნით! ჩემში გაცოცხლდნენ სიტყვები:

„უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება. საზარელი ორმოდან და გაუვალი ლაფიდან ამომიყვანა; კლდეზე დააყენა ფერხნი ჩემნი და განმიმტკიცა ნაბიჯები. ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად.“

(ფსალმუნი 39:1-3).

მე ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილთა ველზე გავდივარ, უბრალოდ ის შეიცვალა, რომ აღარ მეშინია, რადგან ახლა ვიცი, ვისთან ერთად გავდივარ ამ გზას!

მასზე ვამყარებდი იმედს და მან ამ იმედს უპასუხა! არ ვიმსახურებდი არც ერთი წამით, მაგრამ შემიწყალა!

და ახლა შენ მოგმართავ, მას, ვინც შავეთის ველს გადიხარ და გგონია, რომ მარტო ხარ; რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს ხმა, რომელიც გეუბნება: „დანებდი“, „მარტო ხარ“, „ის შენთვის აღარ იბრძვის“,  შეეწინააღმდეგე, არ დანებდე, არ დაკარგო იმედი სამყაროს შემოქმედისა! ის გიყურებს და ის შენს მხარეს დადგება, თუ მოუხმობ! გახსოვდეს, არ არსებობს ცოდვა, რომელიც შენსა და მამას შორის ჩადგომას მოახერხებს; არ არსებობს ცოდვა, რომელიც შენდამი მის წყალობას ამოწურავს, თუ შენ მისკენ შემობრუნდები, აღიარებ, მოინანიებ  და მოუხმობ დასახმარებლად, ის გამოჩნდება! ნუ დაგავიწყდება, რომ ყველა ცოდვა, „დიდი“ თუ „პატარა“, იესომ ჯვარზე დაამარცხა! და ეს შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის გააკეთა, რადგან ხედავდა, ერთ დღესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით!

არ ხარ მარტო! არ ხარ მიტოვებული! ნუ მოტყუვდები! იბრძოლე!

Loading...