მისი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს

0 257

ამას წინათ, სამსახურიდან სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი. (უკანა კარისკენ მიყვარს ჯდომა)…

ვფიქრობდი, უამრავი რამ დამატყდა თავს ამ ბოლო რამდენიმე თვეში.

გადავიღალე… ყველაფერს მწყობრიდან გამოვყავდი…

ფიქრებში გართულს ხმაური მომესმა წინა მხრიდან. გავიხედე და სამი გოგო დავინახე, ალბათ, 14-15 წლისანი, ფერად-ფერადი თმებით და მაკიაჟით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ხმაურობდნენ და იცინოდნენ.

გულწრფელად რომ გითხრათ, მათმა ხმაურმა, რაღაც მხრივ, გამაღიზიანა… ვცდილობდი, მათკენ არც გამეხედა.

და აი, როგორც იქნა, ორი მათგანი ჩავიდა.

გავიფიქრე, სიმშვიდეში გავაგრძელებ-მეთქი ფიქრს ჩემს პრობლემებზე…

და ერთი წამით ავტობუსში დარჩენილ გოგონას გავხედე.

მისი თვალები ჩემს თვალებს შეეჩეხა…

მათში რაღაც დავინახე…

ერთი წუთის წინ, ის მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ახლა, მარტო რომ დარჩა, მისმა თვალებმა მისი გული გასცა… გული, რომელიც მარტოსულობას ვერ უმკლავდებოდა. გული, რომელიც ზღვარზე იყო…

„რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“ „ხალხია ჩემ გარშემო, მაგრამ მაინც მარტო ვარ…“ „არავის ვადარდებ…“

მისი თვალები სევდას ჩაეგდო ხელში და, ალბათ, ფიქრობდა ჩემზე:

„ნეტა რას მომშტერებია ეს უცნობი?! თითქოს რაიმეს დანახვა შეეძლოს ჩემს თვალებში…“

ვერც კი ხვდებოდა, რომ ის, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა შენიშნა…

მისი მზერა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემს თავს ვეღარ მივეცი უფლება, რომ ისევ საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა… ვიღას ახსოვდა ამდენი პრობლემა?!

ჩემ წინ ერთი ახალგაზრდა იდგა და თავისი არსებობის მნიშვნელობაზე ამდენს ფიქრობდა…

იდგა და თავისი მზერით ამბობდა: „ახლა მაინც თუ შემამჩნევს ვინმე?! არავის ადარდებს ჩემი ტკივილი… რატომ ვარ აქ?..“

ვერ გავუშვებდი ამ ახალგაზრდა სიცოცხლეს ისე, რომ მისთვის თუნდაც სამი სიტყვა არ მეთქვა: „შენი სიცოცხლე ძვირფასია!“

ფიქრებში გართული ვერც მივხვდი, ისე მოვიდა ჩემი ჩასვლის დრო. კარიც გაიღო…

რაღაცამ არ გამიშვა… რაღაც მეუბნებოდა: „მის ჩასვლას დაელოდე, მარტო არ გაუშვა…“

იმდენად მკაფიო იყო ეს აზრი, რომ დავემორჩილე…

კიდევ გავხედე ამ გოგონას, და ისევ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს…

ისევ იგივე ვიგრძენი…

მის თვალებში დანახულ ტკივილს ვერ გავუძელი და ღმერთს მივმართე: „უფალო, რა შემიძლია, ამ გოგოს ვუთხრა?! ან როგორ უნდა ვუთხრა? რას იფიქრებს ხალხი, მას რომ გავაჩერებ?.. გთხოვ, ძალა მომეცი. გთხოვ, სიტყვები მომეცი…“

და ავტობუსი გაჩერდა. გოგონა მიდის. და მე არ ვიცი, რა ვქნა.

რაღაც ძალამ ჩასვლისკენ მიბიძგა. დავემორჩილე.

ჩავედი და მხარზე ხელი დავადე. შემოტრიალდა და მე შევრჩი ხელში.

გაღიზიანებულმა მითხრა:

– რა გინდა?

– უბრალოდ რაღაც უნდა გითხრა… – ჯერაც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა…

– მეჩქარება, 4-ზე მეგობარს უნდა შევხვდე და ვერ დავაგვიანებ…

შეშინებული და გაღიზიანებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. ალბათ, ფიქრობდა, რამეს დავუშავებდი…

საათს დავხედე და მხოლოდ ორი წუთი მქონდა.

– კარგი, მხოლოდ ორი წუთი მომეცი… – გული ძლიერ აძგერდა…

უბრალოდ გავხსენი ბაგე და ენა თავისით ალაპარაკდა:

– წეღან… თვალებში რომ ჩაგხედე (მისმა მზერამ გაღიზიანებიდან ინტერესში გადაინაცვლა), რაღაც დავინახე (თვალს აღარ მაცილებს)… დავინახე, რომ შენს სიცოცხლეზე ბევრს ფიქრობ…

ამის მოსმენის შემდეგ შიშიც სრულიად გაქრა და ის გოგონა მწყურვალ არსებად გადაიქცა: „რას მეტყვის ახლა? ან როგორ მიხვდა, რაზე ვფიქრობდი? ნეტავ ვინ არის?..“

განვაგრძე:

– მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელსაც ღმერთი უყვარს და ცდილობს, რომ მის გზაზე იაროს… მინდა გითხრა, რომ არის ღმერთი ზეცაში, რომელმაც შეგვქმნა ჩვენ, და მას ძლიერ ვუყვარვართ. მან შეგვქმნა და ყველაზე კარგად მან იცის, თუ რა მიზანი აქვს ჩვენს ცხოვრებას.

ის არ არის ღმერთი, რომელიც მხოლოდ ზეციდან იყურება. ის არის ღმერთი, რომელსაც სურს, რომ ჩვენს გულებშიც დაიდოს ბინა და სულ ჩვენთან იყოს. მან მოგცა ეს სიცოცხლე და მისთვის შენი სიცოცხლე ძვირფასია! ჩვენ, ადამიანები ცოდვილები ვართ, მაგრამ მან ისე ძლიერ შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი იესო ქრისტე, თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ყოველი ადამიანის მაგიერ მას ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და ჩვენ მაგიერ მომკვდარიყო ჯვარზე.

როგორც იცი, მან სიკვდილზე გაიმარჯვა, აღდგა. და ახლა, ვინც კი მას ირწმუნებს, აღარ დაიღუპება ჯოჯოხეთში, არამედ მარადიულად ზეციერ მამასთან ერთად იცხოვრებს.

დარწმუნებული ვარ, სახლში გექნება წმინდა წერილი, ბიბლია. წაიკითხე და გაიცანი იესო ქრისტე.

და ილოცე ხოლმე მის წინაშე.

ამაზე ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ აღარ მოგაცდენ. იმედია, კიდევ შევხვდებით…

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩავხედავდი ხოლმე თვალებში და ვხედავდი, რაოდენ შეიცვალა ის ნაღვლიანი, გაღიზიანებული სახე სიხარულითა და სითბოთი სავსე სახით. თითქოს თითოეულ სიტყვას ყლაპავდაო.

ბოლოს და ბოლოს, ის ხომ შენიშნეს…

მის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. იმედის, რომ არის ვიღაც, ვისთვისაც მისი სიცოცხლე ძვირფასია და ვისაც, არც მეტი, არც ნაკლები, მის გულში ყოფნა უნდა..

მთელი დღე მასზე ვფიქრობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ ერთ დროს მის გულში არსებული წყვდიადი თავისი დიდებული სინათლით გაეფანტა და მუდამ მასთან ყოფილიყო, როგორც მოსიყვარულე მამა.

იმ დღეს რაღაც ვისწავლე.

ადამიანები მხოლოდ საკუთარ პრობლემებს ვუყურებთ ხოლმე და გარშემომყოფები გვავიწყდება, როცა ჩვენი ზეციერი მამა ადამიანთა გულებს უყურებს და სურს, რომ მათთან იყოს.

ჩვენ კი წმინდა ჭურჭლები ვართ ღმერთის ხელში, რადგან მას ხომ ჩვენთან თანამშრომლობით უყვარს, ადამიანთა გულებს რომ მისწვდეს, რათა ერთმანეთის სიყვარული გვასწავლოს.

Loading...