„მოგიხმობს სული ჩემი…“- წერილები ღმერთს

0 346

ღმერთო, ზოგჯერ ისე ძნელია შენი სახელის წარმოთქმა, როგორც ბავშვისთვის პირველი სიტყვისა, მაგრამ წარმოთქმისთანავე ვხვდები, რომ იგივე სიხარული გეუფლება, რაც მშობელს ამ პირველი სიტყვის გაგონებისას. რაც უფრო დიდხანს ვარ ჩუმად, მით უფრო მძიმდება ბგერები…

აი, ისევ გამოაღწევს სიამაყით დადუმებული ბაგიდან შენი სახელი და ვერ ვხვდები, ამ დროს  სირცხვილი უფრო დიდია თუ შვება. ვგრძნობ, როგორ მთავრდება ჩემი სულის პროტესტი ჩემივე თავთან. ეს პროტესტი კი ყოველთვის იმდენად დიდია, თითქოს ცოტაც და სული გამომექცევა სხეულიდან, ვეღარ გაუძლებს შენსა და მას შორის აღმართულ კედლებს, ჩემ მიერ აღმართულ კედლებს…

სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემი გაჩუმებიდან, ჩემს სულს ახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა ახსოვდეს ავადმყოფს წამალი და მწყურვალს – წყალი.

შეურაცხადივით მთელი ძალით გაჰყვირის და ანგრევს გულის კედლებს, ტირილით მირტყამს და მთხოვს შენს მოხმობას.

მე კი საგიჟეთში დაბერებული ექიმივით შემიძლია ჩემში დავიტიო შეშლილი სული და დუმილი გავაგრძელო.

ღმერთო, ვიცი, რომ ყველაზე ჩუმია ეს დუმილი ჩემთვის და ყველაზე ხმამაღალი – შენთვის.

ღმერთო, ვიცი, რომ მშობელივით ელი ჩემს “პირველ” სიტყვას, უკვე მერამდენედ…

ღმერთო, სასტიკი ბრძოლა მიწევს ამისთვის.

ღმერთო, მაინც მოგიხმობს ჩემი სული.

ღმერთო, აი, ჩემი პირველი სიტყვა.

ღმერთო!

ღმერთო…

Loading...