მოზარდული იმპულსები…

0 243

მახსოვს, როდესაც მოზარდები ვიყავით, ე.წ. ”ბირჟას” ვამაგრებდით; მუშტებზე ვიყურებოდით; როდესაც სისხლი უთანხმოებას ეძებდა და სტერეოტიპები თოჯინებივით გვმართავდა ყველას; სანამ მივხვდებოდით, სინამდვილეში როგორი სუსტები, სხვისი აზრით მართულნი და სხვისი ცხოვრებით მცხოვრებლები ვიყავით.

ერთი ხნიერი კაცი სულ გვეუბნებოდა: ცხოველებსა და ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ ცხოველებს შეუძლიათ, სიკვდილამდე იომონ, კბილების მტვრევამდე უკბინონ ერთმანეთს, ხოლო ადამიანები გონიერი არსებები ვართ და უნდა შეგვეძლოს საუბარი, განხილვა და შეთანხმებაო.

ასე რომ, მოზარდებო, მართეთ თქვენი ემოციები, რადგან ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ რასაც დღეს აკეთებთ, ხვალ რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდეს თქვენთვის, საერთოდ შეიცვალოთ აზრი გარკვეულ საკითხებზე და სამარცხვინოდ ჩათვალოთ თქვენი ქმედებანი. შესაძლოა, თქვენმა დღევანდელმა საქციელმა, რომელიც ემოციებიდან გამომდინარეობს, განსაზღვროს მთელი თქვენი მომავალი.

თუ დღეს რაიმე საკვები გაწყენთ, ხვალ იმავეს აღარ შეჭამთ, მაგრამ, საუბედუროდ, არსებობს უფრო დიდი შეცდომებიც, რომლის შედეგებთან ერთადაც შეიძლება მოგიწიოთ თანაცხოვრება.

ადვილი არ გეგონოთ იმ იარლიყისგან თავის დაღწევა, რომელსაც ხალხი მოგაწებებთ თქვენი დაუფიქრებელი და სხვის წარმოდგენებსა თუ პრინციპებზე აყოლილი ქმედებების გამო. გაუფრთხილიდით საკუთარ ხვალინდელ დღეს…

იყავი პრინციპული, იმოქმედე გონებით და არა ემოციით, აირჩიე პატიოსნება ყველა ადამიანის მიმართ. გეშინოდეს ღმერთის, გიყვარდეს ადამიანები, გიყვარდეს შენი ოჯახი და ყოველთვის გეცოდინება განსხვავება სწორსა და არასწორს შორის…

Loading...