ნუ გახდები სტერეოტიპების მსხვერპლი

0 654

დღეს არის სტერეოტიპების დრო, რომლებიც ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე − ახალგაზრდებზე. ფიქრობ ერთს და ამბობ მეორეს, რადგან შენს თანატოლებს, შესაძლოა, შენს შეხედულებებზე გაეცინოთ. სხვათა ზეგავლენის გამო გეძარცვება აზრები და სინდისიც კი. ცოტა ხანში თავადაც ერთ-ერთი მათგანი ხდები.

დღეს არის დრო, როცა სიწმინდე, ქრისტიანული ღირებულებები, ქრისტიანული ეთიკა და მორალი აღარ ფასობს.

დღეს არის დრო, როდესაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, სწავლულ და ჯანმრთელ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქრისტიანული ცხოვრება მოძველებული თემაა. სიწმინდე?! ესეც ინდივიდუალურად გასაგები და მოსარგები რამ გახდა, ყველას შეუძლია საკუთარი ქცევის გამართლება.

დღეს დადგა დრო, რომ სკოლებში, მოზარდ გოგონებს რცხვენიათ ქალწულობის, ეს „გოიმობად” მიაჩნიათ და ისინი იძულებულნი არიან მოიქცნენ სხვებივით იმისათვის, რომ გარიყულნი არ დარჩნენ. უამრავი პატარა გოგონაა ამის მსხვერპლი.

დღეს ადამიანები გმობენ იმას, რასაც თვითონ მტკიცედ ვერ აღუდგნენ წინ. სურთ სხვებსაც გაუუფასურონ ფასეულობა, რომელიც უფლისგანაა, რათა თავი სხვებზე ბინძურად არ იგრძნონ. ეს მახსენებს მეორე კლასში ნასწავლ ისტორიას შერცხვენილი მელიის შესახებ, რომელსაც კუდი ხაფანგში ჩაჰყვა და მოსძვრა. მელია, ნაცვლად სირცხვილის აღიარებისა, მეგობარ მელიებს არწმუნებდა, რომ კუდი საჭირო არ არის და ის მხოლოდ ხელს უშლის მას თავისუფლად ნავარდში. წმინდა წერილი ასეთ ადამიანებზე ამბობს: “თვითონ სცოდავენ და სხვებსაც ტაშს უკრავენ.”

დღეს არის დრო, როცა სტერეოტიპები სინდისსა და ღმერთის წყურვილს ახშობენ ახალგაზრდების გულში. ჰპირდებიან თავისუფლებას, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ცოდვის მიერ არიან შებორკილნი და დამონებულნი. მიჩვენეთ, როდის მოუტანია სიწმინდეს ზიანი?! მიჩვენეთ, როდის დაუნგრევია ურთიერთობები სისუფთავეს?! განსხვავებით მრუშობის, ნარკოტიკის, გარყვნილი ცხოვრების წესის, ტყუილის, ფარისევლობისა და მოჩვენებითობისაგან, რომლებსაც დიდად დაუზარალებია ადამიანები.

სინამდვილეში, ქრისტიანობა მოდაში არასოდეს ყოფილა, რადგან წერია სახარებაში: „ის გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.” ქრისტიანობის საფუძველი არ იცვლება, ქრისტეს სტანდარტები არ უფასურდება!

მოდი, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ საკუთარი შემოქმედის სადიდებლად, ნუ ვიქნებით „თანამედროვე” ადამიანების ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც ფანატიკოსი რელიგიური ხალხის გავლენის ქვეშ, რომელთაც საკუთარი ცხოვრების შეცვლაზე მეტად რიტუალების შესრულება და დღეობების აღნიშვნა სჩვევიათ, თვითონ კი ცოდვაში რჩებიან.

ღმერთი იმაზე რეალურია, ვიდრე  „შეიძლება / არ შეიძლება”.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ დასვან კითხვები საკუთარ ცხოვრებაში: რისთვის შემქმნა ღმერთმა? რისი ძალა და ნიჭი მომცა? რა უნდა გავაკეთო? რა არის ჩემი მოწოდება და დანიშნულება? ერთხელ ცხოვრობ და სწორად უნდა გაატარო ცხოვრება. ამისათვის კი საჭიროა შემქმნელს ჰკითხო: რა არის შენი დანიშნულება…

არის სახარება, გზავნილი, ღმერთის უწყება ჩვენდამი, რომლის კითხვის დროსაც ნათელი ხდება, ვინ არის ღმერთი, ვინ არის ადამიანი და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი პიროვნების ურთიერთობა! იკითხეთ სახარება, ის ყველაზე აქტუალური წიგნია მთელ სამყაროში, თავად გამოიძიეთ და ნახავთ.

ღმერთს ვუყვარვართ და ელოდება, როდის დავსვამთ ახალგაზრდები სწორ კითხვებს ჩვენს ცხოვრებაში, როდის დავიწყებთ სახარების კითხვას და შევიტყობთ უფრო და უფრო მეტს უფლის შესახებ. სინამდვილეში სათქმელი ძალიან ბევრია და ეს ნაგლეჯი არაფერია იმ დიად სათქმელთან შედარებით, რაც ბიბლიაშია დაწერილი.

ღმერთს შეუძლია გაპატიოს და მიგიღოს, აღადგინოს ფერფლიდან შენი სიცოცხლე, უიმედობა და მომავლის შიში შეცვალოს იმედითა და მშვიდობით, მას ყველაზე კარგად გამოსდის ახალგაზრდა ადამიანის გულის ავსება სწორი აზრებითა და სიხარულით.

იამაყე, თუ ბრბოში ხარ და არ ხარ მისი ნაწილი, არამედ ხარ ქრისტიანი არა სახელით, არამედ ცხოვრებით, ქცევით და სიტყვით! ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოვა, მაგრამ ღმერთი პატიობს და ძალას აღუდგენს ახალგაზრდას, რათა აღასრულოს მისი ნება ამ ქვეყანაზე!

 

Loading...