ნუ ემსგავსებით ქვეყნიერებას

0 219

„ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით…“ (რომაელთა 12:2).

თუ ჩემს შვილებს (რომ მეყოლება) წავიყვან ბუნებაში პიკნიკზე, სადაც ახლოს არსად არის გზა და არც მანქანები მოძრაობენ, რაღა თქმა უნდა, არ დავარიგებ, რომ ფრთხილად იყვნენ გზაზე და მანქანებს მოერიდონ, რადგან, რეალურად, ეს საფრთხე არც კი არსებობს. ჩემი დარიგება იმასთან იქნება დაკავშირებული, რისი რეალური საფრთხეც იმ მომენტში იარსებებს.

თუკი ღმერთის მარად ცოცხალ და მოქმედ სიტყვაში წერია, რომ არ უნდა ვემსგავსოთ ქვეყნიერებას, ესე იგი, ის, როგორც კეთილი მამა, ხედავს ჩვენს ახლომახლო ამის რეალურ საშიშროებას და ამიტომ გვაფრთხილებს.

ქვეყნიერება, ეს არ არის სისტემა, სადაც მაინცდამაინც ყველა ადამიანი არის მკვლელი, მრუში, მოძალადე და ა.შ. ქვეყნიერებაზე ცხოვრობენ ოჯახის ერთგული ადამიანებიც, კარგი ყოფაქცევის მქონე ხალხი, რომლებიც „ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამენ“, მაგრამ ქვეყნიერებაზე მცხოვრები ადამიანების მთავარი მახასიათებელი თვისება არის ის, რომ ისინი თაყვანს არ სცემენ ღმერთს თავიანთი ცხოვრებით… შესაძლოა, რომელიმე რელიგიის და ტრადიციის ერთგულებიც კი იყვნენ, მაგრამ მათ არ აქვთ პირადი შეხება ცოცხალ ღმერთთან…

იაკობის 4:4: „…ასეა, ვისაც წუთისოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!“

ერთ ღვთის კაცს, არტურ სიმონიანს, უთქვამს:

„კარგია, როდესაც ნავი არის წყალზე, მაგრამ დამღუპველია, როდესაც წყალი არის ნავში. ქრისტიანები ვცხოვრობთ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ქვეყნიერება არ უნდა ცხოვრობდეს ჩვენში.“

შეიძლება, ერთი შეხედვით, ქვეყნიერება უკეთესი ჩანს, თითქოს მეტი „თავისუფლება“, მეტი „სიამოვნება“, მეტი „გასაქანი“ და მეტი სიფართოვეა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფართოა კარი და გზა, რომელიც დაღუპვისაკენ მიდის და მრავალნი დადიან მასზე. ასე რომ, ქრისტიანო, ქრისტესგან ამორჩეულო, ნუ გაუშვებ ხელს შენს ჯვარს და განაგრძე სვლა ვიწრო გზაზე, მიუხედავად სირთულისა, მიუხედავად წინაღობისა; ნუ მისცემ საკუთარ ხორცს გეზის შეცვლის უფლებას, რადგან ვიწრო გზა სწორი გზაა; ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საუკუნო სიცოცხლისაკენ მიდის და მცირედნი პოვებენ მას. 

უფალმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ, ჩემო თანამეგზურნო!

Loading...