ორი უკიდურესობა

0 283

ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო, ამბობენ. ეჩვევა ტკივილსაც, სიხარულსაც, უბედურებასაც და ბედნიერებასაც, სიცივესაც და სიცხესაც, შიმშილსაც და სიმაძღრესაც…

ორი უკიდურესობაა: ეჩვევი ტკივილს, უბედურებას, სიცივეს და შიმშილს და იმდენად ჩვეული მდგომარეობა ხდება ეს შენთვის, რომ არც კი ცდილობ, ძალ-ღონე მოიკრიბო და გადალახო ის, რაც ხელს გიშლის უკეთესი მდგომარეობის მიღწევაში. არ ცდილობ, მისცე ღმერთს იმის უფლება, მოკლას შენი ტკივილი; ნაცვლად ამისა, ეჩვევი მას და ყოველთვის გრძნობ მის ყრუ ფეთქვას მკერდში.

არ ცდილობ, მისცე ნება ღმერთს, რომ თავისი სულის ცეცხლით გაგათბოს, რომ სული აღარ გეყინებოდეს. არ აძლევ უფლებას ღმერთს, რომ დაგაპუროს და დაგარწყულოს თავისი სიტყვით, სული რომ შიმშილისა და წყურვილისგან არ გიხმებოდეს.

მეორე მხრივ, შეიძლება მეორე უკიდურესობაშიც ჩავარდე: იყო ბედნიერი და იმდენად მიეჩვიო ამ მდგომარეობას, რომ ვერაფერს ხედავდე განსაკუთრებულს შენს ბედნიერებაში. სიხარულით ივსებოდეს შენი ცხოვრება ყოველდღე და იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყოს ეს შენთვის, რომ ვეღარ გრძნობდე ამ სიხარულის სიმძაფრეს; ან კიდევ, მაძღარიც იყო და არ გციოდეს და თითქოს ესეც აღარაფრად მიგაჩნდეს, ესეც აღარ გყოფნიდეს.

მე თუ მკითხავთ, ორივენაირი მდგომარეობა უბედურებაა, ორივე ურთიერთსაპირისპირო უკიდურესობაა: როცა ცოტა გაქვს, ღმერთის კურთხევას, მის მიერ მოცემულს მეტად აფასებ. უფრო მძაფრად გრძნობ ამ სიხარულს, მაგრამ როცა ღმერთი უხვად აწვიმებს კურთხევას შენს ცხოვრებაში, თავიდან თავბრუ გეხვევა ამდენი თავსდატეხილი სიხარულითა და ბედნიერებით; კაშკაშა ფერებით დახატული ნახატივითაა ეს შენთვის.

მერე… მერე კი ეს ნახატი უფერულდება, ხუნდება, თუმცა სინამდვილეში ის ისეთივეა. უბრალოდ, შენ ვეღარ განიცდი მძაფრად, ვეღარ აღიქვამ სათანადოდ იმას, თუ რამდენი რამ მოგცა ღმერთმა. ფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ვერ ხვდები, რამხელა საფრთხის შემცველია ასეთი გულგრილი დამოკიდებულება: როცა ნელ-ნელა გეპარება უმადურობა, რადგან უფრო მეტის მიღების სურვილი გიპყრობს; როცა გავიწყდება მადლიერების გამოხატვა და სანამ რაიმეს ან ვინმეს არ დაკარგავ, ვერ ხვდები, რამდენად მდიდარი და ბედნიერი ხარ.

ნუ დაელოდები დანაკარგს. ნუ დაელოდები ტკივილსა და მწუხარებას იმისათვის, რომ ისევ ძლიერად იგრძნო სიხარული და ბედნიერება, რომლებსაც ღმერთი განიჭებს. დღესვე იყავი მადლიერი. ნუ იქნები უბედური ბედნიერებაში, ნუ იქნები მწუხარე სიხარულში.

„ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:4).

Loading...