პატიება, როგორც მდგომარეობა

0 80

„მე არასოდეს ვაპატიებ!“ – უთქვამს ერთხელ თავისი მეგობრისთვის ერთ ცნობილ სამხედრო მოხელეს. „მაშინ ვიმედოვნებ, მეგობარო, რომ შენ არასოდეს შესცოდავ.“ – იყო პასუხი გულწრფელი მეგობრისა. „ის, ვისაც არ შეუძლია აპატიოს სხვას, ანადგურებს იმ ხიდს, რომელზეც თვითონ უნდა გაიაროს, რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სჭირდებოდეს პატიება.“ ამრიგად, მაქვს უფლება, რომ არ ვაპატიო? დიახ, იმ შემთხვევაში, თუ მიაღწევ იმ მდგომარეობას, როდესაც აღარაფერი გექნება საპატიებელი ღმერთისგან.

არის საკითხები, რომელიც განსაზღვრავს უფლის წინაშე ჩვენს დგომას და დაცემას. ერთ-ერთი ასეთი პატიებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხვისთვის არ აქვს რაიმე საპატიებელი და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეპატია. ადამიანური ბუნება ყოველთვის ეძებს ზღვარს, თუ რამდენჯერ, ან რა სიტუაციაში უნდა აპატიოს. ეს კარგად ჩანს მოციქულ პეტრეს შეკითხვაში იესოს მიმართ: „მოძღვარო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო?“

„მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: ‘უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემ წინააღმდეგ რომ შესცოდავს?  შვიდჯერ?’  უთხრა მას იესომ: ‘არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.’“ (მათე 18:21-22).

ფარისევლებს მიაჩნდათ, რომ სამჯერ პატიება იყო პატიების მაქსიმუმი, მაგრამ პეტრემ ეს რიცხვი უფრო გაზარდა და იესოს ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს მოყვასს, შვიდჯერ?“ პეტრე ალბათ ფიქრობდა, რომ იესო მის სულიერებას შეაქებდა, რადგანაც მის მიერ დასახელებული რიცხვი ორჯერ მეტად აღემატებოდა ფარისეველთა მიერ მიჩნეულ პატიების ზღვარს. მაგრამ იესოს პასუხი რადიკალურად განსხვავებული იყო, ის პასუხობს: „სამოცდაათგზის შვიდჯერ.“

შეუძლებელია, ადამიანმა 490-ჯერ გაწყენინოს დღეში. იესოს პასუხში მთავარი არა კონკრეტული რიცხვის რაოდენობა იყო, არამედ გულის მდგომარეობა, რომელიც მზად იქნებოდა პატიებისთვის. მოდი, ვიყოთ გულახდილები. მოდი, გამოვუტყდეთ ჩვენს თავებს. ჩვენ ხშირად სამჯერ და შვიდჯერ პატიებისთვისაც არ ვართ მზად. ერთია თეორიული ცოდნა და საუბარი პატიებაზე და მეორეა რეალურ ცხოვრებაში ამის განხორციელება. ქრისტიანულ ცხოვრებაში თუ რაიმე საკითხში არსებობს კონტრასტი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ცხოვრებას შორის, ერთ-ერთი პატიებაა.

ასე ძლიერ რატომ ამახვილებს უფალი ყურადღებას პატიების მნიშვნელობაზე? ამის შემდეგ უფალი წარმოთქვამს იგავს ორ მონაზე (მათე 18:23-35). ერთ-ერთი მიზეზი აქ შეგვიძლია ვიპოვოთ. ამ იგავში მოთხრობილი ისტორია, ალბათ, ყველამ კარგად ვიცით. მონამ, რომელსაც ბატონმა იმდენი ვალი აპატია, რამდენსაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გადაიხდიდა, არ აპატია თავის თანამონას იმდენად მცირე ვალი, რომლის შედარებაც კი არ შეიძლებოდა მისთვის ნაპატიები ვალის სიდიდესთან. ამ იგავში ჩვენზეა საუბარი.

ჩვენ ვართ ის მონა, რომელსაც ამდენი ეპატია, მაგრამ არ ვპატიობთ ჩვენ მიმართ მცირედ შემცოდე ძმას. რატომ განრისხდა ბატონი ამ მონაზე? იმიტომ, რომ ამ მონამ ვერ გააცნობიერა და ვერ დააფასა ის, რაც ეპატია. რატომ მრისხანებს ღმერთი უპატიებლობაზე? უპატიებლობა შეურაცხყოფს ღმერთს, რადგანაც ეს ნიშნავს ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის იგნორირებას და დაუფასებლობას. არ აპატიო, ნიშნავს, რომ ჩადგე იმ მონის მდგომარეობაში, რომელმაც არ მიუტევა თავის თანამონას და რომელსაც იმდენივე ეპატია, რამდენიც ჩვენ. უფლისაკენ მიმავალ გზაზე უპატიებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება, რომ თავად აღვმართოთ ჩვენსა და უფალს შორის. პატიობდე, ნიშნავს, აცნობიერებდე შენს ცხოვრებას ქრისტემდე, ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს და შენს სიცოცხლეს ქრისტეში; ხედავდე შენს თავს და გარშემო მყოფებს ღვთის სიტყვის პერსპექტივაში.

უფალი ამბობს: „ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები. ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს.“ (მარკოზი 11:25-26).

უფლის დავალება მკაფიო და ნათელია. როდესაც ვილოცებთ, უნდა ვაპატიოთ. თუ ვერ შევძლებთ პატიებას, ეს ლოცვა ისევ ჩვენ დაგვდებს მსჯავრს.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: „რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ?“ პასუხი უბრალო და მარტივია: „რამდენჯერაც ვლოცულობთ.“ რამდენჯერ უნდა ვილოცოთ? უფლის სიტყვა ამბობს, რომ გამუდმებით. „ილოცეთ განუწყვეტლივ“ (1 თესალონიკელთა 5:17).  რანაირად შეიძლება, ვილოცოთ განუწყვეტლივ? განა ეს შესაძლებელია? სინამდვილეში გამუდმებით ლოცვა ნიშნავს ლოცვით მდგომარეობაში ყოფნას. გამუდმებით ლოცვა კი ნიშნავს, ყოველთვის შეგვეძლოს პატიება. შეუძლებელია, ვიყოთ განუწყვეტელ ლოცვით მდგომარეობაში, პატიების უნარის გარეშე. შესაბამისად, თუ გვსურს, ვიყოთ ლოცვის მდგომარეობაში, ასევე მოგვიწევს, რომ ადვილად შეგვეძლოს პატიება.

Loading...