პატიება

0 495

პატიება არის გადაწყვეტილება, დაივიწყო ყოველგვარი ცუდი, რაც შენ მიმართ ჩაუდენიათ. და ამავე დროს არ უნდა გინდოდეს მასზე შურისძიება ან რაიმე ცუდი. შენ მის მიმართ გული თავისუფალი უნდა გქონდეს და არ იყო ნაწყენი და დაბოღმილი.

პატიება არის ცალმხრივი და უპირობო.

ცალმხრივი ნიშნავს, რომ შენ პირადად შენს შინაგანში უნდა აპატიო და არ დაელოდო მის მობოდიშებას და არ უნდა თქვა:

“ბოდიში მომიხადოს და მერე ვაპატიებ.” ან: “არ დაუმსახურებია და არ ვაპატიებ.”

უპირობო ნიშნავს, რომ არანაირი პირობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ აპატიო.

საჭირო არ არის, დაიმსახუროს პატიება, რომ ვაპატიოთ.

ვპატიობთ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვენი მდგომარეობისთვის არის კეთილი და სასურველი.

იმიტომ, რომ იესომ გვასწავლა “მამაო ჩვენო”-ში ასე ლოცვა: “მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა” (მათეს სახარება 6:12).

სადაც “ვითარცა” ნიშნავს: “როგორც”.

ანუ ასე ილოცეთო: ისე მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს.

პეტრემ ჰკითხა იესოს: “რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას, შვიდჯერ?”

იესომ უპასუხა: “სამოთდაათგზის შვიდჯერ” (მათეს სახარება 18:21-22),

ანუ 490-ჯერ.

ახლა წარმოიდგინე, ერთ დღეში ერთმა და იმავე ადამიანმა შესაძლოა 490-ჯერ გაწყენინოს?

მაშინ ყოველ 3 წუთში უნდა გაწყენინოს და ამის შანსი არ არის.

ასე რომ, ამით გვასწავლის – სულ ვპატიობდეთ.

იმიტომ, რომ პატიება – ეს ჩვენთვისაა, ჩვენი სულის კარგი მდგომარეობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის.

თვით იესომ სიკვდილის წინ თქვა: “აპატიე მამა, რადგან არ იციან, რას ჩადიან.”

წარმოიდგინე, ხალხი, ადამიანები, რომლებიც თვითონ ღმერთმა შექმნა, აგინებენ, აფურთხებენ, სცემენ, აუგს ამბობენ, ცილს სწამებენ და ჯვარზე აკრავენ დამცირებულს, თვით ღმერთს, ცოცხალს და ამდენი რამის შემდეგ იესო ამბობს: აპატიეო, მამა.

ხედავ, რამხელა სიყვარულია?

მან მაშინვე გვაპატია!!! მაშინვე!!! მიუხედავად იმისა, რომ არავინ იმსახურებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი არ იყო არც ერთი მათგანი ამის. არც ჩვენ.

მაგრამ მას ვუყვარვართ და ამხელა მაგალითი დაგვიტოვა პატიების და მიტევების.

და ჩვენ რა უფლება გვაქვს, უპატიებლობაში ვიყოთ?

უპატიებლობით ვერ მივალთ მამასთან.

გული უნდა გაითავისუფლო და იესოს დაუთმო.

და უმთავრესი, რაც არის: პატიება ჩვენთვის რთულია, მაგრამ ამის ძალას თვით იესო გვაძლევს! მის გარეშე არაფერი შეგვიძლია. მის გარეშე არარაობა ვართ.

ხლა უნდა დადგე ღმერთის წინაშე და ილოცო, რომ ღმერთმა მოგცეს პატიების ძალა.

მაგრამ ასევე, უნდა დაანახვო ღმერთს, რომ შენ მთელი გულით გაქვს გადაწყვეტილი, რომ გინდა აპატიო და აღარ გაუხსენო სხვებს ის, რასაც აპატიებ; რადგან იესო როცა გვპატიობს, ის ივიწყებს ყველაფერს.

ასევე ჩვენც, როცა ვაპატიებთ, უნდა დავივიწყოთ.

ახლა მოქმედებაღა დარჩა.

ილოცე ღმერთის წინაშე!

Loading...