რამდენიმე მცდარი აზრი ვაჟკაცობაზე

0 655

ვაჟკაცი უკან არასოდეს იხევს…

სინამდვილეში უკან დახევას, ბოდიშის მოხდას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას მეტი ვაჟკაცობა სჭირდება და მოაქვს მეტი გამოცდილება, მეტი ავტორიტეტი და სანდოობა ხალხის თვალში, ვიდრე სიჯიუტეს და საკუთარი აზრის ჯიუტად გატანას.

ვაჟკაცი არავის ემსახურება…

სამყაროში უდიდესმა ვაჟკაცმა, უფალმა იესო ქრისტემ, შეხედა თავის მიმდევრებს, როცა ისინი დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი, ვინ ვის მოემსახურებოდა და პატივს მიაგებდა. ამის შემხედვარემ აიღო წყლით სავსე სათლი, წელზე შემოირტყა ნაჭერი, მივიდა თითოეულ მათგანთან, მუხლზე დაიჩოქა და სათითაოდ დაჰბანა ფეხები მათ და შემდეგ უთხრა: “თქვენ შორის ვისაც სურს, რომ ყველაზე დიდი იყოს, ის იყოს ყველას მსახური.” ამ ქმედებით მაცხოვარმა დაამსხვრია თითოეული მათგანის წარმოდგენა ვაჟკაცობაზე. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთს ვემსახუროთ, არის სისუსტე, კომპლექსი და არასრულფასოვნება. სუსტია ის, ვისაც ჰგონია, რომ მას უნდა ემსახურონ.

ვაჟკაცი და ხმაური…

ბევრს ჰგონია, რაც მეტს იხმაურებს, უფრო გულადი გამოჩნდება. რაც უფრო დემონსტრაციული იქნება ხალხის თვალში, უფრო აიმაღლებს ავტორიტეტს. ხმაური მართლაც მოქმედებს, როცა გინდა, რომ წიწილები დააფრთხო, მაგრამ ვაჟკაცობა უფრო ღირსეული ცნებაა, რომელიც გამოიხატება ჩვენს დამოკიდებულებებში, ღირსებაში, ერთგულებაში, შეწყალებაში, დახმარებაში, აშენებაში და არა ნგრევაში, გამთელებაში და არა გაფუჭებაში, ურთიერთობების აღშენებაში და არა დანგრევაში, პატივისცემაში და არა ქედმაღლურ საუბრებში.

P.S. ვაჟკაცობა არ არის ხმაური, სიჯიუტე, ფეთქებადობა და ბატონობა. ეს ჩვენი ხასიათი, დამოკიდებულებანი და ღირსებანია ადამიანთა წინაშე.

Loading...