რა ღირს ადამიანი?

The man is begging for money, because of hunger.
0 34
„გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება, ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყოველგან, იმერეთის სამეფოს არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი… ადამიანის ღირებულება არაფრით არ გაიზომება… ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”. (ნიკო ლორთქიფანიძე)

ერთხელ, ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე, რომ მინერალები, რომლებისგანაც შედგება ადამიანი, 2 დოლარის ღირებულებას შეადგენს… მეცნიერებისთვის 2 დოლარის ღირებულების „მტვრის გროვა“ ვიღაცისთვის მთელი სამყაროა, ვიღაცისთვის − დროის მცირე ნაწილი, ვიღაცისთვის − ყველაფერი და ვიღაცისთვის კიდევ არაფერია…

და მაინც, რა ფასი აქვს თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში? რატომ ვცდილობთ გამუდმებით საკუთარი ღირსების წარმოჩენას, რატომ გვსურს შეგვამჩნიონ და დაგვაფასონ? რატომ გვინდა, რომ ვგრძნობდეთ საკუთარ მნიშვნელოვნებას ? ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ „ვიყოთ“, მერე ასევე ბევრს ვშრომობთ, რომ „გვქონდეს“ და გარკვეულ საფეხურზე შეჯიბრებას ვიწყებთ გარშემო მყოფებთან… და ასე, დაუსრულებლად დავდევთ საკუთარი „ღირსების“ შეგრძნებას…

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ თანასწორობაზე, მაინც ყველაზე უთანასწორო სამყაროში ვცხოვრობთ. მაინც ვყოფთ ადამიანებს ცუდებად და კარგებად; თეთრებად და შავებად; წარმატებულებად და წარუმატებლებად; ღირსეულებად და უღირსებად… მაინც გვინდება საუკეთესო ადგილი შევთავაზოთ მდიდრულად ჩაცმულ ადამიანს და ჭუჭყიანი მაწანწალის დანახვაზე მკვეთრ ზღვარს ვავლებთ ჩვენსა და მას შორის, თითქოს თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენ მის ადგილას არ ვართ… არადა შეიძლება ვყოფილიყავით… ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ვალუტასავით „ვუფასურდებით“, ან პირიქით, თითქოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვიძენთ, თუკი რაიმე წარმატებას ვაღწევთ.

ტალახში ჩავარდნილ მონეტას ფასი არ ეკარგება! მისი ღირებულება იგივეა! მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნიერებისთვის რა ფასი გაქვს, რომელ კატეგორიას თუ სოციალურ კლასს ეკუთვნი… შემოქმედისთვის შენ ის ხარ, ვისთვისაც საკუთარი, მხოლოდშობილი ძე გაწირა: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). მას შეუძლია გაგვწმინდოს ყოველგვარი ცოდვისგან და ფეხზე წამოგვაყენოს მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი დაკარგული გვგონია.

მნიშვნელობა არ აქვს „რა ღირხარ“ დღეს, როგორ გაფასებს საზოგადოება, ან საკუთარი თავის თვალში როგორ „გაუფასურდი“… იცოდე, რომ შენ უნიკალური ხარ, ერთადერთი და ძვირფასი. შენ იგივე ფასი გაქვს, რაც იესოს, რადგან სიცოცხლე გაგიცვალა ჯვარზე. ნუ დაიჯერებ, რომ ტალახიან მონეტას ფასი არ აქვს, რადგან „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8).

Loading...