რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

0 98

ვის უჭირავს შენი ურთიერთობების სადავეები?

სიკეთით არიან ისინი მართულნი თუ მხოლოდ ზიანი მოაქვთ შენთვის?

როგორ ფიქრობ, ტკივილი, შიში, ეჭვები უფლის კეთილი ნებაა? ან იმედგაცრუება, რომელიც კარს უხსნის ეშმაკს, რომ თავისი ბინძური აზრებით აავსოს ადამიანი, სასურველია უფლის თვალში? სრულყოფილია ყოველი ის ქმედება, რომელიც შინაგანად განგრევს და სამყაროსადმი უნდობლობას ბადებს შენში? რომელიც ყველაფერ ღვთიურსა და კეთილს აქრობს, ფუნქციას უკარგავს და სპობს?!

ვის აძლევ უფლებას, რომ იუფლოს მათზე?

შეგიძლია, დაინახო, რომელი ემოციით ხარ სავსე? რა განაპირობებს შენს ამგვარ დამოკიდებულებას ყველასადმი?

ვინ ან იქნებ რა არის განმკარგველი შენი განწყობისა?

უმარტივესია სხვაზე განაწყენება, გადაბრალება, შეცდომების დანახვა, მაგრამ რა შეგიძლია, როდესაც საქმე პირადად შენ გეხება?

აღიარებ, რომ დამნაშავე შენც ხარ? მანამდე კი დანახვა არის საჭირო…

იქნებ უბრალოდ დაჭრილი ხარ და აღარავინ არ გსურს. გინდა, რომ შეწყვიტო ყველასთან ურთიერთობა და შენ და ღმერთი დარჩეთ მხოლოდ. უფალი არ გიღალატებს, ფუჭად არ დაგელაპარაკება და ზიანს არ მოგაყენებს.

გასაგებია…

მაგრამ მაინც, რისთვის შექმნიდა ღმერთი ევას, თუკი ადამის მარტო ყოფნა მისაღები, კარგი იქნებოდა?

რისთვის გადაარჩენდა ნოეს ოჯახს, თუკი ადამიანთა სიცოცხლე არ ენდომებოდა?

რატომ გამოიყვანდა ებრაელ ერს ოთხასწლიანი მონობიდან, თუკი ტკივილი თავისი ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა? 

ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, რა მიზეზით გაეკვრებოდა ქრისტე ჯვარზე, თუკი შენი ეულად და მარტოსულად ყოფნა ენდომებოდა? სიბნელესა და ტკივილში დაგტოვებდა?!

აზრები, რომლებიც უარყოფითად აისახება თითოეულზე, მოდის ბოროტისგან. ერთგვარად, თითქოს სასიამოვნოა ამაზე ფიქრი, რადგან საკუთარ თავს იბრალებს ადამიანი, იცოდებს და უცოდველი გამოჰყავს. ეპატიჟება ასეთ დროს ეშმაკს და მის ჩახლართულ გზებს, რომ მან მართოს მისი ფიქრები, აზრები და „სცეს ნუგეში.“

თუმცა ფაქტია, რომ საბოლოოდ ყველაფერი არასასურველად მთავრდება. ადამიანს ორი არჩევანი აქვს, ტკივილისა და იმედგაცრუების შემდეგ: ან სიყვარული ჩაკლას თავისში და ამით დაკარგოს ნაწილი თავისი შინაგანისა, ან სთხოვოს უფალს უნარი, რომ ქრისტეს სიყვარულით შეიყვაროს თავისი გამანაწყენებელი. გატკენენ ხშირად, მაგრამ არანაკლებს იზამ შენც. მთავარია სიწრფელე… 

თუკი გადაწყვეტ სიყვარულს, უხვად მოგცემს იესო, ვინაიდან „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.“ მან შენზე ბევრად უარესი გამოცადა და იმაზე უკეთ ესმის, ვიდრე შენ უგებ შენს საკუთარ თავს.

აპატიე, რომ გეპატიოს.

გადადგი ნაბიჯი და გაუხსენი გზა უფლის კურთხევას შენდამი.

ნუ დანებდები ბოროტს!..

Loading...