როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო? – წერილები ღმერთს

Dramatic religious photo illustration of Good Friday and Easter Sunday Morning reflecting a prayerful moment of silence with a silhoutted person bowing his head, a warm sunrise rises over a foggy lake, and three crosses on a hill reflected in the water as well.
0 31

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს, სიბრალულით იხსენებენ შენს წამებასა და ჯვარცმას, მე კი არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ, როცა მივიწყებულ ღმერთს ტრადიციის გამო იხსენებენ, ან რას გრძნობ შენ, როცა მთელი „ქრისტიანული“ სამყარო შენ მოსანახულებლად ისე მოდის, როგორც თავშესაფარს მიბარებულ მოხუცთან…

არავის ესმის, ვერავინ ხვდება, სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს დღე შენთვის და მეშინია იმის გააზრება, რომ მათ შორის მეც ვარ, დღემდე ვერაფერი გამიგია…

კვლავ ბევრი კითხვა მაქვს…
რას გრძნობდი, როცა ფეხს ჰბანდი უღირსთ?
რა ხმა გამოსცა პურის გატეხვამ?
რა გემო ჰქონდა შენ მიერ შესმულ ღვინოს?
შენ რას ხედავდი პეტრეს თვალებში, როცა დაიფიცა, რომ არ გაგცემდა?
რა ფერი ჰქონდა იმ ღამით შენს ცას?
რას გამოთქვამდა შენი ბაგენი?
რის ამოოხვრას ლამობდა სული, რის თქმას ცდილობდა ოფლით და სისხლით?
როგორ ეძინათ მათ, ვინც ვერ შეძლეს, ეფხიზლათ შენთვის?
როგორ შეეხო შენს წმინდა სახეს იუდას ბაგე?
რას გრძნობდი, როცა გასამართლებდნენ უსამართლონი?
როგორ შეძელი მორჩილება მათი სასჯელის?
რატომ დატოვე უპასუხოდ პილატეს კითხვა?
შენც გსურდა, ხალხთან ერთად გეყვირა „ბარაბა“?
როგორ დაიტიე ტკივილი და სიყვარული ერთად?
შენთვის რას ნიშნავდა ეკლის გვირგვინით მეფედ კურთხევა?
როგორ შეძელი გრძელი გზის გავლა?
როგორ შეეხო ლურსმანი ხელებს?
რა გემო ჰქონდა ნაღველნარევ ძმარს?
როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო?
რად მიგატოვა მამამ გოლგოთას?
რა ფასი დაჯდა ფრაზა „აღსრულდა“?

ბევრი კითხვა მაქვს, უფალო, ისევ…
ეს ყველაფერი მართლაცდა რისთვის?
ვისთვის, უფალო…
ჩემთვის?
ჩვენთვის?

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს…

Loading...